დიდ დიღომში, გაზის გაჟონვის შედეგად მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის პირი, ვისი ბრალეულობაც აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხს აგებს.

„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს, გაზის გაჟონვას მოჰყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. კიდევ ერთხელ, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ჩვენს საზოგადოებას ამ ძალიან მტკივნეულ ტრაგედიას. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცავებს, რომ უმოკლეს ვადაში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინათ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზები. რამდენიმე წუთის წინ მაცნობეს, რომ ამ დროისათვის 2 პირი დაკავებულია, გამოძიება გრძელდება და ყველა ის პირი, რომელიც იქნება გამოვლენილი ამ ტრაგედიასთან მიმართებაში, თუ კიდევ ვინმეს ბრალეულობა გამოვლინდა, გარწმუნებთ, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გაზიარება