დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში პირველი იანვრიდან დღემდე წითელას 580 შემთხვევა გამოვლინდა. მათი უმრავლესობა დაფიქსირებულია თბილისსაა და სამეგრელოში, ასევე იმერეთსა და კახეთში.
წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაეროვანი გზით, ასევე ინფიცირებული ადამიანის პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტით გადადის. წითელა ხასიათდება : ცხელებით, გამონაყრით, ასევე ხველებით, რინიტით ან კონიუნქტივიტით.
წითელას ახასიათებს მაღალი გადამდებლობა – ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იმყოფება წითელას ვირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში და არ აქვს იმუნიტეტი (არ გადაუტანია დაავადება ან არ არის აცრილი ვაქცინის 2 დოზით), 90% ალბათობით დაავადდება.
ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყრის დაწყებამდე 4 დღის და გამონაყრის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში (სულ 8 დღე). ვაქცინაცია წითელას პრევენციის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა.

რამდენად უსაფრთხოა წითელას ვაქცინა, რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას, რამდენად რეკომენდებულია ვაქცინის ხელახლა მიღება?! – ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ „სეუ-კლინიკის“ პედიატრიული დეპარტამენტისა და “მზიურიმედის” პედიატრს, პროფესორ ინგა მამუჩიშვილს ესაუბრა.

– ვაქცინაცია წითელას პრევენციის (თავიდან აცილების) ერთადერთი ეფექტური საშუალებაა. წითელას საწინააღმდეგო აცრა რამდენ ეტაპიანია და რა ასაკში უნდა გაკეთდეს?

– მინდა შეგახსენოთ, რომ წითელა ვირუსული ინფექციაა, გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით, კონტაგიოზურია, თუმცა მესამე პირის მეშვეობით არ გადაეცემა. ის საკმაოდ ვერაგი ინფექციაა და შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
ბავშვებს 3 თვემდე აქვთ დედისგან მიღებული იმუნიტეტი და პრაქტიკულად 6 თვემდე ბავშვები არ ავადდებიან წითელათი,მაგრამ 6 თვიდან მაქსიმალურად სუსტდება. ამიტომ, 1 წლის ასაკში ბავშვს უტარდება წითელა-წითურა-ყბაყურას ვაქცინაცია. ხოლო რევაქცინაცია 5 წლის ასაკში.

– ვინ უნდა მიიღოს ვაქცინა? ვისთვის არ არის სასურველი ამ ვაქცინის მიღება დ ა რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას?

– ვაქცინა კარგი ხარისხისაა, თუმცა ნებისმიერ ვაქცინაციას შეიძლება ახლდეს ტემპერატურული რეაქცია, მარტივი ვირუსული ინფექციის ნიშნები და წითელასმაგვარი გამონაყარი (მიტიგირებული წითელა), რაც ნიშნავს მარტივ გამოვლინებას. შეიძლება ვაქცინაციას მოჰყვეს ადგილობრივი რეაქცია (შეწითლება, მტკივნეულობა). ალერგიული რეაქცია იშვიათად.
კატეგორიულად არ შეიძლება ორსულის აცრა. თუმცა, დაორსულებამდე 1-3 თვით ადრე აცრა, თუ არ ხართ ვაქცინირებული, აუცილებელია.
წითელაზე ვაქცინაციის შემდეგ 2 კვირიდან 1 თვემდე უკვე სრულყოფილი იმუნიტეტი აქვს ადამიანს.

– როგორია წითელას ვაქცინის მოქმედების ხანგრძლივობა? იმ ადამიანებს, ვისაც აცრა გაკეთებული აქვთ, რამდენად რეკომენდებულია ვაქცინის ხელახლა მიღება? რა შემთხვევაში მოუწევს წითელაზე უკვე აცრილ ადამიანს ვაქცინის ხელახლა გაკეთება?

თუ ვაქცინირებული ხართ, მაგრამ არ გახსოვთ და დამატებით, მესამედ აიცრებით, ამით არანაირ ზარალს არ მიაყენებთ თქვენს ორგანიზმს.
ბევრი ვირუსების შემოტევისთვის გაგვიძლია, ამასაც გავუძლებთ ყოველგვარი შიშის და პანიკის გარეშე. უბრალოდ, აუცილებელია ყურადღება, რაც მოიცავს პრევენციული ღონისძიებების დროულ გატარებას.

ნინი მაზიაშვილი

Please follow and like us: