საჯარო სამსახურში პრემიისა და სახელფასო დანამატის ოდენობაზე, სავარაუდოდ, მაქსიმალური ზღვარი დაწესდება. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა , ეკა ქარდავამ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე სარის ევროპული სტანდარტი, რომლის გათვალისწინებასაც ისინი შესაბამისი კონცეფციის ფარგლებში აპირებენ.
“საჯარო სამსახურის ბიუროს და მთავრობის ადმინისტრაციას უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა საქართველოში საჯარო მოხელეების, განსაკუთრებით თანამდებობის პირების სახელფასო სისტემის, ასევე დანამატებისა და პრემიების რეგულირების თაობაზე. აღნიშნული მიმართულებით ჩვენთან უკვე მომზადებულია რამდენიმე კვლევა, რომელიც სხვადასხვა ევროპული ქვეყნის პრაქტიკის განზოგადების საფუძველზე განხორციელდა. ერთი თვის ვადაში უკვე ბატონ პრემიერს წარვუდგენთ ჩვენს ხედვას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოწესრიგდეს საქართველოში ხელფასების, დანამატებისა და პრემიების სისტემა. ევროპული გამოცდილება და სტანდარტები აწესებს პრემიის და დანამატის მაქსინმალურ ზღვრულ ოდენობას. მთავარია, რომ ჩვენც ამ გეზით ვიაროთ – მაქსიმალური ოდენობის დაწესებით”, – განაცხადა ეკა ქარდავამ და იქვე განმარტა, რომ პრემიისა და სახელფასო დანამატის მაქსიმალური ოდენობის ზღვარი ჯერ დადგენილი არ არის.
ამასთან, მისი თქმით, კონცეფციის დადების შემდეგ პირველ რიგში პრემიერთან გაიმართება მსჯელობა, შემდეგ კი მას განსახილველად მთავრობის ცალკეულ წევრებთან განიხილავენ.
“ასევე, შესაძლოა, ამ პროცესში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვაც”, – აღნიშნა ქარდავამ.
19.05.14