ისნის რაიონში, ავლაბრის ტერიტორიაზე, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე, გზის 410-მეტრიან მონაკვეთზე წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეიცვლება და წყალარინების სისტემა მოწესრიგდება.

სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის  შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასრულებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გამგეობა გზის რეაბილიტაციას განახორციელებს.

მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევი რაიონში ერთ-ერთი პრობლემური ქუჩაა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში, როგორც წყალმომარაგების, ასევე გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა.

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პროექტის დეტალები გააცნო.

„წლის პირველივე რიცხვებში პრობლემური ქუჩების მოწესრიგებას შევუდექით, რომლებიც გასულ წელს დეტალურად შევისწავლეთ და მათი რეაბილიტაცია დავგეგმეთ. ერთ-ერთი ასეთია ავლაბარში, მთისძირის მეორე შესახვევი და  ნავთლუღში, ციხისძირის ქუჩა თავისი ჩიხებით და შესახვევებით, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც უახლოეს მომავალში დავიწყებთ. მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია პრიორიტეტული იქნებოდა. მადლობა კომპანია GWP-ს, იმისთვის, რომ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და შესაბამისი სამუშაოები დროულად დაიწყო. სამუშაო პროცესში მაქსიმალურად ჩართული ვარ, რათა პროექტი შეუფერხებლად და წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობა მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევში საგზაო სამუშაოებს მომავალი თვიდან დაიწყებს.

 

Please follow and like us: