ერევანი-გიუმრის გზატკეცილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, მძიმეა დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა.
არსებული ინფორმაციით, Volkswagen-ის მარკის სამგზავრო მიკროავტობუსი ЗИЛ-ის მარკის სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.
გიუმრის სამედიცინო ცენტრის ცნობით, კლინიკაში თავდაპირველად 6 დაშავებული მოათავსეს, მათგან ერთი ერევანში გადაიყვანეს.
რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბარში გიუმრის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოადგილემ, არმენ ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ 5 დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ნათესავების თქმით, ისინი მიკროავტობუსით ბრუნდებოდნენ თურქეთიდან, სადაც დასავლეთ სომხეთის ისტორიული ადგილები მოინახულეს.






