საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით , ნოდარ ხადური საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები: საერთაშორისო სავალუტო ფონდის განმკარგულებელი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორებთან: მენო შნელთან და მეგ ლუნდსაგერთან, სსფ-ის შუა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორთან, მასუდ აჰმედთან, აგრეთვე მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ფრანკ ჰემსკერკთან, ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან, ლორა ტაკთან, მრავალმხრივი საინვესტიციო გარანტიების სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტთან, კეიკო ჰონდასთან, სსფ-ის ინსტიტუტის დირექტორთან, შარმინი კურეისთან.
აგრეთვე, გაიმართება მოლაპარაკებები საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-სა და საინვესტიციო კომპანია J.P Morgan-ის წარმომადგენლებთან. შედგება ფინანსთა მინისტრის შეხვედრა Doing Business-ის ხელმძღვანელობასთან.
სამუშაო ვიზიტის დროს, საქართველოს ფინანსთა მინისტრს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენთან ტაკეჰიკო ნაკაოსთან (Takehiko Nakao) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორთან თურქეთში, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ოლივიე დაკამთან, აგრეთვე, ევროსაბჭოს ბანკის (CEB) მმართველთან რალფ ვენცელთან.
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის პროგრამა ითვალისწინებს პლენარულ სესიებს, კონფერენციებსა და სემინარებს, რომლის დროსაც განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა: მსოფლიო ეკონომიკის მიმოხილვა, გლობალური ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, განვითარებადი ბაზრები და მათი განვითარების პერსპექტივა, აღნიშნულ ბაზრებზე ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ძირითადი ფაქტორები და ა.შ.
ფინანსთა მინისტრთან, ნოდარ ხადურთან ერთად, დელეგაციაში იმყოფებიან მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავა და შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი.
08.10.13