უკრაინის ხელისუფლებამ ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს უკრაინაში ჩასვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “2015 წლის 23 ივლისს, სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფარგლებში, საფრანგეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ჟერარ დეპარდიესთან დაკავშირებით, მიღებულ იქნა დადგენილება, მისთვის უკრაინაში შესვლის 5 წლით აკრძალვის თაობაზე. ამ მომენტისთვის დოკუმენტები სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურშია დასამუშავებლად”, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე უკრაინის შავ სიაშიც მოხვდა. აკრძალულია მისი ფილმების ჩვენება და არ შეიძლება მედიაში მისი სახელის გამოყენება. დეპარდიემ უკრაინის კულტურის სამინისტროს სია შეავსო, რომელშიც უკვე 600 ადამიანია მოხვედრილი. ფრანგი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ჟერარ დეპარდიემ “უკრაინული სასჯელი”, რუსეთის სიყვარულისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ დამოკიდებულების გამო დაიმსახურა.






