ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი 16 წლის გოგი ძველაიას ოჯახის წევრები სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის სენაკში ჩასვლას მოითხოვენ.
“სოზარ სუბარს ვთხოვ ჩამოვიდეს სენაკში, მოიყვანოს თავისი ექსპერტი, თუ მას არ გააჩნია ეს თანხა და საშუალება, მაშინ მე ავანაზღაურებ ამას, ერთმანეთს დავუმტკიცოთ სიმართლე, სანამ არ ჩამოვა და არ გაირკვევა ეს საქმე მანამდე ჩემს შვილს არ დავასაფლავებ”, – განაცხადა ძველაიამ.
16 წლის არასრულწლოვანი გოგი ძველაია ქუთაისის მე-2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ გარდაიცვალა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, პატიმარმა თავი მოიკლა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო.
როგორც მინისტრმა განმარტა, არასრულწლოვანი გოგი ძველაია მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა.
“ერთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა არასრულწლოვანის გარდაცვალება. წინასწარი ინფორმაციით, ეს არის სუიციდი. 24 საათიც არ იყო გასული მისი შემოყვანიდან, თუმცა ეს იყო მისი მეორე პატიმრობა. დღის განმავლობაში იგი რამდენჯერმე მოინახულეს. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ნახევარი საათის გასული იყო მისი საკნიდან, როდესაც ეს ფაქტი მოხდა”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
სამინისტროს ვერსიას არ ენდობიან ოჯახის წევრები, ისინი ფოქრობენ, რომ არასრულწლოვანი მოკლულია.
09.10.13