მოსკოვში 53 წლის ელენა წერეთლისა და მისი 19 წლის ქალიშვილის, დარია წერეთლის მკვლელობაში ბრალდებული თეიმურაზ გოგიაშვილის დაკავების ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
გამოძიების ინფორმაციით, ორი ქალის მკვლელობის შემდეგ გოგიაშვილმა მოსკოვიდან გაქცევა გადაწყვიტა. მას თან ჰქონდა ელენა წერეთლის ძვირფასი ნივთები: საათი და საყურეები, ასევე იარაღი.
ქალაქიდან წასვლაში მას ნაცნობი 40 წლის ქალი დაეხმარა, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ არაფერი ჰქონდა გაგებული.
რუსული მედიის ცნობით, ქალი გოგიაშვილთან დაახლოებით ოთხწლიანი ურთიერთობის შემდეგაც აგრძელებდა მასთან კონტაქტს.
სწორედ მასთან მივიდა მამაკაცი მკვლელობის დღეს და ღამე სასტუმროში გაატარა. ქალს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამ დროისთვის გოგიაშვილს უკვე ორი ადამიანი ჰყავდა მოკლული.
მოგვიანებით გოგიაშვილმა ქალს ავტომობილის დაქირავება და თავად საჭესთან დაჯდომა სთხოვა. მათი საბოლოო დანიშნულება როსტოვი იყო, სადაც მამაკაცს შვილებთან წასვლა სურდა. ისინი მოსკოვიდან ერთად გაემგზავრნენ, თუმცა გზა ვორონეჟის ოლქში შეწყდა.
ავტომობილი სამართალდამცველებმა გააჩერეს და გოგიაშვილი დააკავეს.
საქმეში გამოჩნდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გოგიაშვილის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, მამაკაცი წლების განმავლობაში პარალელურად ორ ქალთან ურთიერთობაში იმყოფებოდა. ერთ-ერთი მათგანი სწორედ 40 წლის ქალია, რომელიც მას ფინანსურადაც ეხმარებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაზაფხულზე გოგიაშვილმა ქალს BMW X5 გამოართვა და უთხრა, რომ ავტომობილს საბურავები უნდა შეეცვალა. მანქანა მას აღარ დაუბრუნებია. მოგვიანებით კი ქალისგან კიდევ 500 ათასი რუბლი ისესხა და თანხის აღების მიზეზად ავტომობილის ძრავის შეკეთება დაასახელა. არც თანხა და არც მანქანა ქალისთვის აღარ დაუბრუნებია.
რუსული მედიის ცნობით, ელენა წერეთელიც გოგიაშვილს ფინანსურად ეხმარებოდა და მას პირადი ხარჯებისთვის საკუთარი საბანკო ბარათიც კი ჰქონდა მიცემული.
ამასთან, გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, გოგიაშვილის ფინანსურ პრობლემებს შესაძლოა მომხდართან კავშირი ჰქონდეს. თუმცა საბოლოო მოტივი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავების დროს გოგიაშვილს თან ჰქონდა მოკლული ელენა წერეთლის ნივთები და იარაღი. თავად ბრალდებული დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, ხოლო საქმის საბოლოო გარემოებებს სამართალდამცველები ადგენენ.






