ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა პარლამენტის წევრებს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აცნობს.
მისი თქმით, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების მაჩვენებელი, საუბარია ნაერთ ბიუჯეტზე, 8 მილიარდ 480 მილიონი ლარია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 5.1%-ს შეადგენს. 2016 წლის ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 8 მილიარდ 355 მილიონი ლარით განისაზღვა. საგადასახო ბიუჯეტის მაჩვენებელი 7 მილიარდ 780 მილიონი ლარით, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 23%-ია.
“გრანტებს ველოდებით 255 მილიონის მოცულობით, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება იქნება 125 მილიონი ლარი, ხოლო საინვესტიციო ე.წ. ხარჯზე მიბმული გრანტები იქნება 130 მილიონი ლარი. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 340 მილიონი ლარით. არაფინანსური აქტივების კლება, ე.წ პრივატიზაცია, ბიუჯეტში განსაზღვრულია 200 მილიონი ლარის ოდენობით. ფინანსური აქტივების კლების მაჩვენებელი 90 მილიონი ლარია, რაც წინა წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაცემული სესხების დაბრუნებაზე მოდის. ვალდებულებების ზრდის სახით, მისაღები სახსრების გეგმა განსაზღვრულია მილიარდ 75 მილიონი ლარით. აქედან, საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება გრძელვადიანი, შეღავათიანი კრედიტები მილიარდ 80 ლიონი ლარის მოცულობის. მსოფლიო ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი საბიუჯეტო დახმარება იქნება 399 მილიონი ლარი. სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების ემისიით და მათი დაფარვის შედეგად სახელმწიფო ვალდებულებების წმინდა ზრდა იქნება 200 მილიონი ლარი. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის შემოსულობების ისევე როგორც გადასახდელების მთლიანი მაჩვენებელი განსაზღვრულია 9 მილიარდ 920 მილიონი ლარის მოცულობის, რისი გათვალისწინებითაც სახელმწიფო ხაზინაზე არსებული ნაშთი დარჩება უცვლელი. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრება 9 მილიარდ 920 მილიონი ლარით, რაც 2015 წლის გეგმას 345 მილიონი ლარით აღემატება”, – აღნიშნა ხადურმა.
მინისტრის თქმით, წარმოდგენილი პროექტი ჯერ კიდევ გადამუშავების სტადიაშია.
“მიმდინარეობს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების განხილვა და პროექტის საბოლოო ვარიანტს საქართველოს პარლამენტში წარმოვადგენთ 30 ნოემბრამდე. ამ პერიოდის განმავლობაში გავაგრძელებთ კომუნიკაციას კომიტეტებთან, ფრაქციებთან, ცალკეულ პარლამენტის წევრებთან იმისათვის, რათა მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ის სულისკვეთება, რომელიც არის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალ წელს შევინარჩუნოთ ეკონომიკის ზრდის ტემპები; გავზარდოთ ეკონომიკა; ეკონომიკა იყოს სტაბილური; ინფლაცია იყოს პროგნოზირებულ პარამეტრებში და ამავე დროს, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა”, – განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, ბიუჯეტის პროექტი მეორედ მთავრობამ პარლამეტში გასულ კვირას შეიტანა, თუმცა მისი კორექტირება არ განხორციელებულა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, რომელიც 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტში გააჩნიათ, პენსიების გაზრდის საკითხია. მთავრობას პარლამენტისგან სხვა შენიშვნებიც გადაეგზავნა, თუმცა ის უკან დაბრუნებულ პროექტში ასახული არ არის. პარლამენტს ბიუჯეტის დასამტკიცებლად ვადა დეკემბრის ბოლომდე აქვს.
სხდომას საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან.













