„გვსურს გამოვეხმაუროთ იმ პროცესს, რომელიც დაიწყო საქართველოში უკვე მეხუთე დღეა, და რატომღაც ხელისუფლებამ ამას საპენსიო რეფორმა დაარქვა. არანაირი კავშირი ამას საპენსიო რეფორმასთან არა აქვს. ეს არის ჩვეულებრივი მძარცველური სქემა, რომლის მიზანია ამ გაღატაკებული ქვეყნიდან და ამ ქვეყნის ღატაკი მოსახლეობის ჯიბეებიდან ამოიღონ დამატებით ფული. ჩვენ დეტალურად ვსწავლობდით ამ სქემას მის ამოქმედებამდე, და, სამწუხაროდ, ვართ ღრმად დარწმუნებულები, რომ ეს სქემა იმდენად ბუნდოვანი და საეჭვოა, რომ როგორც წლების წინ ვანო ჩხარტიშვილმა ჩვენი ბებიები და ბაბუები დატოვა ანაბრების გარეშე, ზუსტად ასე “ქართულ ოცნებაში” ახლა გამოჩნდება ახალი ვანო ჩხარტიშვილი, რომელიც 20-25 წლის შემდეგ ამ დაგროვებული პენსიის გარეშე დატოვებს საქართველოს მოსახლეობას. ამას სხვას ვერაფერს დავარქმევთ, ყაჩაღობის და ძარცვის სისტემის გარდა. თუკი ოდნავ ადეკვატურობა მაინც შერჩენია ხელისუფლებას, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ამ პროცესის შეჩერება, ადეკვატური მსჯელობის გამართვა და შემდეგ მოსახლეობისთვის ნორმალური სისტემის შეთავაზება”, – ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდება 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითი იქნება. ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, თუმცა მოქალაქეს მხოლოდ 2%-ის გაღება მოუწევს – 2-2%-ს დამსაქმებელი და სახელმწიფო ჩარიცხავენ.

გაზიარება