საქართველოში განათლების მიღების უამრავი საშუალება არსებობს, მათ შორის კერძო თუ სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ფაკულტეტების ფართო არჩევანს სთავაზობენ ახალგაზრდებს.
როგორია სწავლის ხარისხი, რამდენად არის იგი გადახდილი თანხის ადეკვატური და იქნება თუ არა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სამუშაო ბაზარზე გამოსადეგი – ეს ის კითხვებია, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ არა მხოლოდ სტუდენტებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც.
ბიზნესის მართვა და ადმინისტრირება ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებაა. ყოველწლიურად იზრდება სტუდენტების რიცხვი, რომლებიც სწავლას ბიზნესის რთული, მაგრამ საინტერესო სფეროს შესასწავლად იწყებენ.
როგორია ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლების ხარისხი? რამდენად კმაყოფილები არიან მიღებული ცოდნის დონითა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობებით კერძო უნივერსიტეტის სტუდენტები ? ამ კითხვებით „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა და გთავაზობთ სხვადასხვა უნივერსიტეტს სტუდენტების შეფასებას.
ნინა მისრიაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, მეოთხე კურსი
„თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. ბევრს მაძლევს ჩემი ფაკულტეტი და ის საგნებიც, რასაც გავდივარ, კარგად შედგენილი სასწავლო მასალები და პროგრამებია. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ უნივერსიტეტს ჰყავს კომპეტენტური ლექტორები, რომლებიც ცდილობენ არ ჩამორჩნენ თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებს, ამიტომ, მათთან ერთად ჩვენც მუდმივად ვვითარდებით.
პირველი კურსიდან სხვადასხვა მიმართულების საგნებს გავდივართ. ეს საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანია ზოგადი ცოდნის კუთხით, რადგან საშუალება გვაქვს გავეცნოთ სხვადასხვა მამართულებას, განსხვავებული სფეროდან.
გარდა ამისა, ხშირად ეწყობა დასაქმების ფორუმი. სტუდენტებს საშუალება აქვთ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს, გაუზიარონ თავიანთი ინტერესები და მიიღონ შესაბამისი შემოთავაზებები.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სწავლების ხარისხით კმაყოფილი ვარ,არსებობს ისეთი დეტალები, რომლებიც უნივერსიტეტის გამოწვევად დღემდე რჩება. ერთ-ერთი მათგანი მოუქნელი სასწავლო გრაფიკია. უნივერსიტეტი მეტს უნდა ეცადოს, მაქსიმალურად მოარგოს ცხრილი სტუდენტების გრაფიკსა და ინტერესებს. როდესაც მეოთხე კურსის სტუდენტს სწავლასთან ერთად მუშაობაც უწევს, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ადმინისტრაციამ და მოგვცეს საშუალება თავისუფლად ავირჩიოთ ის ცხრილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს სამსახური და სწავლა ერთმანეთს შევუთავსოთ. მნიშვნელოვანი პრობლემა დროში გაწელილი ფინალური გამოცდებია“.
ლუკა ალავიძე, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი , მეორე კურსი
„დარწმუნებით ვიტყვი გვასწავლიან ძლიერი, გამოცდილი ლექტორები, რომელთა უმრავლესობა პრაქტიკოსია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ლექტორის უნარს მართოს აუდიტორია და არ შემოიფარგლოს მხოლოდ წიგნში მოცემული მასალით.მაღალი დონის სწავლებაზეა მოთხოვნა, აუდიტორიები ტექნიკურად გამართულია, დერეფნებში რამდენიმე თავისუფალი ლეპტოპია და ბიბლიოთეკა უზრუნველყოფს ჩვენი მასალებით მომარაგებას.
მომწონს ასევე, რომ ჩვენთან მხოლოდ აკადემიური მოსწრების მიხედვით არ ფასდება სტუდენტი. მაგალითად, სტიპენდიის აღება ხდება ქულის, ინგლისურის დონისა და აქტივობების გათვალისწინება. შესაბამისად, მხოლოდ მაღალი აკადემიური მოსწრება წარმატების გარანტი არაა. ფაკულტეტზე საინტერესო პროექტია თუნდაც Business Solution სადაც 4-5 სტუდენტი ქმნის გუნდს და შემდეგ ერთმანეთს ვეჯიბრებით რეალურ სიტუაციებზე დაყრდნობით ვინ უფრო ეფექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს და გამონახავს შექმნილი სიტუაციიდან ეფექტურ გამოსავალს. შემდეგ ვხვდებით პრაქტიკოს ბიზნესმენებს, რომელ მაგალითებზეც მოგვიწია მუშაობა. ჩემთვის ეს საჭირო გამოცდილებაა, აუდიტორიის შიშის მოხსნა და ბევრი სხვა.
ალბათ სხვა უნივერსიტეტებშიც ხდება მაგრამ, საკმაოდ ბევრი ალტერნატივა გვაქვს სტუდენტებს მონაწილეობა მივიღოთ ფაკულტეტის სხვადასხვა აქტივობებში. ხშირად ისეა, რომ არჩევანი იმდენია, ვერ ვახერხებთ სტუდენტები ყველა ღონისძიებაში ჩართულობას და ჩვენი პრიორიტეტების მიხედვით ვარჩევთ. ეს იქნება კონფერენცია, შეხვედრები დარგის სპეციალისტებთან, ბიზნეს თამაშები, გასვლითი ღონისძიებები, საერთაშორისო პროექტები თუ სხვა.
რაც შეეხება გაუმჯობესებას – არჩევითი სასწავლო კურსები, მეტი რეკრეაციული სივრცე სტუდენტებისთვის, კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული კომპონენტები სწავლისას და ბიზნეს-ინკუბატორი სტუდენტების იდეებისთვის.
ერთი ძლიერი მხარე რომელიც საბაუნის გამოარჩევს სხვებისგან, არის დადებითი ემოცია, რომელის უნივერსიტეტიდან მოდის, გარემო რომელშიც თავს გრძნობ კომფორტულად.“
მარიამ ყავლაშვილი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი, მესამე კურსი
„ჩემი არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობას. მისი მიზანია, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.
სასწავლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნის მიღებას, რაც გვეხმარება ბიზნესში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის საჭირო უნარების შეძენაში. „გაუს“ ჰყავს მაღალკვალიფიციურ პროფესორთა გუნდი, რომელიც გვეხმარება საფუძვლიანად შევისწავლოთ ბიზნესის ძირითადი მიმართულებები და დავეუფლოთ ბიზნესის ენას.
სწავლების პროცესში არ შევცვლიდი ბევრს არაფერს, რადგან პროფესორები ორიენტირებულები არიან იმაზე, რომ სიახლეები შესთავაზონ სტუდენტებს და განავითარონ სისტემა ყოველწლიურად.
ვფიქრობ, რომ მიღებული განათლება და ცოდნა, ის უნარ-ჩვევები, რასაც დავეუფლე, დამეხმარება სამომავლოდ კარიერულ წინსვლასა და ჩემი ადგილის დამკვიდრებაში საზოგადოებრივ ცხოვრებაში“.
კარლ შენგელია, კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა, მეოთხე კურსი
„ვფიქრობ, რომ კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტს შეუძლია ხარისხიანი განათლება მიიღოს თუ ამის სურვილი თავად ექნება. უნივერსიტეტი იძლევა ამის კარგ პირობებს. მომწონს ის, რომ მიუხედავად უნივერსიტეტის გაფართოებისა სწავლის ხარისხი მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.
თუმცა, არსებობს პრობლემები, რის შეცვლასაც ვისურვებდი. პირველ რიგში, სასურველი იქნება, უფრი მეტი კომუნიკაცია იყოს სტუდენტებსა და თუნდაც დეკანებს შორის. უფრო მეტად შეუწყონ ხელი და დაეხმარონ სტუდენტებს სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში.გამართონ აქტივობები, რომლებშიც ყველა ფაკულტეტის სტუდენტს საშუალება ექნება მიიღოს მონაწილეობა, გაცვალოს აზრები და შეხედულებები მათთვის საინტერესო თემების ირგვლივ.
რაც შეეხება განათლების გამოყენებას პრაქტიკაში, სამუშაო პირობებში ეს უფრო მეტად სტუდენტის უნარებზეა დამოკიდებული. გამორჩეულ სტუდენტებს უნივერსიტეტი უწევს რეკომენდაციას დამსაქმებელთან. ეს კი მათ ძალიან ეხმარებათ სასურველ ადგილას დაიწყონ მუშაობა”.
მარიამ ადამაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის მართვის ფაკულტეტი, მეორე კურსი
„ მაღალკვალიფიციური ლექტორები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, როგორც ევროპული დონის განათლების მიღების შესაძლებლობის მქონე უნივერსიტეტის, ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტია. მომწონს, სწავლების მეთოდები, მრავალფეროვანი დავალებები და არამოსაწყენი თეორიები.
მომწონს, გასაოცარი წიგნები, რომლითაც გავდივართ მასალას, ასევე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე დიდია, სწავლის დროს მაქსიმალურად გვიწყობს ხელს და ყველა საჭირო მასალით გვამარაგებს. ძალიან კარგია ასევე დროულად ატვირთული ქულები, მასალების მოწოდების ხარისხი.
სწავლება სტუდენტებზე მაქსიმალურად ორიენტირებული და თეორიული და პრაქტიკული დავალებები სწორი პროპორციულობითაა განაწილებული. თუმცა ვისურვებდი, რომ უფრო მეტი პრაქტიკული დავალება და გასვლითი აქტივობა გვქონდეს, რაც ხელს შეუწყობს ჩვენს პროფესიულ ზრდას და განვითარებას. დავგეგმავდი მეტ შეხვედრას უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებთან, იმედია ამ კუთხით შეიცვლება მდგომარეობა.
„იბსუს“ ლექტორები მუდამ მზად არიან უპასუხონ სტუდენტების კითხვებს ლექციებზე და საკონსულტაციო საათებში. ასევე, უსმენენ სტუდენტთა იდეებს და მხარს უჭერენ მათ წამოწყებებს თუ ინიციატივებს, რაც ძალიან კარგი და დასაფასებელია. მომწონს ასევე ის ფაქტი, რომ ბიზნესის ფაკულტეტი და ბიზნესის კლუბი ხშირად მართავს სხვადასხვა ბიზნეს თამაშს თუ სიმულაციას, რაც უფრო მოტივირებულებს გვხდის ჩვენ, სტუდენტებს”.
ანა ურუშაძე