ტამიფლუ სერიოზული პრეპარატია, რომელიც მოსახლეობამ გრიპის ვირუსის გართულების შემთხვევაში მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს-ამის შესახებ  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშამ განაცხადა.

„ზოგ ქვეყანაში ექიმები მხოლოდ განსაკუთრებული მდგომარეობის შემთხვევაში ნიშნავენ ტამიფლუს. ტამიფლუ არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, რომელიც მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ.ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ.”

მისივე თქმით, გარდა აღნიშნული წამლისა, მოსახლეობას ვაქცინაციის ჩატარებაც შეუძლია.

“არ გეუბნებით, რომ ვაქცინაცია ახლა ძალიან დაგვიანებულია, თუმცა მის ამოქმედებას ორი კვირა მაინც სჭირდება. საუკეთესო პერიოდი ვაქცინაციისთვის არის გვიანი შემოდგომა, ოქტომბერ-ნოემბერი, ეს არის საუკეთესო პრევენცია. ვაქცინები დარჩენილია და მოსახლეობას შეუძლია, ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუმცა შესაძლოა, მან მუშაობა ვერ მოასწროს. რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, საქართველოში ეს ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორც არის რეგიონის სხვა ქვეყნებში, არაფერი განსაკუთრებული ამ ეტაპზე არ ხდება“.

Please follow and like us: