კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს ხელი მოაწერა. ისტორიული ცერემონია დღეს სტამბოლში, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში შედგა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ხელის მოწერამდე ეკლესიაში უკრაინის ეკლესიის ახლადარჩეულ წინამძღოლ ეპიფანესთან ერთად მოკლე ლოცვა უკრაინულ ენაზე აღევლინა. ცერემონიას მეუღლესთან ერთად ესწრებოდა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.
მღვდელთმსახურების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა თავის რეზიდენციაში უკრაინის პრეზიდენტი და მიტროპოლიტი ეპიფანე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს უკრაინის ახლად დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.