პენიტენციურ დაწესებულებაში 13 იანვარს მსჯავრდებული ბიძინა ცხადაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” აქვეყნებს.

როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, მსჯავრდებულ ბიძინა ცხადაძეს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა და უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში. მათივე ინფორმაციით, პენიტენციური დაწესებულების ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე თუმცა იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ ბიძინა ცხადაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ბ. ცხადაძე N14 პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 13 მაისს იქნა მოთავსებული. დაწესებულებაში მოთავსების დღიდან მსჯავრდებული სათანადო სამედიცინო მომსახურებით იყო უზრუნველყოფილი.

სასჯელის მოხდის პერიოდში ბ. ცხადაძე კონსულტირებულია ექიმი-სპეციალისტების (კარდიოლოგი, ფსიქიატრი. ოფთალმოლოგი, პირველადი ჯანდაცვის ექიმი) მიერ. დაუდგინდა დიაგნოზი – არტერიული ჰიპერტენზია. მოცემული დიაგნოზიდან გამომდინარე, მას მკურნალობა უტარდებოდა კარდიოლოგის და პირველადი ჯანდაცვის ექიმის დანიშნულების შესაბამისად, შემდეგი მედიკამენტებით: ტენოქსი 5მგ. კარდიოასპირინი 300 მგ, ალოხოლი, ნოლპაზა.

13 იანვარს, დაახლოებით 17:50 საათზე მსჯავრდებულს აღენიშნებოდა მაღალი არტერიული წნევა, 200/100, რის გამოც ადგილზე გამოძახებული იქნა სამედიცინო პერსონალი და გაეწია მედიკამენტოზური მკურნალობა. დაახლოებით 18:15 საათზე მსჯავრდებულს კვლავ გაეწია ექიმის კონსულტაცია, დაუდგინდა წნევა 120/80. ვინაიდან მსჯავრდებული უჩიოდა ტკივილს გულ-მკერდის არეში, იგი მოთავსდა პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო ნაწილში და 18:23 საათზე პენიტენციური დაწესებულების ექიმების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის თაობაზე.

18:27 საათზე დაწესებულების ადმინისტრაცია დაუკავშირდა 112-ს. 19:20 საათზე მსჯავრდებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გაიყვანეს პენიტენციური დაწესებულებიდან (წნევა იყო 100/60), თუმცა იგი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა“- განუცხადეს „ინტერპრესნიუსს” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

გაზიარება