ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოს ერთ-ერთ პალატაში ჭერი ჩამოიშალა.
“ერთ პალატაში შეკიდული ჭერი ჩამოიშალა. შემთხვევის დროს პალატაში ოთხი ბავშვი იყო. არავინ არ დაზიანებულა,” – განაცხადეს ბავშვთა საავადმყოფოს პრესცენტრში.
თვითმხილველების თქმით, ჭერის ჩამონგრევის შემდეგ საავადმყოფოში ქაოსი დაიწყო. კლინიკაში მყოფი ბავშვების მშობლებმა კომპიუტერული ტექნიკა დაამტვრიეს და ადგილზე პასუხისმგებელი პირების მისვლას ითხოვდნენ.
„მე ვიყავი პირველ სართულზე, ჭერი მეორე სართულზე ჩამოინგრა. ჩემი პატარა ძმა მყავდა საავადმყოფოში, თერმომეტრის აღება მინდოდა მისთვის, რა დროსაც ეს შემთხვევა მოხდა. დავინახე, ერთი ბავშვის მამა ბოლო ხმაზე ყვიროდა. უკან მოყვებოდა მეორე მშობელი, იძახდნენ, ვინ არის პასუხისმგებელი ამ ყველაფერზეო. კომპიუტერები დაამტვრიეს. შემდეგ პოლიცია გამოიძახეს. ბავშვები ცუდად გახდნენ. ტიროდნენ. ერთ-ერთი ბავშვის დედამ თქვა, „მე გადავეფარე ჩემს შვილს, თორემ მთლიანად გადაემხობოდა ჭერი საწოლსო,“ –ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი დიანა ზიადუსტი.






