დღეს ფეხბურთი ყველასათვის საყვარელი სპორტია, თუმცა იშვიათად საუბრობენ ფეხბურთელ გოგონებზე, რომლებიც მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ და არ უშინდებიან საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს, რომ ფეხბურთი მხოლოდ მამაკცებისთვისაა. „თბილის თაიმსი“ ამჯერად ნინო სუთიძეს ესაუბრა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მიზანდასახული ქართველი ფეხბურთელია.

პირველ რიგში მოკლედ მოგვიყევით თქვენს შესახებ

ბავშვობიდან ვოცნებობდი ნაკრებში თამაშს და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებდი ხოლმე. 14 წლის პირველად “უ17” ში მოვხვდი. ამასთან ფეხბურთის გამო ბევრი რამ დამითმია რაზეც დღემდე ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. 18 წლის ვიყავი, როდესაც საქართველო დავტოვე საზღვარგარეთ კლუბში თამაშის გამო. უნივერსიტეტში აკადემიურის აღებაც მომიწია, რადგან ფეხბურთი იყო, არის და ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი.

 როდიდან გაგიჩნდათ პირველად ფეხბურთისადმი ინტერესი?

ბავშვობიდან სპორტული და აქტიური ვიყავი. ბევრ სახეობაში მიცდია საკუთარი თავი. თუმცა ყველაზე კომფორტულად ფეხბურთზე ვიგრძენი თავი, როცა ჩემს მეგობრებთან ერთად გასართობად გადავწყვიტე სიარული. მაშინ 13 წლის ვიყავი და იმის მერე მივხვდი, რომ ეს იყო საქმე, რომელიც მთელი ცხოვრება უნდ მეკეთებინა.

ზოგადად, არსებობდა სტერეოტიპები, რომ ქალს არ შეუძლია იმავეს კეთება რაც მამაკაცს, თუნდაც ფეხბურთის თამაში. თქვენი აზრი ამის შესახებ და თქვენ თუ გქონიათ მსგავს სიტუაციასთან კავშირი?

დღესაც არსებობს ეგ სტერეოტიპი, თუმცა ნელ-ნელა ვითარდება საზოგადოების ცნობიერება. ამას ჩემზე და ჩემს ოჯახზე გავლენა არასდროს მოუხდენია. პირველი ვისაც ჩემი ფეხბურთელობა უხაროდა დედა და მამა იყო. რა თქმა უნდა, ყოფილან ბავშვები, რომლებსაც მშობლები უკრძალავდნენ თამაშს. თუმცა დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა, რადგან საქართველოშო უკვე 500 მდე პროფესიონალი გოგო ფეხბურთელია. და ხალხის რაღაც რაოდენობა ჩვენი გულშემატკივარი გახდა. რაც ძალიან მიხარია.

როგორც ვიცი, თურქეთის ჩემპიონი თქვენ ვადაზე ადრე გახდით. მოგვიყევით როგორ მოხდა ეს და რა გზა გაიარეთ ამ უდიდესი წარმატების მისაღწევად?

თურქეთის ჩემპიონი ამ ჩემპიონობამდე 2-ჯერ ვიყავი. პირველი ჩატარებული სეზონის მოგება უფრო მკაფიოდ მახსოვს, რადგან პირველი სიხარული უფრო დიდი იყო ვიდრე შარშან. თუმცა, რა თქმა უნდა, გამიხარდა. ეს ხომ ყველა სპორტსმენის მიზანია, წლის საუკეთესოდ დასრულება და საკუთარი თავის და კარიერული შედეგის გაუმჯობესება. ამისთვის მართლაც, რომ ბევრი მაქვს ნაშრომი. ზოგადად, ვთვლი, რომ უანგაროდ საქმის სიყვარული წარმატების საწინდარია ყველა საქმეში.

 რას ურჩევდით დამწყებ ფეხბურთელებს?

დამწყებ ფეხბურთელებს ვურჩევდი, რომ არასდროს იზარმაცონ. რა თქმა უნდა, ნიჭი  მნიშვნელოვანია, მაგრამ შრომისმოყვარეს გარეშე ნიჭი არაფერია.

ორიოდე სიტყვით გვიამბეთ თქვენს სამომავლო გეგმებზე

სამომავლო გეგმები ფეხბურთელობასთან ერთად მწვრთნელობაა. მომწონს ეს საქმე. „უეფას“ C და B ლიცენზიის მფლობელი ვარ და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. მოკლედ, მიზანი დიდია და იმედია ჩემი მიზნები და გეგმები გამიმართლებს.

ნინი ჭრიკიშვილი

Please follow and like us: