თბილისში 1 მარტს ილუზიის მუზეუმი გაიხსნება. „ლიბერალი“მუზეუმის მარკეტინგის ხელმძღვანელს, ნატალია ანანიაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, ილუზიის მუზეუმში ყველა ოპტიკური, პროექციული და სენსორული ილუზია იქნება თავმოყრილი. ილუზიების მუზეუმი ბეთლემის #10 ნომერში განთავსდება.

ნატალია ანანიაშვილის თქმით, მუზეუმის შენობაში სარემონტო სამუშაოები დასრულდა და ექსპონატებიც უკვე საქართველოშია.

მარკეტინგის ხელმძღვანელმა „ლიბერალთან“ განაცხადა, რომ მუზეუმის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა.

„2016 წელს გაჩნდა იდეა მუზეუმის შექმნის, ოღონდ ეს არ იყო ილუზიების მუზეუმი. „სარკე ჯგუფმა“ ჰოლოგრამული მუზეუმის „ჰოლოზეუმის“ შექმნა გადაწყვიტა, რაზეც სტარტაპ-საქართველოს დაფინანსებაც მოიპოვა.მუზეუმის მაშინდელი პროექტი იყო მინივერსია იყო იმისა, რაც დღეს არსებობს. -ამბობს ნატალია ანანიაშვილი, – „შევარჩიეთ სამუზეუმო შენობა, რომლის ფართიც ჰოლოზეუმის გარდა, სხვა საინტერესო სივრცის შექმნის საშუალებას იძლეოდა. სამუზეუმო მიმართულება კი უკვე საკმაოდ გვაინტერესებდა და ამ კუთხით დიდ პოტენციალს ვხედავდით. ასე გაჩნდა „ილუზიების მუზეუმის“ გახსნის იდეა“,-თქვა მან.

მისივე თქმით, ეს მიმართულება საქართველოში არ არის განვითარებული. პირველად ილუზიების მუზეუმი ხორვატიაში შეიქმნა, ორ წელიწადში კი 13 ქვეყანას ჰქონდა მსგავსი მუზეუმი. თბილისის მუზეუმის ჩათვლით მსოფლიო მასშტაბით 23 ილუზიის მუზეუმი იქნება.

„აქ იქნება ოთახები, რომლებიც თავად ქმნის ილუზიას და ასევე განთავსებული იქნება სხვადასხვა ზომის  ექსპონატები. საერთო ჯამში,მუზეუმში განთავსდება დაახლოებით 80 ექსპონატი“,- თქვა ნატალია ანანიაშვილმა.

მუზეუმის მარკეტინგის ხელმძღვანელის თქმით, მათ აქვთ  მოლაპარაკებები სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენასთან და მომავალში გეგმავენ რამოდენიმე გამოფენის გარკვეული პერიოდით, საქართველოში ჩამოტანას.

ანანიაშვილის თქმით, მუზეუმს აქვს სუვენირების მაღაზიაც.

„ჩვეულებრივ, სტანდარტულ სუვენირებთან -(მაისურები, პოსტერები, სანიშნები და ა.შ). ერთად გაიყიდება  ე.წ. Dilemma Games, ხის შემეცნებითი და გასართობი სათამაშოები. რომელთაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეუძლიათ ითამაშონ ბავშვის გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე. განსაკუთრებით კი წვრილ მოტორიკაზე (ნატიფი მოტორიკა). ნებისმიერ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება მუზეუმის სათამაშო ოთახში ითამაშოს, ააწყოს მისთვის სასურველი სათამაშო მაღაზიიდან“,-განაცხადა ნატალია ანანიაშვილმა.

წყარო: liberali.ge

 

Please follow and like us: