შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ბათუმში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ც. დააკავეს.
უწყების ცნობით, ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1997 წელს დაბადებული ა.წ. დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ერთ-ერთი ვერსიით, დაპირისპირება და მკვლელობა მუსიკის ხმამაღალი მოსმენის გამო მოხდა.
როგორც “ტვ პირველთან“ საუბარში ადგილობრივები ჰყვებიან, სავარაუდო დამნაშავე გვიან ღამით, რესტორნის ტერიტორიაზე მუსიკას ხმამაღლა უსმენდა. ამან ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. გარდაცვლილი მამაკაცი მასთან მივიდა და სთხოვა, რომ მუსიკისთვის დაეწია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
“ალბათ 2 საათი იქნებოდა. მეძინა და მერე გამაღვიძა პოლიციის მანქანამ“, – ჰყვება შემთხვევის ადგილთან ახლოს მცხოვრები მამაკაცი ჟურნალისტთან.
“არაფრის გამო მოკლეს ადამიანი. არაფრის გამო. მუსიკა ჰქონდა მაღალ ხმაზე, ქუჩაში ისმოდა. მეზობელი გამოვიდა გარეთ, უნდა დავისვენო, ჩაუწიეო… დაუწყია ჩხუბი: შენ ვინ ხარ, რა შუაში ხარო. დალია, ალბათ. დაახლოებით 3-4 საათი იქნებოდა“ , – აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






