განსაკუთრებული, უცხო და უჩვეულო გემოები ყოველთვის იმსახურებს საზოგადოების ყურადღებას. რაც უფრო უცნაურად გვეჩვენება გემოთა შეხამება, მით უფრო ვინტერესდებით პროდუქტით.
„ვერველევი“ – გახლავთ კომპანია, რომელიც სწორედ ასეთ, გამორჩეულ ჯემებსა და მურაბებს აწარმოებს. მცირე მეწარმე, მაკა მეტრეველი „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.

“ვერველევი” 2019 წლიდან არსებობს. ვამზადებ მურაბებს, ჯემებს. ასევე – საშობაოდ ვამატებ ხოლმე სადღესასწაულო წინსაფრებს, ბალიშებს, პატარა – ხელნაკეთ ნაძვის ხეებს. მომდევნო კვირიდან უკვე მექნება რეცეპტების ყუთი, დიზაინერ ზენკასთან კოლაბორაციით“.

როგორც მაკა აღნიშნავს, მისი ნაწარმი გემოთა განსაკუთრებული შეხამებით გამოირჩევა, რაც არ არის დამახასიათებელი სხვა კომპანიებისთვის.

„ჩემი პროდუქცია გამორჩეულია გემოთი. მაქვს ჩვეულებრივი მურაბებიც, თუმცა, მომხმარებლებს ვთავაზობთ ისეთ გემოთა შეხამებას, როგორიც სხვა კომპანიებში არ შეგვხვედრია. მაგალითად, ლეღვის ჯემი როზმარინითა და წიწაკით, მსხალი – ჩინური ხუთი სანელებლით და წიწაკით, კომში – ჯინჯერითა და ლიმონით, ატამი ომბალოთი და ა.შ.“

მაკა მეტრეველის თქმით, იმის გამო, რომ „ვერველევის“ პროდუქცია მცირე რაოდენობით იქმნება, საზღვარგარეთის ბაზარზე, ჯერჯერობით, არ გადის.

„ჯერჯერობით, პროდუქტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ გამაქვს, რადგან არ მაქვს ის რაოდენობა, რომლითაც დავაკმაყოფილებდი რომელიმე ქსელურ მაღაზიას საზღვარგარეთ. საქართველოში, თბილისის გარეთ ჩემი ნაწარმი ქუთაისის აეროპორტშია, თბილისშიც არ არის დიდ ქსელებში. ექსკლუზიური პროდუქტია, რადგან ხელით ვამზადებ – რაოდენობაც ცოტაა. არის 6 მაღაზია, სადაც ჩემი ნაწარმი იყიდება: ყველის მაღაზია “არია”, „ყველის სახლი“, საკონდიტრო “თავთავი”, „ფუდ ენდ მარკეტი“, „ქართული კალათა“, ქუთაისის აეროპორტში “ რენეგეიტ თიი”. ყოველ ახალ სეზონზე ერთი ახალი გემო მაინც აუცილებლად მაქვს“.






