„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი თანმდევ საკითხებთან ერთად განიხილეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე.

„არსებული საფრთხეებისა და ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე, გამართული, მოქნილი და ეფექტური უსაფრთხოების საბჭო, რომელიც სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყველა არსებულ საფრთხესთან გასამკლავებლად“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის დაწყებისას. როგორც სოფიო ქაცარავამ განმარტა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მას შეხვედრები და კონსულტაციები ჰქონდა სხვადასხვა ჩართულ მხარეებთან.

„ჩვენი, ყველას ინტერესია და ყველანაირი პირობა უნდა უზრუნველვყოთ იმისთვის, რომ ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ეფექტურად და გამართულად იმუშაოს. მნიშვნელოვანია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და სტრატეგიული კომუნიკაციებს შორის კოორდინაცია. ეს ორი უწყება პრემიერ-მინისტრის აპარატში იქმნება და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი თავიდანვე, გამართულად და სწორად წარიმართოს. მიმაჩნია, რომ ამ პროცესში მთავარია, საბჭოს მუშაობამ პრაქტიკული შედეგები გამოიღოს. ყველა პირობა შეიქმნას იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას ეფექტური კოორდინაცია და სწორად ამოქმედდეს სტრატეგიული კომუნიკაციების სტრუქტურული ერთეული, შეიქმნას ანალიტიკური, დამოუკიდებელი აპარატი, რომელიც გახდება ანალიტიკური მუშაობის ბირთვი. იმისათვის, რომ მომავალმა საბჭომ სწორი და გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს, მას დასჭირდება კარგად გაანალიზებული ინფორმაცია, რომელიც უნდა მოიძიოს და დაამუშაოს კომპეტენტურმა, მიუკერძოებელმა და მაღალკვალიფიციურმა აპარატმა“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადების წინაპირობად ქვეყანაში ახალი კონსტიტუციის ამოქმედება იქცა, რომლის თანახმადაც პრეზიდენტთან არსებული სათათბირო ორგანო – ეროვნული უშიშროების საბჭო გაუქმდა და ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სფეროში გარკვეული ინსტიტუციური ვაკუუმი წარმოიშვა.

საკითხი სხდომაზე განსახილველად მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ წარადგინა.

მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული სფეროს მაკოორდინირებელი ორგანო ამჟამად არის საქართველოს მთავრობა, რომლის ინიციატივითაც განსახილველად წარმოდგენილია საქართველოს კანონპროექტთა პაკეტი „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჩამოყალიბებას და მისგან გამომდინარე აუცილებელ ცვლილებებს საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებში.

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონპროექტის ზოგადი მიზანია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესის პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრა, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ეფექტიანობის ამაღლება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმირების უზრუნველყოფა უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად.

კანონპროექტის მიხედვით ახლებურადაა ჩამოყალიბებული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროები, კერძოდ სოციალურ-ეკონომიკური უსაფრთხოება და ეკოლოგიური და ენერგეტიკული უსაფრთხოებები.

წარმოდგენილი კანონპროექტით იქმნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის მაკოორდინირებელი უწყება, რომლის კოორდინაციითაც უნდა მოხდეს ქვეყანაში უსაფრთხოების სფეროს კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავება.
პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქმნება როგორც პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო, რომლის მანდატიც იქნება უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უწყებების კოორდინაცია. საბჭოს ანალიტიკურ საქმიანობას უზრუნველყოფს საბჭოს აპარატი. კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ჰყავს მუდმივი და მოწვეული წევრები. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საბჭოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

საბჭოს მდივნის ფუნქციას შეასრულებს საბჭოს ერთ-ერთი მუდმივი წევრი. საბჭოს მდივანი საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრემიერ–მინისტრის წინაშე. რაც შეეხება ორგანიზაციულ დონეს, საბჭოს აპარატის საქმიანობის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს პოლიტიკურად ნეიტრალური თანამდებობის პირი – აპარატის უფროსი.

„საბჭო წარმოდგენილია როგორც მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად ბიუროკრატიული ორგანო. საბჭოს მუდმივ წევრებად განისაზღვრებიან თანამდებობის ის პირები რომელთაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვთ უსაფრთხოების საკითხებთან. თუმცა, პრემიერ მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, საბჭოს სხდომაზე შესაძლებელია მოწვეულ იქნან ასევე სხვა პირები“, – განაცხადა ნათია მიქელაძემ.

Please follow and like us: