მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასაფინანსებლად ერთგვარი სოლიდარობის ფონდი შეიქმნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
დავით სერგეენკოს თქმით, ფონდი ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში არ იქნება და როგორც სტრუქტურა, სავარაუდოდ, თვენახევარში ჩამოყალიბდება.
“ეს იქნება ერთგვარი სოლიდარობის ფონდი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში აღარ იქნება, ეს იქნება ცალკე სტრუქტურა, ასეთი ფონდების ფუნქციაა ე.წ. პიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება, ეს იქნება ჯანდაცვა თუ მომავალში სოციალური მოთხოვნები. ფინანსური ნაკადების მობილიზაცია იქნება ერთგვარი ინოვაციური მეთოდი და ამის შესახებ ფონდის მომავალი ხელმძღვანელობა ისაუბრებს. წინამოსამზადებელი სამუშაოების, წინამემორანდუმების გაფორმების პერიოდის კონსულტაციები უკვე დასრულებულია. ვფიქრობ, ფონდი, როგორც სტრუქტურა, უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება, დაახლოებით თვენახევრის პერიოდში”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
02.06.14