სოციალიზაცია პიროვნების ჩამოყალიბების პროცესია. ის მოიცავს რიგ პროცესებს, რომელთა მეშვეობითაც საზოგადოების წევრი აღიჭურვება იმ ცოდნით, უნარებითა და ჩვევებით, რაც საზოგადოებაში ცხოვრებას სჭირდება. ამ პერიოდში ინდივიდი ითვისებს იმ კულტურის ენას, რომელშიც ის დაიბადა, ითვისებს საზოგადოებრივი ქცევის ნორმებს, სოციალურ-კულტურულ ღირებულებებს, იაზრებს „საკუთარი მე-ს“ მნიშვნელობას და, საბოლოო ჯამში, უნიკალურ პიროვნებად ყალიბდება. ყოველი საზოგადოების სოციალიზაციის პრაქტიკამ სულ მცირე ორი ამოცანა უნდა შეასრულოს: უზრუნველყოს ადამიანის ფიზიკური გადარჩენა და ასევე უზრუნველყოს, რომ ადამიანმა გაიგოს, გაიაზროს და გაიზიაროს საზოგადოების მიერ შემუშავებული ნორმებისა და როლების სისტემა.
სოციალიზაციის დროს ადამიანი პასიურ მხარეს არ წარმოადგენს, მასზე ცალმხრივად არ ზემოქმედებენ. ინდივიდი სოციუმში დამკვიდრებისთვის თავადაც მნშვნელოვან როლს თამაშობს. სოციალიზაცია, ჩვეულებრივ, ბავშვობას უკავშირდება, მაგრამ, სინამდვილეში, ეს პროცესი მთელი ცხოვრების მანძილზე მიმდინარეობს. გარემოსა და სტატუსის ცვლილებასთან ერთად, ადამიანი ახალ როლებსა და ფუნქციებს ითავსებს.
ბავშვობაში, ძირითადად, საზოგადოების ღირებულებათა და ნორმათა სისტემაში შესვლა ხდება, შედარებით უფროს ასაკში კი სოციალზაცია მრავალ სფეროს მოიცავს: ოჯახი, სამუშაო ადგილი, სკოლა, უახლოესი სოციალური გარემო, მეგობრები და მრავალი სხვა… აღსანიშნავია, რომ ბავშვის აღზრდასა და ჩამოყალიბებაზე ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას მაინც ოჯახი და ის გარემო ახდენს, სადაც ის თავისი დროის მნიშვნელოვან ნაწილს ატარებს, ამ გარემოში კი, უმრავლეს შემთხვევაში, სკოლა მოიაზრება.
ბავშვის აღზრდა-განვითარება მრავალმხრივი პროცესია. ეს არის ზრუნვა იმაზე, რომ მოზარდმა საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდროს, ჰქონდეს სრულფასოვნების განცდა და თვითდამკვიდრების უნარი. ამ დროს ოჯახი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ეს არის ინდივიდის პერსონალური გარემო, რომლის ხარისხიც ცხოვრებაში მის წინსვლას განსაზღვრავს. დღეს ოჯახები არა მხოლოდ სოციალურ ეკონომიკური, არამედ ფსიქო-ემოციური მდგომარეოითაც განსხვავდებიან, რაც ამ მიკროფაქტორის მრავალმხრივობას განაპიროებს. ოჯახი, თავისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მოზარდის ფიზიკურ და ემოციურ განვითარებას განსაზღვრავს, გავლენას ახდენს მისი ფსიქოლოგიური ემოციებისა და გონებრივი შესაძლებლობების ფრმირებაზე. ოჯახში ყალიბდება ღირებულებათა ორიენტირები, ცხოვრების სტილი, ძირითადი პრინციპები…
თუმცა, ბავშვის ჩამოყალიბება ყველაზე ხანგრძლივად სკოლაში სწავლის დროს მიმდინარეობს. მოზარდი 6-დან 18 წლამდე პერიოდს სწორედ ამ დაწესებულებაში ატარებს. სკოლა არის საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი დაწესებულება, სადაც უფლებებზე და მოვალეობებზე ყველაზე მეტს საუბრობენ. აქ მოსვლის პირველივე დღიდან ბავშვის წინაშე თვისობრიდავ ახალი ამოცანები იშლება. სწავლის პროცესი, ამ ინსტიტუტში არსებული მოთხოვნები, ახალი გარემო, ახალი ადამიანები და კიდევ მრავალი სხვა დიდწილად განსაზღვრავენ ცვლილებებს ბავშვის ნერვულ სისტემასა და ფსიქიკაში. სკოლა ურთიერთობის ახალი ფორმების ათვისების, კონფლიქტების მოგვარების, პრობლემების გადაჭრის, თავის დამკვიდრების, თვითშეფასების დაცემა/ამაღლების, და, მოკლედ, პროვნებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი თანმდევი ფაქტორია.
ბავშვის აღზრდისა და განვითარებისთვის ჰარმონიული გარემო ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გერმოს შექმნას კი სკოლისა და ოჯახის ერთბლივი მუშაობა განაპირობებს – საერთო მიზნების დასახვა და მათი მიღწევისთვის ერთობლივად ბრძოლა ბავშვს სრულფასოვან პიროვნებად ჩამოაყალიბებს. თუმცა, ძალიან ხშირად, ეს ვერ ხერხდება. მრავალი ფაქტორიდან გამომდინარე, სკოლაში სწავლის პერიოდში ბავშვს ექმნება პრობლემები ოჯახში, კლასელებთან, მასწავლებელთან, საკუთარ „მე“-თან და მას თავად უხდება სერიოზულ ტრამვებთან გამკლავება. გამორიცხულია, რომ სტრესმა და ნერვიულობამ ბავშვის ფსიქიკაზე გარკვეული კვალი არ დატოვოს.
ბევრი ფიქრობს, რომ სკოლაში განათლების მიღების პროცესმა, რომ ექსცესების გარეშე ჩაიაროს და ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ დაზიანდეს, საჭიროა მუდმივი კონსულტაციები ფსიქოლოგთან. სხვათა შორის, განვითარებულ ქვეყნებში სკოლაში ფსიქოლოგის მოღვაწეობა და მისი ბავშვებთან ურთიერთობა საკმაოდ წარმატებულ პაქტიკადაა მიჩნეული. იმის გასარკვევად, თუ რა ხდება ამ მხრივ საქართველოში, როგორ ავიცილოთ თავიდან მოზარდების ტრამვირება და საჭიროა თუ არა სკოლაში ფსიქოლოგი, „თბილისი თაიმსი“ ფსიქოლოგიის დოქტორს, პროფესორს, ევროპაში აკრედიტებულ ფსიქოთერაპევტ თეა გოგოტიშვილს, ფსიქოლოგსა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის რიქერტორ მარინა კაჭარავასა და ფსიქოლოგ ნინო კერესელიძეს ესაუბრა. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით განათლების სამინისტროს პოზიციითაც დავინტერესდით.
ახდენს თუ არა სასწავლო გარემო და სკოლაში არსებული სიტუაცია გავლენას ბავშვის სწავლის მოტივაციაზე?
– სასკოლო გარემო ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია სკოლაში და ვითარება კლასში ან შეუწყობს ხელს მოსწავლის მოტივაციის ზრდას ან პირიქით, შეიძლება, უარყოფითი გავლენის მქონეც აღმოჩნდეს. ჩვენ არ შეგვიძლია, ვთქვათ ზოგადად საქართველოში არის თუ არა ეს გარემო ბავშვისთვის ხელშემწყობი. დღეს არსებული კანონმდებლობიდან გამომდნარე, ყველა სკოლა საკუთარი ავტონომიის რეჟიმშია და ყველა სკოლის მესვეურები თავად არიან ამ საკითხზე პასუხისმეგბლები. შესაბამისად, სკოლის კარგი ხელმძღვანელობა და კარგი პედაგოგები ახერხებენ ამის გაკეთებას, ხოლო ისინი, ვინც ვერ დგანან მოწოდების სიმაღლეზე, უაროფით ფონს ქმნიან. კარგი სასწავლო გარემო ხელს უწყობს ბავშვს სწავლის მოტივაციის ზრდაში, სოციალური უნარების განვითარებაში, პიროვნულ ზრდაში, რაც ფსიქოლოგიაში ძალიან მრავლისმომცველი და სერიოზული ცნებაა. ზოგადად, ბავშვი ან არის მოხარული კონკრეტულ სკოლაში და სიტუაციაში მისვლით, ან მისთვის აქ ყოველდღიური ყოფნა შეიძლება, ფსიქოლოგიურად მატრამვირებელიც კი აღმოჩნდეს. ჩემს პირად პრაქტიკაში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როდესაც პრობლემა ჰქონია მოსწავლეს, რომელსაც არათუ არ უხარია სკოლაში მისვლა, არამედ ტრამვირებულია სასკოლო ვითარებით, კლასში არსებული სიტუაციით, კლასელებთან ურთიერთობით, მასწავლებლის დამოკიდებულებით… ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება მასწავლებელს. ის არის, ერთი მხრივ, განათლების მიმცემი და ინფორმაციის მიმწოდებელი, მეორე მხრივ კი მან მოსწავლის აღზრდაში გარკვეული წვლილის შეტანაც უნდა მოახერხოს. როდესაც ბავშვის აღზრდაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია მისი კომუნიკაცია კლასელებთან. ბავშვის სოციუმში, უფრო კონკრეტულად კი კლასელებში ინტეგრაცია მასწავლებელზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.
სწორია თუ არა სახელმწიფოს პოლიტიკა სკოლაში სასწავლო გარემოს შექმნასთან დაკავშირებით?
– ვფიქრობ, რომ განათლების სისტემა ძალიან ცდილობს, დახვეწოს საგანმანათლებლო პოლიტიკა და სტრატეგია. მე ხშირად მიწევს განათლების სამინისტროსთან ურთიერთობა და შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით ვთქვა, რომ დღევანდელ დღეს აღებული გეზი ძალიან საიმედოა. გასული 9 წლის განმავლობაში იყო მთელი რიგი შეცდომებისა, რომელთაც, თავისთავად, მოსწავლეებზე არც თუ ისე კარგი გავლენა მოახდინეს. დღეს ნამდვილად არის მცდელობები იმისა, რომ განათლების სისტემა დაიხვეწოს, წინ წავიდეს და დაშვებული შეცდომები გამოსწორდეს.
როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგი?
– სკოლაში ფსიქოლოგის არსებობა აუცილებელია, განსაკუთრებით ჩვენი სახელმწიფოებრივ-საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე. ცივილიზებულ ქვეყნებში საზოგადოების განვითარებასთან ერთად სამოქალაქო ცნობიერებაც ამაღლდა. ჩვენს ქვეყანასთან ძალიან ბევრი ეთნო-კულტურული მიღწევა და პოზიტიური მხარე ასოცირდება და მათ დასავლეთის ქვეყნებშიც შენატრიან, მაგრამ არავისთვისაა უცხო, რომ სამოქალაქო ცნობიერება ჩვენთან ძალიან დაბალია. ეს არ არის გასაკვირი, რადგან ჩვენი განვითარების ხელშემწყობი გარემოებები , რეალურად, არ არსებობდა. საბჭოთა პერიოდი იყო ბოლო დარტყმა, რომელიც ჩვენს სოციუმს მიადგა – მთელი სამყაროსგან იზოლირებულები 90-იანი წლების სიბნელეში აღმოვჩნდით. დღეს საქართველო კვლავ გარდამავალ პერიოდშია. საბჭოთა პერიოდში არსებობდა ცნება „პერესტროიკა“, საქართველოში ამ გაგებით „პერესტროიკა“ კვლავ გრძელდება და მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საზოგადოება, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ჯერ კიდევ გარდატეხის პერიოდის საწყის ეტაპზეა. ჩვენ ფსიქოლოგიაში პიროვნული განვითარების სტადიებს გამოვყოფთ, თითეულ მათგანს განსხვავებული მახასიათებლებით გამოვარჩევთ. ბავშვობის, დაწყებითი კლასების პერიოდის შემდგემ იწყება გარდატეხის პერიოდი. ინდივიდის მსგავსად, საზოგადოებაც გადის პიროვნული განვითარების სტადიებს. სოციალურ ფსიქოლოგიაში საზოგადოება განიხილება ისე, როგორც სუბიექტი და მის განვითარებაზეც იგივე პრინციპები მოქმედებს. მოკლედ, დღეს საქართველოს საზოგადოება, პიროვნული სიმწიფის თვალსაზრისით, გარდატეხის პერიოდის საწყის სტადიაზე იმყოფება. იმის გამო, რომ ისევ მშენებლობის რეჯიმში ვიყოფებით, სოციუმიც საკმაოდ რთულ და სტრესულ გარემოშია. ასეთ ვითარებაში სკოლაში ფსიქოლოგის ყოფნა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამის ფუფუნება, სამწუხაროდ, ბევრ სკოლას არ აქვს. ჩვენ ვიცით, რომ კერძო სკოლებში ხშირად აქვთ ამის შესაძლებლობა, მაგრამ საჯარო სკოლებში ამ საკითხის სათანადო ადგილზე დაყენება, მწირი დაფინანსების გამო, ნაკლებად ხერხდება. არადა, სკოლაში ფსიქოლოგი ძალიან მნიშვნელოვანია.
რატომ არის აუცილებელი ბავშვებისთვის სკოლის ფსიქოლოგთან ურთიერთობა? რა როლს ასრულებენ ისინი ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში?
– პირველ რიგში, სკოლის ფსიქოლოგი მოსწავლის სწავლა-განათლებისა და პიროვნული განვითარების ხელშემწყობ მიდგომებს არეგულირებს. ფსიქოლოგმა დროული რეაგირება უნდა მოახდინოს იქ, სადაც ბავშვს აქვს პრობლემა ემოციურ, ინტელექტუალურ ან ქცევით დონეზე (ფსიქიკა სწორედამ სამი ფაქტორის ერთობაა). მას უნდა ჰქონდეს კომპეტენცია იმისა, რომ დროულად შეაფასოს სიტუაცია, პრობლემა და შემდგომ მოახდინოს ინტერვენცია. იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალური კონტექსტია, ზრდასრული ადამიანები მუდმივი სტრესის ქვეშ იმყოფებიან. შეუძლებელია, რომ ბავშვები ამ სტრესის გავლენის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. ამიტომ, ფსიქოლოგი უნდა იყოს სწორედ ბავშვის ფსიქოემოციური ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სადარაჯოზე. რა თქმა უნდა, მას მარტივად უნდა შეეძლოს პრობლემის სიმძიმის განსაზღვრა და სუბიექტის უფრო მეტი კომპეტენციის სპეციალისტთან გადამისამართება. გარდა პიროვნული ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებისა, ფსიქოლოგს ასევე ევალება კონფლიქტების რეგულაცია. კვლევებით დასტურდება, რომ დღეს სოციუმში საკმაოდ გაზრდლი აგრესიული ფონის პირობებში მოსწავლეებში აგრესიამაც იმატა. ამ აგრესიული ფონის დარეგულირება და მოსწავლეებს შორის კონფლიქტური სიტუაციების მოგვარება ასევე ფსიქოლოგის კომპეტენციაა. სკოლაში მხოლოდ წესრიგის დაცვა, რაც მანდატურის მოვალეობას წარმოადგენს, არ არის საკმარისი. მოსწავლეების განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის სხვა ბევრი რამაა საჭირო.
სკოლაში ერთი ფსიქოლოგი საკმარისია? რა ნიშნით უნდა მოხდეს მათი შერჩევა?
– არის ძალიან დიდი სკოლები და შესაძლოა, ერთი ფსიქოლოგი ვერ გაწვდეს მათ მასშტაბებს, მაგრამ მინიმუმ ერთი ფსიქოლოგი აუცილებელია. სკოლის ფსიქოლოგად სამუშაოდ მინიმუმ მაგისტრის ხარისხია საჭირო თუმცა, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ დღევანდელი საუნივერსიტეტო განათლება პრაქტკული უნარების გამომუშავების კუთხით საგრძნოლად მოიკოჭლებს. ამიტომ, სკოლის ფსიქოლოგს სეციალური პროგრამებით გადამზადება უნდა ჩაუტარდეს. ეს პროგრამები გამოცდილმა პრაქტიკოსმა ფსიქოლოგებმა უნდა შეადგინონ და სკოლის მესვეურებს შესთავაზონ. სკოლის ფსიქოლოგებს უნდა ჰქონდეთ ის გარემო და ის ინსტიტუცია, სადაც ისინი პრაქტიკულ უნარებს დახვეწენ. ასეთი ცენტრალიზებული ინსტიტუცია იყო უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც დღეს, სამწუხაროდ, კვლავ ლიკვიდირებულია და არ მუშაობს. ეს ინსტიტუტი იყო ის ორგანიზაცია, რომელიც განწყობის ფსიქოლოგიაში კვლევებს აწარმოებდა და შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობით მთელ რიგ სტრატეგიებს აგებდა. მაშინ სახელმწიფო მწყობრად ფუნქციონირებდა და 90-იან წლებამდე უზნაძის სკოლა მსოფლიო მნიშვნელობის სკოლად ითვლებოდა. ამ პერიოდში მომუშავე ფსიქოლოგების რეკომენდაციები სასკოლო სწავლებაშიც გამოიყენებოდა და დღესაც ასე უნდა იყოს. თანამედროვე გამოწვევები აღარ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მხოლოდ ფუნდამენტური კვლევების სფეროში ვიმუშაოთ, ჩვენ უნდა ავიღოთ გეზი ამ კვლევებზე დაყრდნობით პრაქტიკული მეთოდიკების შექმნისკენ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი დისტანცია არ გვაშორებს იმ სამომავლო პერსპექტივას, რომ უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი აღდგება და ჩვენ ახალი ძალებით, ახალი ენერგიით, ახალ დონეზე ჩავებმევით ჩვენი სკოლის განვთარებისა და დახვეწის საქმეში.
როგორი პრაქტიკაა ამ მხრივ განვითარებულ ქვ ეყნებში? რა ფორმის ურთიერთობებია სკოლის ფსიქოლოგებსა და ბავშვებს შორის?
– ყველა ქვეყანას სხვადასხვა სისტემა აქვს. ევროპულ გაერთიანებაშიც კი სხვადასხვა ქვეყნებს მეცნერებაში ზუსტად ერთი და უნიფიცირებული არაფერი გააჩნით. თუმცა, გარკვეული საერთო კრიტერიუმები, რა თქმა უნდა, არსებობს. ძირითადად იმ ფორმის ურთიერთობებია, რაზეც ზემოთ ვისაუბრე – მეგობრული დამოკიდებულება, კონფლიქტების თავიდან აცილება, პრობლემის დროულად დანახვა და ა.შ. დიახ, ჩვენ გვაქვს გეზი ევრინტეგრაციისკენ, მაგრამ ჩვენი ადგილობრივი სპეციფიკა და კონტექსტი არ უნდა დავივიწყოთ. ხშირად შეცდომა სწორედ აქ არის – ევროპაში ასეა და ჩვენც ახლავე ასე უნდა გავაკეთოთ. ჯერჯერობით რომ შორს ვართ ევროპისგან და უახლოეს ათწლეულებში რომ იქ ინტეგრაცია არ გვიქადის, სამწუხაოდ, ისიც უდა გავითვალისწინოთ.
რა პრობლემებს აგვარიდებს თავიდან საქართველოში სკოლის ფსიქოლოგის პრაქტიკის შემოტანა?
– სკოლის ფსიქოლოგი ვერ იქნება იმ კვალიფიკაციის, რომელიც რთული პრობლემების მქონე ბავშვებთან მოახერხებს ფუნდამენტური, სერიოზული მუშაობის ჩატარებას, მაგრამ პრობლემის შეფასება ნამდვილად მის კომეტენციაში შედის. ბავშვებს მეტი ყურადღება მიექცევათ და პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ისინი დროულად გადამისამართდებიან სპეციალისტთან, რომელიც მათ დახმარებას შეძლებს. სკოლის ფსიქოლოგი ბევრ სტრესს, კონფლიქტსა და დაძაბულობას აგვარიდებს თავიდან, რაც ჩვენი ბავშვების ბედნიერ მომავალს გნაპირობებს.
როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა, რომ სკოლაში იყოს ფსიქოლოგი?
– ფსიქოლოგი, რა თქმა უნდა, ყველა სკოლას უნდა ჰყავდეს. არ შეიძლება, რომ გამართული ფსიქოლოგიური სამსახურის გარეშე განათლებასა და აღზრდაზე გვქონდეს პრეტენზია. სრულიად განათლების სისტემა, სკოლამდელი თუ სასკოლო, განვითარების ფსიქოლოგიას ემყარება. ფსიქოლოგი სასწალო–აღმზრდელობით პროცესში მასწავლებელს ეხმარება. ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახში დათრგუნული ბავშვი ნეგატიურ ემოციებს სწორედ სკოლაში ავლენს და მისი ქცევა სკოლის სტანდარტებს არ შეესაბამება. ამიტომ, აუცილებელია, რომ სკოლას ჰყავდეს ფსიქოლოგი და ამ ფსიქოლოგს მოსწავლის პრობლემაზე მუშაობა შეეძლოს. ფსიქოლოგში აუცილებლად ვგულისხმობ კვალიფიციურ კადრს და არა მხოლოდ ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტს, რომელსაც პრაქტიკული გამოცდილება არ აქვს. ფსიქოლოგის სკოლაში ყოფნის აუცილებლობას კათალიკოს–პატრიარქიც ყოველთვის აღნიშნავს, რადგან მან პედაგოგიკაც და ფსიქოლოგიაც ძალიან კარგად იცის.
რატომ არის აუცილებელი ბავშვებისთვის სკოლის ფსიქოლოგთან ურთიერთობა? რა როლს ასრულებენ ისინი ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში?
– პირველ რიგში, სკოლის ფსიქოლოგი მოსწავლეებს სკოლაში ადაპტაციაში ეხმარება. მას შეუძლია, რომ ბავშვს ემოციებზე სახელის დარქმევა და მათი სწორი გამოვლენა ასწავლოს. ის სკოლის ფსიქოლოგი, რომელიც აქტიურად არის ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, ბავშვის ქცევას ყოველთვის აკვირდება და არასასურველი ქცევის დროს მას ამის შეცვლის უნარი შესწევს. მოგეხსენებათ, ფსიქოლოგები მუშობენ ბავშვის მოტივაციაზე, წარმატებისკენ სწრაფვაზე, შესაბამისად, ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში მათი გვერდში დგომა აუცილებელია. უპირობო მიღება ფსიქოლოგების მთავარი წესია. მოზარდობის ასაკში ოჯახი უკვე აღარ არის ავტორიტეტი და ამ როლს, ძირითადად, სამეგობრო წრე ითავსებს. ამ დროს ყოველთვის არის საშიშროება იმისა, თუ რა გზას დაადგება ჩვენი შვილი, როგორი ინტერესები ჩამოუყალიბდება, ნამდვილად შეძლებს თუ არა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას. სწორედ ამ დროს არის აუცილებელი თქვენი ბავშვის გვერდით კვალიფიციური ფსიქოლოგის დგომა, რათა მან საკუთარი სურვილების გაგება-გაანალიზება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეძლოს. ბავშვები მიჯაჭვულნი არიან ტექნიკას, ოჯახებშიც სოციალური ფონის გამო არ არის მშვიდი ვითარება, შესაბამისად, ბავშვის ფსიქიკა დღეს უფრო მეტად არის საფრთხეში,ვიდერე უწინ იყო.
როგორი პრაქტიკაა ამ მხრივ განვითარებულ ქვეყნებში? რა ფორმის ურთიერთობებია სკოლის ფსიქოლოგებსა და ბავშვებს შორის?
– უცხოეთის ქვეყნებში სკოლაში ფსიქოლოგის სავალდებულო შტატი არსებობს, ისინი ყოველდღიურ აქტივობებში არიან ჩართულნი. გარდა ამისა, გერმანიის რამდენიმე ქალაქში ფსიქოლოგებს გაკვეთილების შემდგომ სპეციალური საათებიც აქვთ, როდესაც ისინი მშობლებს ხვდებიან და მათ ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აცნობენ. ამასთან, დაწყებით სკოლაში არის ინტერგრირებული გარემო და გარკვეულ გაკვეთილებზე დასწრება მშობელსაც შეუძლია. ეს აახლოებს მშობელს და ბავშვს და მათ შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროს ქმნის. ყოველივე ამაში დევს ფსიქოლოგიის არსი -ერთმანეთთან დააახლოოს მშობელი და ბავშვი, შექმნას ბავშვისთვის ფსიქოლოგიურად უსაფრთხო გარემო. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში დიდი ყურადღება ექცევა ფსიქოლოგიას, როგორც მეცნიერებას და იგი სათანადოდ არის დაფასებული. თითოეული ოჯახი ცდილობს, ჰყავდეს ფსიქოკონსულტანტი, რომელიც მათ ცხვორების დაგეგმვაში დაეხმარება. ეს საქართველოში , ჯერჯერობით, უცხო ხილია.
რა პრობლემებს აგვარიდებს თავიდან საქართველოში სკოლის ფსიქოლოგის პრაქტიკის შემოტანა?
მე, როგორც ფსიქოლოგს, ყველაზე მეტად ბულინგი ანუ ჩაგვრა მაწუხებს. თბილისის აბსოლუტურად ყველა სკოლაში არის ბულინგის შემთხვევები. ჩვენი ცენტრი ამ საკითხთან დაკავშირებით თითოეულ სკოლაში უფასო ლექციებსა და შეხვედრებს ატარებს, მაგრამ, დამეთანხმებით, ეს საკმარისი არაა. მთავარა, რომ ადგილზე მოხდეს ფსიქოლოგის ჩარევა და ყოველდღიური პრევენციული ღონისძიებების გატარება. ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი ბულინგის მსხვერპლია, განსაკუთრებით თბილისის ცენტრში არსებულ სკოლებში. რა თქმა უნდა, ამ თემაზე ღიად არცერთი ბავშვი არ საუბრობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მასწავლებელების არაკვალიფიციურობაც დიდ პრობლემას ქმნის – ხშირად მასწავლებელი ბავშვს პირვნებად არ აღიქვამს. სკოლის ფსიქოლოგი კი არის ადამიანი, რომელმაც მსგავსი პრობლემები უნდა მოაგვაროს და ბავშვს წარმატებულ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებელში, რომლის დირექტორიც თქვენ ბრძანდებით, არის ფსიქოლოგი. რა დატვირთვა აქვს მას? რატო არის სკოლაში ფსიქოლოგის ყოფნა კარგი?
– ჩვენთან ფსიქოლოგი კვირაში სამჯერ მოდის. მას დატვირთვა აქვს იმდენად, რამდენადაც საჭიროება მოითხოვს. შესაძლებელია ბავშვს ჰქონდეს დასწავლის ან კომუნიკაციის პრობლემა, რაც საკმაოდ ხშირია. ან ვთვათ, იგი იყოს აგრესიული. კლასში გამოკვეთილი გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად მასწავლებელი ფსიქოლოგს მიმართავს. ზოგადად, სკოლაში ფსიქოლოგის ყოფნა არ არის ცუდი. ეს პრობლემების მოგვარების დამხმარე საშუალებაა – მე არ ვიტყვი, რომ ერთადერთი და უნიკალური, მაგრამ დამხმარე აუცილებლად. ამასთან, აღვნიშნავ, რომ ყველა პედაგოგს ელემენტარული ფსიქოლოგიური განათლება უნდა ჰქონდეს და, მშობლებთან და ადმინისტრაციასთან ერთად, მათაც უნდა შეეძლოთ გარკვეული პრობლემების მოგვარება. მაშინ, როდესაც უკვე მშობლები, პედაგოგები და ადმინისტრაცია რაღაცას ვერ აგვარებენ, სასურველია, რომ საკითიხის განხილვაში ფსიქოლოგი ჩაერიოს.
რა ტიპის ურთიერთობაა სკოლის ფსიქოლოგსა და მოსწავლეებს შორის?
– სკოლის ფსიქოლოგი არის ჩვეულებრივი თანამშრომელი და ბავშვებს ისეთი ურთიერთობა აქვთ მასთან, როგორიც სხვა თანამშრომლებთან. მოსწავლეებმა იციან, ვინ არის ჩვენი ფსიქოლოგი და სად შეიძლება მისი მოძებნა. თუკი ვინმეს რამე პრობლემა აქვს, სპეციალისტთან გასაუბრება თავისი სურვილითაც შეუძლია. ასევე შესაძლებელია, რომ ბავშვთან ფსიქოლოგის გასაუბრება მშობელმაც მითხოვოს. ფსიქოლოგსა და მოსწავლეებს შორის არ არის ყოველწუთიერი და ყოველწამიერი ურთიერთობა, მაგრამ როდესაც ფსიქოლოგი სკოლაშია, ის ყოველთვის დატვირთულია – ზოგჯერ ესწრება გაკვეთილებს, აკვირდება მოვლენებს, შემდეგ თავის დასკვნებს გვიზიარებსდა ა.შ. კიდევ ვიმეორებ, რომ ფსიქოლოგი არ არის ერთადერთი, მაგრამ ძალიან კარგი დამხმარე საშუალებაა პრობლემების მოსაგვარებლად.
ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც თქვენს სკოლაში რაიმე პრობლემა სწორედ ფსიქოლოგის ჩარევით მოგვარდა?
– შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს სკოლაში დიდი და სერიოზული პროობლემები არ ყოფილა, მაგრამ პატარ-პატარა საკითხები ფსიქოლგის დახმარებით, რა თქმა უნდა, მოგვარებულა. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბავშვს აქვს დასწავლის ან მეტყველების პრობლემა და ასეთ პატარებს ჩვენი ფსიქოლოგი სპეციალურ სავარჯიშოებს აკეთებინებს. უფრო კონკრეტულად არ მახსენდება რამე, რაც ჩვენ ვერ მოვაგვარეთ და ფსიქოლოგმა მოგვიგვარა, მაგრამ ასეთი შემთხვევები არსებობს.
რა უპირატესობა აქვს სკოლაში ფსიქოლოგის არსებობას? რას ურჩევდით სხვა სკოლებს?
– მე სხვა სკოლებს ვურჩევდი, რომ ფსიქოლოგი ნამდვილად არის ძალიან სერიოზული დამატებითი საშუალება იმისა, რომ მოგვარდეს როგორც ურთიერთობების, ასევე ბავშვის პიროვნული პრობლემები, აღმოიფხვრას კონფლიქტები და ა.შ. თუ ფსიქოლოგი ამოიცნობს კონკრეტულ პრობლემას და ვერ მოერევა მას, იგი მოსწავლეს შესაბამის სპეციალისტთან გადაამისამართებს, ასე სიტუაციის უფრო გართულებას ავირიდებთ თავიდან. რა საკვრველია, ეს ძალიან კარგი რესურსია და მე ყველა სკოლას ვურჩევდი, რომ ფსიქოლოგი ჰყავდეს. საერთოდ, უფრო მეტიც, ფსიქოლოგია სკოლაშიც უნდა ისწავლებოდეს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენთან არ ხდება. ბავშვი უნდა ეცნობოდეს პრაქტიკულ ფსიქოლოგიას, ფსიქოლოგიის საფუძვლებს იმისთვის, რომ ელემენტარული წარმოდგენა ჰქონდეს ამ პროფესიაზე და შესაძლებელია, თავადაც დაინტერესდეს მომავალში მისი შესწავლით.
განათლების სამინისტროს ორი კითხვით მივმართეთ: რატომ არ არის საქართველოს სკოლებში ფსიქოლოგი და აპირებენ თუ არა მომავალში განვითარებული ქვეყნების ამ გამოცდილების გაზიარებას. პასუხის დაბრუნება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა. ამ საკითხზე ყურადღებას ვამახვილებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ თავად სამინისტროს თანამშრომლები ვერ ხვდებოდნენ, ვის უნდა ეპასუხა ჩვენთვის. ეს არ იყო უყურადღებობა, ეს იყო არაკომპეტენტურობა და საკითხის არცოდნა. ბუნებრივია, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ სკოლაში ფსიქოლოგის შტატის მნიშვნელობა სრულიად არ აქვთ გააზრებული. ბევრი რეკვის, გადამისამართებისა და მრავალი სხვა შემაფერხებელი ფაქტორის შემდეგ, მათ გამოგვიგზავნეს პასუხი, რომელიც, რეალურად, ჩვენი კითხვებისგან ძალიან შორს დგას. განათლების სამინისტრომაქცენტი გააკეთა ინკლუზიურ განათლებაზე და ვერ შეძლო, ჩვენს კითხვებზე გასაგებად ეპასუხა. აშკარაა, რომ სამინისტროში სკოლის ფსიქოლოგის პრაქტიკის შესახებ არანაირი მსჯელობა არ მიმდინარეობს. მათ პასუხს სრულად გთავაზობთ და დასკვაც თქვენ თავად გამოიტანეთ:

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2005 წლიდან, საგანმანათლებლო სისტემაში მთელი საქართველოს მასშტაბით ინტენსიურად ინერგება და ვითარდება ინკლუზიური განათლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, დღეისათვის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 4 500-მდე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე სწავლობს.
შესაბამისად, განათლების მინისტრის #448-ე ბრძანების მე-17 მუხლის დ) პუნქტის თანახმად განისაზღვრება საშტატო განრიგი, რომელიც შეიძლება შედგებიდეს შემდეგი საშტატო ერთეულებისგან: დირექტორი; დირექტორის მოადგილე; ბუღალტერი; ბიბლიოთეკარი; საქმისმწარმოებელი; მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორი; საინფორმაციო მენეჯერი; ადმინისტრატორი; ფსიქოლოგი ან/და სპეციალური პედაგოგი ან/და ინკლუზიური განათლების კოორდინატორი (თუ სკოლას ჰყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე, რომელიც შეფასებულია მულტიდისციპლინური გუნდის მიერ და არსებობს შესაბამისი დასკვნა)“;
გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დადგენილი წესის სპეციალური მასწავლებელს და ფსიქოლოგს, გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება.
ასევე 2013 წლის სექტემბრიდან ,,ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 იანვრის N9 დადგენილებაში შევიდა ცვლილება და მე-13 პუნქტად დაემატა დამატებითი დაფინანსების ოდენობა, რაც მიზანმიმართულად განსაზღვრულია საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის;
საჯარო სკოლებში ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით სკოლებს გამოეყოფა დამატებითი დაფინანსება:
- 1-დან 6 სსსმ მოსწავლის ჩათვლით სკოლამ აიყვანოს -1 სპეციალისტი (ფსიქოლოგი ან სპეც. მასწავლებელი ან კოორდინატორი);
- 7-დან 13 სსსმ მოსწავლის ჩათვლით სკოლამ აიყვანოს -2 სპეციალისტი (ფსიქოლოგი ან სპეც. მასწავლებელი ან კოორდინატორი);
- 14 დან 23 სსსმ მოსწავლის ჩათვლით სკოლამ აიყვანოს -3 სპეციალისტი (ფსიქოლოგი ან სპეც. მასწავლებელი ან კოორდინატორი);
- 23-ზე მეტი სსსმ მოსწავლე – 4 სპეციალისტი“.
მასალა მოამზადა
თეა ღვინაძემ











