პირველი აგვისტოდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air-ის მესამე ბაზირებული, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდი დაიწყებს და რეგულარულ ფრენებს ბაზელის, კოპენჰაგენის, ბრიუსელის, ტალინის, ეინდჰოვენის და ბარის მიმართულებით შეასრულებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და უნგრულ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია ვიზეარს შორის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდის დამატებიდან ზუსტად 8 თვეში, „ვიზეარი“ ქუთაისში მესამე თვითმფრინავსა და 6 ახალ მიმართულებას ამატებს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებული ბორტით, „ვიზეარი“ საქართველოს ეკონომიკაში დამატებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. შეიქმნება 30-ზე მეტი სამუშაო ადგილი და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 7-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის მანძილზე ავიაკომპანიამ საქართველოში 202 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება განახორციელა და 250-ზე მეტი არაპირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, საქართველო უცხოელი ვიზიტორებისთვის სულ უფრო საინტერესო და მიმზიდველი მიმართულება ხდება. 2016 წლის სექტემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, რეგიონში ავიაკომპანია ვიზეარის პირველი ბაზა გაიხსნა, რის შედეგადაც 7 ახალი ევროპული მიმართულება დაემატა. 2017 წლის მაისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ვიზეარის მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი და ევროპის 5 ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება დაემატა. 2018 წელს ვიზეარმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის 95 % გადაიყვანა ( 587,643 მგზავრი) და საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველად, ვიზეარი ბაზრის ლიდერი გახდა.

ხელი უკვე მოაწერეს გიორგი ჩოგოვაძემ აეროპორტების გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა და ვიზეარის კომერციულმა დირექტორმა ჯორჯ მიხალოპულოსმა.

Please follow and like us: