• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფრთხილად ორმოა! – რატომ ფუჭდება თბლისის გზები ასე ხშირად?!

11 years ago
კატეგორია: ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
ფრთხილად ორმოა! – რატომ ფუჭდება თბლისის გზები ასე ხშირად?!
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

არ მესმის ადამიანების, რომელთაც ფეხით სიარული არ უყვართ! ალბათ იმიტომ, რომ მე ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ამაში გარემო და ამინდიც ხელს მიწყობს. ფეხით სიარული განმარტოებისა და ფიქრის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გზაა – მიდიხარ შენთვის და ათასი აზრი მოგდის თავში. ნელ-ნელა სიარულში ამ აზრებს თუ გაფილტრავ, შეიძლება, ერთი ჭეშმარიტი იდეაც კი შემოგრჩეს ხოლმე. თან ათვალიერებ გარემოს, ადამიანებს, მრავალ საინტერესოს ხედავ და დანიშნულების ადგილამდე მისვლაც უფრო სახალისო ხდება. ამასთან, ფეხით სიარული ჯანმრთელობაცაა – ის გულის მუშაობას, მეხსიერებას, სუნთქვას აუმჯობესებს და, ზოგადად, ორგანიზმსაც აჯანსაღებს.

თუმცა, არსებობს ერთი ფაქტორი, რომელიც თანამედროვე სამყაროში ფეხით სიარულით მიღებულ სიამოვნებას უფრო იშვიათსა და მიუწვდომელს ხდის – დრო. დრო, რომელიც 21-ე საუკუნეში მოქმედების შემაბრკოლებელ ყველაზე მნიშვნელოვან მიზეზად იქცა. ახლა დღე-ღამეში 24 საათი ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ყველაფრის გაკეთება მოასწრო. ყველაფრის თუ არა, ყველაზე მთავარისა და გადაუდებელის მაინც – რომ აღარაფერი ვთქვათ იმ გეგმებზე, რომლებიც გულის სიღრმეში არსებული მიზნების მიღწევისთვის გვაქვს შედგენილი, დრო კი ძალიან ცოტაა მათ შესასრულებლად. მოკლედ, დღევანდელ მსოფლიოში დრო ყველაზე ძვირფასია და ჩვენც გვიწევს, რომ ყველაფრის აჩქარებულ ტემპს შევეგუოთ.

აჩქარდა მთლიანად სამყარო, ყველა და ყველაფერი. ჩვენ სულ ვფიქრობთ, რომ სადღაც მისვლა ან რაღაცის გაკეთება დროის განსაზღვრულ მონაკვეთში მოვასწროთ, რადგანაც „მერე“ უკვე დაგვიანებულია. ყველაფერთან ერთად, ჩვენი ცხოვრების რიტმიც შეიცვალა. ჩვენ აღარ გვაქვს დრო იმისთვის, რომ დღის განმავლობაში რამდენიმე საათი, თუნდაც, ფეხით სიარულს ან სეირნობას დავუთმოთ. გადაადგილების მთავარ ფორმად იქცა მანქანა თუ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ჩვენზე ბევრად სწრაფია და, შესაბამისად, დროის მოგების საშუალებას გვაძლევს.

ტრანსპორტით ვსარგებლობთ ყველა – იქნება ეს საკუთარი მანქანა, ავტობუსი, ტაქსი თუ სხვა. ჩვენ დავდივართ თბილისის ქუჩებში და უამრავი რამ გვაწუხებს: ფანჯრიდან ვხედავთ დანაგვიანებულ ქალაქს, ერთი მძღოლი მეორე მძღოლს უყვირის, საცობია, ვიღაც გზაზე გადარბის ან მოძრაობის წესებს არღვევს… ამ ფიქრებში ვართ და მძღოლიც გზაზე ამოთხრილ ორმოს ან ამოყრილ ასფალტს გვერდს ვერ უვლის, ჩვენც სავარძლიდან ვვარდებით და მერე ვინ იცის…

6ef10af579.images.new_photo.fotoambebi.cudi-gzaთბილისში სწორი და გამართული გზის აშკარა ნაკლებობას განვიცდით. ალბათ, შეუძლებელია, რომ გათენდეს დღე და გზის სარემონტო სამუშაო არსად იყოს ჩასატარებელი. მიუხედავად იმისა, რომ თბილისი პატარა ქალაქია, მისი ყველა ქუჩისა თუ უბნის ერთდროულად მოწესრიგება წარმოუდგენელია, მაგრამ ასე ყველა გზა ერთად რამ გააფუჭა?! სადაც არ უნდა გავიაროთ, ყველგან გვხვდება შიგადაშიგ ამოყრილი ასფალტი, ამოთხრილი გზა, რომელსაც ყურადღებას დიდი დროის განმავლობაში არავინ აქცევს. ისეც ხდება, რომ კონკრეტულ ადგილას ხშირად მოძრავი მძღოლები იმის დამახსოვრებასაც ასწრებენ, თუ სად არის ამოთხრილი, სად უნდა მიუხვიო, სად უნდა „ააცილო“ და ა.შ. 5d1a228560.images.new_photo.sazogadoeba.aspaltეს ფაქტი კი უკვე იმაზე მეტყველებს, რომ დაზიანებული გზები თავიანთ მდგომარეობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ.

მეორე საკითხია, რომ გზა კეთდება, მაგრამ რამდენი ხნით? ერთი კვირით? ერთი თვით? ცოტა ხნის წინ, მე და ჩემი მეგობარი მანქანით მივდიოდით. ვსაუბრობდით, როდესაც აბსოლუტურად მოულოდნელად მანქანის ბორბალი ამოყრილი ასფალტის ადგილას ჩავარდა და არ დამავიწყდება ჩემი მეგობრის რეპლიკა: „ უი, 2 დღის წინ ეს აქ არ იყო და არ ველოდიო“. რას ნიშნავს 2 დღის წინ არ იყო? ანუ ასეთ მცირე პერიოდში შეიძლება, გზა უკიდურეს მდგომარეობამდე დაზიანდეს? აქ უკვე მასალის ხარისხის პრობლემა იკვეთება, თუმცა კიდევ არის მრავალი პატარ-პატარა საკითხი.

11265232_1097619573598409_1471485405804577856_n

ჩვენ ვიცით, რომ გზების პრობლემა თბილისში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს აწუხებს. სწორედ ამიტომ, „თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა ამ საკითხით და კითხვებით  თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს მივმართეთ. მათგან ძალიან მოკლე და სიტყვაძუნწი პასუხი მივიღეთ:

11272214_947132191997578_1896977371_n

ქალაქ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და რეაბილიტაციაა. რამდენად ხშირად ახორციელებს მერია დაზიანებული გზების აღმდგენით ღონისძიებებს?

– ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის მიერ გზის საფარის აღდგენა-რეაბილიტაცია საჭიროებიდან და ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე ხორციელდება.

არსებობს თუ არა მერიის სპეციალური სამსახური, რომელიც თავად ახორციელებს გზების რეაბილიტაციას? თუ კერძო კომპანიებთან თანამშრომლობთ?

– მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცხადდება ელექტრონული ტენდერი და პროცედურების მიხედვით გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია  შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს.

 რა დონეზე უნდა იყოს დაზიანებული გზა, რო მისი აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს?

 – გზის საფარის საცვეთი ფენის ცვეთის ან ორმოული დაზიანების შემთხვევაში  გზის აღმდგენითი სამუშაოები სრულდება.

კონტროლდება თუ არა მომუშავე პერსონალის საქმიანობა და გამოყენებული მასალის ხარისხი გზის რეაბილიტაციის პერიოდში? თუ კი, მაშინ რა ფორმით?

 – სსიპ მუნიციპალური ლაბორატორია გზის საფარის დაგებისას იღებს ნახევარსინჯებს, ხოლო დაგების შემდგომ კერნების ჭრის სინჯებს და ამოწმებს.

რასთან არის დაკავშირებული ის, რომ მთელი გზის რეაბილიტაციის ნაცვლად მხოლოდ პატარ-პატარა მონაკვეთების აღდგენა მიმდინარეობს? რატომ არ ხდება მათი სათანადო და სრული რეაბილიტაცია?

– რამოდენიმე ორმოს გამო მთლიანი ქუჩის გზის საფარის დაგება არაგონივრული და არაეკონომიურია.

შეიძლება, არაგონივრულია, მაგრამ ბევრს მაინც აწუხებს თბილისში პატარ-პატარა ორმოების განუსაზღვრელი დროით არსებობა და მათი მდგომარეობის გარდაუვალი გაუარესება. მაგრამ, ალბათ, ჯერ გზის საფარის აღდგენა-რეაბილიტაციის „საჭიროება“ არ დამდგარა. იქიდან გამომდინარე, რომ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის პასუხი ძალიან მცირე იყო და გზების დაგების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მოპოვება მსურდა, სხვა წყაროთიც დავინტერესდი. გზების სამშენებლო და სარეაბილიტაციო კომპანია „ჯეუ გრუპს“ დავუკავშირდი და აღნიშნული საკითხის შესახებ კომპანიის დამფუძნებელს, გიორგი თავართქილაძეს ვესაუბრე:

 11119645_947898495254281_945279850_n

რამდენად სწორია გზის რეაბილიტაცია მხოლოდ მისი პატარ-პატარა მონაკვეთების აღდგენის ხარჯზე?

– ეს გზის საფუძველის დაზიანებდან გამომდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე უნდა განისაზღვროს, გზა ორმულ შეკეთებას ექვემდებარება თუ სრულ კაპიტალურ გაახლებას საჭიროებს. თუ გზა არის ზედაპირულად დაზიანებული, მაშინ მისი ორმოული დამუშავება შესაძლებელია – ეს კონკრეტულად გაფუჭებული უბნების აღდგენას მოიცავს. ხოლო თუ გზა საფუძვლიანად არის დაზიანებული, მაშინ მისი სრული რეაბილიტაციაა საჭირო.

ასფალტის დაგების და სხვა აღმდგენითი სამუშაოების დროს რა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი?

 – პირველ რიგში, გზის დაზიანების მიზეზები უნდა გამოვიკვლიოთ. ეს მნიშვნელოვანია, რათა შემდგომ ახლადრეაბილიტირებული გზის ხელახლა გაფუჭება იმავე ფაქტორებმა არ განაპირობონ. პრაქტიკულად, გზის სამომავლო მდგომარეობასა და სწორ ექსპლუატაციას რეაბილიტაციის სწორად დაპროექტება განსაზღვრავს. ზოგადად, გზის პირველი მტერი წყალი და მცოცავი ქანები გახლავთ, ასე რომ, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დროს ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიების ჩატარებაა საჭირო.  ეს საფუძველისა და ასფალტის საფარის წყლით წარეცხვასა და სხვა სტიქიური მოვლენებით დაზიანებას თავიდან აგვარიდებს. ამავდროულად, ასფალტის საფარის დაგების დროს მშენებელმა  ქანობების დაცვა უნდა გაითვალისწინოს – საპირისპირო შემთხვევაში წყალი დაგუბდება, რაც, საბოლოო ჯამში, აჩენს ორმოებს და გზის საფუძველს აფუჭებს

რა არის საჭირო იმისთვის, რომ დაგებული გზა იყოს გამძლე და ხარისხიანი?

– იმისთვის, რომ საავტომობილო გზა იყოს ხარისხიანი, პირველ რიგში, უნდა შედგეს პროექტი, რომელშიც საფუძვლიანად იქნება გათვლილი ყველა საჭირო ღონისძიება, რომელიც საავტომობილო გზის მაქსიმალურად დიდი ხნით ექსპლუატაციაში ყოფნას  უზრუნველყოფს. ამის შემდგომ, იწყება უკვე უშუალოდ სამშენებლო პროცესი – გზის დაგებისთვის საჭირო ყველა გამოსაყენებელი მასალა (ქვიშა-ხრეში, ფრაქციული ღორღი, ბიტუმის ემულსია, ასფალტბეტონი) უნდა იყოს ხარისხიანი, ანუ უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. მასალების ხარისხი განსაზღვრავს გზის, როგორც კონსტრუქციის, სწორ მუშაობას და, ავტომატურად, მისი ვადიანობასაც. ამავდროულად, ასფალტის დაგების პროცესში მნიშვნელოვანია თვითონ ასფალტბეტონის ტემპერატურა – ასფალტი არ უნდა გაცივდეს. ქარხნიდან გამოტანის შემდგომ ასფალტი კონკრეტულ მისამართზე მაქსიმალურად სწრაფად უნდა გადამისამართდეს. (არსებობს სტანდარტები, რომლებიც ტრანსპორტრების მაქსიმალურ მანძილს განსაზღვრავენ) მასალების ხარისხის გარდა, მნიშვნელოვანია თვითონ დაგების პროცესში სწორი მექანიზაციის გამოყენება. მარტივად რომ ვთქვათ, არსებობს საერთაშორისო სტანდარტიიმის შესახებ, თუ რა რაოდენობის, რა სახის და რა სიმძლავრის მექანიზაციამ უნდა იმუშაოს საავტომობილო გზის დაგებისას. სტანდარტების დაცვის შემთხვევაში მშენებელი აუცილებლად მიიღებს საჭირო კოეფიციენტს და საბოლოო ხარისხს.

რა არის იმის მიზეზი, რომ ჩვენს რეალობაში ხშირია შემთხვევა, როდესაც თავიდან დაგებული ასფალტი ერთი თვის შემდეგ ისევ ადრინდელ მდგომარეობას უბრუნდება?

 – ზოგადად, დიდ ქალაქებში (ევროპის დიდ ქალაქებშიც) ხშირია გზის ნაწილობრივი დაზიანება, რადგან საკომუნიკაციო ქსელები მნიშვნელოვნად აფუჭებენ ასფალტის საფუძველსა და საფარს კერძოდ, წყლის ან კანალიზაციის მილის უმნიშვნელო დაზიანებისასაც კი, ოდნავ გამოჟონილი წყალი კონკრეტულ მონაკვეთს საკმაოდ დიდი რადიუსით ვნებს. სხვა შემთხვევებში, გზის სწრაფად გაფუჭება სამუშაოების უხარისხოდ შესრულების, არასწორად დაპროექტების ან უხარისხო მასალის გამოყენების ბრალია.

როგორც ხედავთ, არსებობს ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელიც გზის ვადიანობას და ხარისხიანობას განაპირობებს. ვერ გეტყვით, რამდენად ეფექტურად მოწმდება ეს ყველაფერი სსიპ მუნიციპალური ლაბორატორიის მიერ ან რამდენად ხშირად ხდება დარღვევების აღმოჩენა, მაგრამ ერთი ფაქტია – არსებობს მიზეზი ან მიზეზები, რომლებიც გზების ასე ხშირად გაფუჭებას განაპირობებს და მათი აღმოფხვრა საჭიროა.

ყველა ჩვენგანი მგზავრობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და ჩვენც გვაწუხებს ამოთხრილი გზა თუ ამოყრილი ასფალტი, თუმცა არა ისე, როგორც თავად ავტომობილის მძღოლებს. თუ რომელიმე თქვენგანი მძღოლია, ალბათ მიხვდით, რაზეც ვსაუბრობ – ეს არის თქვენი მანქანა, რომელსაც დაზიანებული გზა თავისთავად ვნებს, ნებისმიერი ზარალის აღმოფხვრა კი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. თქვენ გიწევთ ზედმეტი თანხის მოძიება და სირბილი ხელოსანთან, რომელიც მანქანას შეაკეთებს. ჩვენ თქვენთვის სასარგებლო რჩევების მოცემა გადავწყვიტეთ – იმის გასარკვევად, თუ რომელ ნაწილს უნდა გავუფრთხილდეთ ყველაზე მეტად არსებული საგზაო პირობებიდან გამომდინარე, რა თანხებთან არის დაკავშირებული მათი შეკეთება და როგორ უნდა დავიყვანოთ მანქანის დაზიანების მაჩვენებელი მინიმალურ დონემდე, „თბილისი თაიმსი“ ავტოპროდუქტებისა და ავტომომსახურების კომპანია „თეგეტა მოტორსის“ წარმომადგენელს, ლევან სუხიტაშვილს ესაუბრა:

11297467_947132271997570_297811729_o

ბუნებრვია, რომ დაზიანებულ გზებზე მოძრაობა აუცილებლად ვნებს ავტომობილს. დღეს გზებზე არსებული პრობლემებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად მანქანის რომელი ნაწილი ზიანდება?

– ძირითადი  პრობლემები ექმნება ავტომობილის სავალ ნაწილს. მწყობრიდან გამოდის სავალი ნაწილის ბერკეტები, ამორტიზატორები, რეაქტიული ძელები, ბურთულა სახსრები, წევის დაბოლოებები და ა.შ. ფაქტობრივად ყველა ის საკვანძო ნაწილი, რაც ავტომობილის სავალ ნაწილშია ჩართული. არანაკლები დაზიანებები მოდის ზოგადად ავტომობილის ძარაზეც (ორმოში ძლიერი ჩარტყმის შედეგად შესაძლებელია დაირღვეს ძარის გეომეტრია). ასევე ზიანდება საბურავები და საბურავის დისკებიც. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის აღდგენა და მწყობრში მოყვანა ავტომობილის მფლობელისგან საკმაოდ დიდ ფინანსურ დანახარჯს მოითხოვს. უგზოობის პირობებში ხშირია ამორტიზატორების დაზიანებები, რომლის შეცვლის ღირებულება მერყეობს 20–დან 45 ლარამდე, სათადარიგო ნაწილის ღირებულება, საშუალოდ, 80 ლარიდან  300 ლარამდე. მათთვის, ვინც ავტომობილებში სათანადოდ ვერ ერკვევა, ცნობისათვის, მსუბუქ ავტომობილს უყენია 4 ცალი ამორტიზატორი, შესაბამისად მარტივად შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ამ დეტალების შეცვლა. ასევე ხშირია ავტომობილის სავალი ნაწილის დაკიდების ბერკეტის დაზიანებები, რომლის შეცვლის ღირებულებაც მერყეობს სხვადასხვა მარკის ავტომობილებზე 25-დან 70 ლარამდე, ხოლო სათადარიგო ნაწილის ღირებულება საშუალოდ მერყეობს 100-დან 600 ლარამდე. თუ არ მოხდა ავტომობილის სავალი ნაწილის პერიოდული გადამოწმება პროფილაქტიკის მიზნით, შესაძლებელია, ავტომობილის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში ექსპლუატაციამ მძიმე შედეგები გამოიწვიოს. მაგ: სავალი ნაწილის კვანძიდან ტექნიკურად გაუმართავი დეტალის მოძრობა, ავტომობილის მართვის დაკარგვა და, ყველაზე უარესი, ავტოსაგზაო შემთხვევა. ამიტომ, მომხმარებელმა უნდა დაიზღვიოს თავი და პერიოდულად მისი კუთვნილი ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა ავტოსერვისებში გადაამოწმოს, რითაც ზემოთ მოყვანილ შემთხვევებს თავს აარიდებს.

დაზიანებულ გზებზე მოძრაობისას (დაზიანებულში იგულისხმება გზა, რომელიც შიგადაშიგ ამოთხრილია, ამოყრილია ასფალტი…) როგორ უნდა დავიყვანოთ მანქანის დაზიანების მაჩვენებელი მინიმალურ დონემდე?

– მძღოლებმა არამარტო დაზიანებულ, არამედ მოწესრიგებულ სავალ ზედაპირზეც ავტომობილი დაშვებული სიჩქარით, ყურადღებით და მაქსიმალურად კონცენტრირებულად უნდა მართონ. თუ მძღოლი ყურადღებით მართავს ავტომობილს  და სიჩქარეც დასაშვებ ფარგლებშია, იგი დროულად ახდენს რიაგირებას სხვადასხვაგვარ დაბრკოლებებზე, დროულად ასწრებს დამუხრუჭებას და შესაბამისად იცავს ავტომობილს უგზოობის პირობებში დაზიანებებისაგან.

დაახლოებით, რა თანხებთან არის დაკავშირებული ამ ნაწილების აღდგენა-შეკეთება?

– ავტომობილის აღდგენის და რემონტის ღირებულება საკმაოდ ცვალებადი ციფრია. ეს  დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ნაწილებია გამოსული მწყობრიდან, რა სახის დაზიანებებია, რა ტიპის სამუშაოებია შესასრულებელი, რა მარკის ავტომობილია და ა.შ.  ეს ციფრი შესაძლებელია მერყეობდეს პირობითად 50 ლარიდან 2000 ლარამდე, შესაძლებელია უფრო მეტიც. ავტომობილის რემონტის ღირებულება ინდივიდუალურად განისაზღვრება ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების გზით.

 მასალა მოამზადა

თეა ღვინაძემ

11256481_942697632441034_2127728389_n

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა
ახალი ამბები

“კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა

12/04/2025
„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს
ახალი ამბები

„ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს

12/04/2025
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა
ახალი ამბები

მართალია, არ მიყურებია განათლების რეფორმებისთვის, მაგრამ გადასარევი რეფორმებია – ხატია სიჭინავა

12/02/2025
ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In