ამ დროისთვის ქვეყანაში გრიპის ვირუსის 144-მდე შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 6 ადამიანი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. როგორც მათ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა. გრიპის ვირუსის 144-მდე დადასტურებული შემთხვევიდან, 140 H1N1 ვირუსია, ხოლო დანარჩენი – H3 ვირუსი.
გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე სეზონზე გართულებული შემთხვევების ზრდის დინამიკა შეინიშნება. “არის გართულებული შემთხვევების ტენდენცია, როდესაც აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია და შესაბამისი ინტენსიური ანტივირუსული მკურნალობაა საჭირო. ასეთი შემთხვევების მონაცემები შარშანდელთან შედარებით მომატებულია, თუმცა თითქმის იგივეა, რაც შარშანწინ იყო. “მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გრიპის ვირუსი გამოჩნდა, 95% შემთხვევებში H1N1 ცირკულირებს. ამიტომ ჩვენი მოსახლეობისადმი მოწოდება და რეკომენდაციები არის პროფილაქტიკის მიზნით აცრა”,- აღნიშნა მან.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, ვირუსის დაფიქსირების შემთხვევაში ოჯახის ექიმს მიმართონ და ჰიგიენის ნორმები დაიცვან.