„მთის კურორტებზე აქტიურად მიმდინარეობს მზადება ზამთრის სეზონისთვის. მესტიისა და ბაკურიანის (დიდველის) სათხილამურო არეალი ახალი ინფრასტრუქტურით მიიღებს დამსვენებლებს.
სვანეთში, ზურულდის მთაზე შენდება ახალი საბაგირო კომპლექსი. მოხდა არსებული – ამორტიზებული საბაგიროს დემონტაჟი, ახლა კი აქტიურად მიმდინარეობს სამონტაჟო სამუშაოები“, – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიიდან აცნობეს.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ზურლიდის მთაზე 2021-2022 წლის ზამთრის სეზონზე ექსპლუატაციაში გაშვებული იქნება გონდოლას ტიპის უახლესი საბაგირო კომპლექსი.
„საბაგიროს გამტარუნარიანობა საწყის ეტაპზე საათში 1800 მგზავრი იქნება, სიგრძე კი -‘1421 მეტრი. ეს გახლავთ 10-ადგილიანი გონდოლა. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია – „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.
ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე კი დამონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემები. ჯამურად, 1406 მეტრიან სათხილამურო გზას 23 ფიქსირებული და 3 – მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს. სამუშაოებს იტალიური კომპანია „ტექნო ალპინი“ განახორციელებს.
მეხის დაცემის შედეგად დაზიანებულ, კოხტის საბაგიროს სრულად ჩაუტარდება რეკონსტრუქცია.
რაც შეეხება კურორტ გუდაურს, საბაგირო „გუდაურას“ (გონდოლას ტიპის საბაგირო) შეეცვლება ძველი, დაზიანებული ბაგირი ახლით.
მთის კურორტები აქტიურად ემზადება ზამთრის სათხილამურო სეზონზე ვიზიტორების მისაღებად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მასალა მოამზადა : მარიამ ტიელიძემ






