“Piro$money- ში, როგორც ყველა ადამიანში, თანდაყოლილია სევდა, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება და რომელიც გარეთ უნდა გამოუშვა.”
 ნიკა ქუთელიას პროექტი Piro$money მობილურით გადაღებულ ფოტოებს აერთიანებს. მის კოლაჟებში ნახავთ ნაგებობებს შორის მოქცეულ წყალქვეშა სამყაროს, კოსმოსს, ფლამინგოს… კოლოსალურ ტიტანსაც.
მისი თქმით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ადამიანებმა Piro$money-ის ნამუშევრებში საკუთარი ისტორია დაინახონ.

– მოგვიყევით თქვენ შესახებ… ბავშვობა, ოჯახი, პროფესია… თუ შეგიძლიათ მესაუბროთ, როგორ მიხვედით კოლაჟ-არტამდე, ხოლოვნების სხვა დარგშიც ხომ არ გიცდიათ საკუთარი შესაძლებლობები ?

– დავიბადე ქალაქ სოხუმში, 3 წლამდე იქ ვიზრდებოდი. ომის მერე ჩემი ცხოვრება მოსკოვში გაგრძელდა, სადაც 15 წელი ვიცხოვრე. ბავშობაში ფეხბურთით და სკეიტბორდით ვიყავი გატაცებული და მუდმივად ვვარჯიშობდი. ხელოვნებასთან არანაირი კავშირი არ მქონდა.
Pirosmoney-იც და მუსიკალური მხარე საქართველოში დაიბადა. ყველაფერი იყო სპონტანური. 2017 წელს დავიწყე მობილური ფოტოგრაფია და მაგას მოჰყვა ეს ყველაფერი, რასაც ხედავთ. 90%, რაც გვერდზე მიდევს, არის მობილურით გაკეთებული ედიტინგი.

– პროექტზე რომ გვესაუბროთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ Piro$money ? რატომ Piro$money, პროექტის სახელი რას გულისხმობს?

– Piro$money არის ადამიანი,რომელიც საკუთარ შინაგან სამყაროს გაჩვენებთ. შემიძლია გავაიგივო მუსიკის წერასთან,თითოეულ ნამუშევარში არის ემოცია და ხასიათი. Piro$money გაჩნდა იმ მომენტში, როცა მინდოდა ტანსაცმლის დიზაინის გაკეთება (რომელიც ისევ გეგმაში მაქვს).
Piros – უნგრულ ენაზე წითელს ნიშნავს, Money – ფულს (ინგლისურად) ბევრი კავშირი აქვს ამ სიტყვებს ერთმანეთთან.

– როგორია კოლაჟ-არტის მუშაობის სპეციფიკა, რა სახის ნამუშევრებს ქმნით და რა არის ძირითადი კონცეფცია? რა ტექნიკით მუშაობთ?

– მობულური სმარტფონების ერაა და ვიფიქრე, რომ რაიმეს გაკეთება უნდა მეცადა ტელეფონით. ვფიქრობ, ეს არის სტიმული მათთვის, ვინც არ იცის ფოტოშოპი ან რამე სხვა პროგრამა.
მთავარი აქ სურვილი ,ინდივიდუალურობა და გემოვნებაა, ხოლო დანარჩენი- ტექნიკური მხარე. რაც შეეხება აპლიკაციებს, ვმუშაობ ყველასთვის ხელმისაწვდომ პროგრამებში : (VSCO,UNION,SNAPSEED,PRIIM)

– საიდან იღებთ ინსპირაციას/ შთაგონებას?

– თვითონ ქალაქი მაძლევს ინსპირაციას თავისი მრავალფეროვნებით, რომელიც შეგიძლია აღიქვა ძალიან განსხვავებულად და შენეულად. ასევე მუსიკაც, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია.

– თქვენს ნამუშევრებში ხშირად გვხვდება წყალქვეშა სამყარო, კოსმოსი, ნაგებობები… კავშირი თუ აქვს ამ ყველაფერს ერთმანეთთან? Piro$money ერთიანი ამბავია თუ ერთ პროექტში მოქცეული სხვადასხვა ისტორია?

– კი, რამდენიმე სერიაა, ერთი დიდი ისტორიაა და ის აუცილებლად გაიზრდება. ვმუშაობ კიდევ ერთ პროექტზე, რომლის განხორციელების შემთხვევაში შევძლებ ამ ყველაფერზე გიპასუხოთ და ყველა ნამუშევარს თავად წაიკითხავთ.

– შეგიძლიათ მითხრათ, რა შეტყობინებებს უგზავნით თქვენ, როგორც ავტორი საზოგადოებას თქვენი ნამუშევრებით?

– Piro$money- ში, როგორც ყველა ადამიანში, თანდაყოლილია სევდა, რომელიც დროთა განმავლობაში იზრდება და რომელიც გარეთ უნდა გამოუშვა.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ მათ (ადამიანებმა) თავისი ისტორია დაინახონ მასში და სამყაროს დანახვა უფრო სხვა განზომილებასა და ფერებში შეძლონ.

– სურათებზე სხვადასხვა ადგილია გამოსახული. რატომ მაინცდამაინც ეს ლოკაციები?

– მიყვარს საბჭოთა ბრუტალიზმი 🙂

– რის საშუალებას გაძლევთ თბილისი შემოქმედების განვითარების პროცესში? თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით დედაქალაქში?

– აკლია ხელოვნება, გამოფენები, სივრცეები, სადაც ეს ყველაფერი ჩატარდება. მეტი სიმწვანე სჭირდება ქალაქს. უნდა ვისუნთქოთ. საჭიროა მეტი ეკოლოგიური ზონა. მაგრამ, ამის გარდა ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.

– გაგვიზიარეთ სამომავლო გეგმები.

– მალე გადავდივარ Analog Collage-ზე, რამდენიმე ნამუშევარიც მაქვს. ნაკლებად ვიცი გეგმებზე და არც მიყვარს მაგაზე საუბარი. თუმცა, მინდა მალე პერსონალური გამოფენა მოვაწყო თბილისში.

ნინი მაზიაშვილი

Please follow and like us: