დღევანდელი ქართული რეალობა ნამდვილად იძლევა იმის შესაძლებლობებს, რომ ნიჭიერმა ადამიანებმა შეძლონ, საკუთარი მუსიკალური უნარები ურიცხვი რაოდენობის ადამიანისთვის გახდეს ცნობილი. ამ შემთხვევაში, ურთიერთობა ორმხრივია – მსმენელი იკმაყოფილებს საკუთარ მუსიკალურ ინტერესებს და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შემსრულებელი ახდენს საკუთარი რესურსების რეალიზებას. ამ რეალობის კვალდაკვალ, ზოგი მეტად გამორჩეული და საინტერესო ხდება მსმენელისთვის, სხვები კი – ნაკლებად.

სწორედ მუსიკალური პროექტის მეშვეობით გახდა საზოგადოებისთვის მეტად ცნობილი და გამორჩეული გიორგი ცხადაძე. „მხოლოდ ქართული“ მისთვის მუსიკალური კონკურსის პირველი გამოცდილებაა. გუნდში გაუმართლა და ეს პირველი პროექტი წარმატებული და სასიხარულო აღმოჩნდა. საკუთარი გულშემატკივარი მას უკვე თავისი პროფესიიდან გამომდინარე ჰყავდა – მსახიობ გიორგი ცხადაძის პირველი მუსიკალური ნაბიჯები „ერისიონს“ უკავშირდება. გიორგი შვიდი წლის იყო, როდესაც პარიზში, კონგრესის სასახლეში, ათასობით მსმენელის წინაშე იმღერა. სწორედ ამ ფაქტის გამო, ბავშვობა მისთვის განსაკუთრებულად ძვირფასი და დასამახსოვრებელი გახდა. ამავე პერიოდში, ის ხალხურ მუსიკაზე დადიოდა. თუმცა, ამ ეტაპის შემდეგ, მას არსად უვლია. შეიძლება ითქვას, რომ ის თვითნასწავლია, რადგან ვოკალის პედაგოგთან არასდროს უვლია: „უბრალოდ, მიყვარს ქართული მუსიკა და აქამდე ვცდილობდი, ყველაფერი თვითონ მესწავლა“.

მისთვის საინტერესო და სასიამოვნო სხვადასხვა მუსიკალური ჟანრია. საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მას თავისი ფავორიტები  ჰყავდა: „ძალიან მრავალფეროვანია ჩემი „ფლეილისტიც“. ალბათ, უფრო  განწყობის მიხევდით ვირჩევ, რას მოვუსმინო“.

გიორგისა და ქართული მუსიკის გზები ყოველთვის გადაკვეთილია. როგორც უკვე აღინიშნა, მთელი მისი ბავშვობა ქართულ მუსიკასა და „ერისიონს“ უკავშირდება: „ზუსტად ვიცი, რომ მთელი ცხოვრება ქართული მუსიკა ჩემთვის იქნება პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი“.

ბუნებრივია, როცა შენი საკუთარი პროფესია მსახიობობაა, სცენაზე მდგომს ყველა განსაკუთრებული ინტერესით გაკვირდება. როგორც გიორგი ამბობს, ნებისმიერი ტიპის ნომრის შესრულებისას – იქნება ეს თეატრი, თუ – სიმღერა, შესაბამისი და სწორი ემოცია სჭირდება. ის სხვადასხვა რეკლამის გადაღებაში იღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, აქვს სერიალებისა და მუსიკალური კლიპების გამოცდილებაც – ანუ, მსახიობობა მას ძალიან ეხმარება. სპექტაკლებში ის დღესაც აქტიურად მონაწილეობს: „სულ გადარბენებზე ვარ, რომ ყველაფერი მოვასწრო და საქმე ხარისხიანად გავაკეთო“.

„ვგიჟდები ჩემს თეატრზე, ჩემს პროფესიაზე. უკვე მეოთხე წელია,„ახმეტელის თეატრის“ მსახიობი ვარ და, ამ დროის განმავლობაში, არაერთი საინტერესო სპექტაკლის დადგმა შევძელით. გვქონდა ბევრი გასტროლი. მათ შორის, პირველი ქართული თეატრი გავხდით, რომელიც მოხვდა გასვლითი სპექტაკლით ბრაზილიაში. ამავდროულად, 2017 წელს, გავხდი წლის პროდუქტიული მსახიობი ყველაზე მეტი ნათამაშები პრემიერით“.

არც ისე დიდი ხნის წინ, გიორგის გულშემატკივარმა გაიგო, რომ საკუთარ რჩეულს ძალიან უყვარს ინსტრუმენტები და საკმაოდ ბევრსაც ფლობს. მუდმივად ახალ ინსტრუმენტს ეუფლება. დღესდღეობით, ის საყვირს სწავლობს. უახლოეს მომავალში, მის გეგმებში საქსაფონის კარგად შესწავლა შედის.  გარდა ამისა, ბოლო ოთხი – ხუთი თვეა, რაც ხატვა დაიწყო. აქამდე არასდროს არაფერი დაუხატავს. ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ ეყიდა ფუნჯები, ტილო, საღებავი და დაეხატა: „გაუცნობიერებლად, რატომღაც, ისე გამოდის, რომ, ძირითადად, მუსიკოსებს ვხატავ“.თუმცა, ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ გიორგის საჭმელების კეთება უყვარს: „ვამზადებ გასაგიჟებელ სუშის“.

გიორგი და სპორტი:

„ყოველთვის ვცდილობ, ვიცხოვრო  ცხოვრების ჯანსაღი წესით და, ზოგადად, ყოველთვის ვუწევ პროპაგანდას ამას. არ მაქვს, კონკრეტულად,  სპორტისრომელიმე სახეობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება, თუმცა, ძალიან მიყვარს ცურვა, ფრენბურთი, ფეხბურთი. ასევე, განსაკუთრებით მიყვარს ზამთრის სპორტის სახეობები.თუმცა, ამ უკანასკნელს მხოლოდ ტელევიზორში თუ ვუყურებ“.

გიორგი და მეგობრები:

„ბავშვობის მეგობრებთან ერთად, ვერ ვიტყვი, რომ დიდ დროს ვატარებ. თუმცა, ძალიან ძვირფასია ის დღე, როცა ერთმანეთს ვხვდებით. ძირითადად, გავდივართ ქალაქგარეთ, ან  რომელიმე ჩვენგანის სახლში ვიკრიბებით და ვსაუბრობთ ძალიან ბევრს. რაც შეეხება ჩემს თეატრის მეგობრებს – თითქმის ყოველდღიური კავშირი გვაქვს და, მეგობრებად კი არა, უკვე, ოჯახისწევრებად აღვიქვამ ლამის“.

რას ნიშნავს შენთვის შენი გულშემატკივარი?

ყველაზე მაგარი გულშემატკივარი მყავს მეეე. ყველაზე ერთგული, ყველაზე მოსიყვარულე. ვგიჟდები ჩემს გულშემატკივრებზე. მაბედნიერებენ ყოველდღიურად და უდიდეს ენერგიას მაძლევენ, რომ ვაკეთო ჩემი საქმე ისე, როგორც აქამდე არ გამიკეთებია და უფრო მეტი სიახლე შევთავაზო მათ.

რას მიიჩნევ შენს ყველაზე დიდ გამართლებად ცხოვრებაში?

ყველაზე  მეტად გამიმართლა, როცა სცენა აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე.

 

მარიამ ტიელიძე

 

Please follow and like us: