2019 წლის 1 თებერვალს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემმუშავებელი უწყებათაშორისი საბჭოს მორიგი სხდომა, რომელსაც უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია.
საბჭოს სხდომის დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის საბოლოო ვარიანტის შეჯერება.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა საბჭოს წევრებს დოკუმენტზე მუშაობის პროცესში მათი უწყებების აქტიური და ნაყოფიერი ჩართულობისთვის. აღინიშნა, რომ სტრატეგიის შემუშავებაში ჩართული იყო როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული დანაყოფები და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები, ასევე, პარლამენტისა და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები და საექსპერტო წრეები, რომელთა შენიშვნები და წინადადებები სიღრმისეულად იქნა განხილული და გათვალისწინებული.
სხდომის მონაწილეების მოსაზრებების, შენიშვნებისა და კომენტარების შეჯერების შემდეგ, უწყებათაშორისი საბჭოს წევრების მიერ 2019-2022 წლების საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის დოკუმენტი მოწონებული იქნა.
შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, დოკუმენტი, 2019 წლის სამოქმედო გეგმასთან ერთად, დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.