პატრიარქს არავის ფუნქცია არ სჭირდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი შეწყალების საკითხზე პატრიარქის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საუბარი იყო მხოლოდ უწმინდესობის ჩართულობის გაზრდაზე იმ პროცესში, რასაც შეწყალება ჰქვია.
“დაგვაბრალეს ანტისახელმწიფოებრიობა და ა.შ. ადამიანებმა, რომლებმაც მე მგონია, არ იციან რა არის სახელმწიფო, ან სამშობლო, მაგრამ ეს გასაგებია ჩვენთვის. უბრალოდ საწყენია – ეს ადამიანები საცოდავები არიან, რომლებიც მიზეზს ეძებენ, რომ თავდასხმა გააკეთონ, იქნება ეს პატრიარქის ინსტიტუტი, პატრიარქის პიროვნება თუ მთავრობა, ჩემზე აღარ არის საუბარი. ჩვენზე მიზეზები არ სჭირდებათ, ისედაც გვესხმიან თავს, ამას შეჩვეულები ვართ”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ კონსტიტუციით შეწყალების საკითხი დარეგულირებულია.
“ჩემი განცხადებაც თუ ნახეთ, ვფიქრობ, იქ ყველაფერი წესრიგში იყო. მე იმაზეც მივანიშნე, რომ ეს საკითხი არის დარეგულირებული კონსტიტუციით. შეწყალების კომისიაში ჩემი ინფორმაციით ჩართულია საპატრიარქოს წარმომადგენელი, ერთ-ერთი ეპისკოპოსი. მოვისმინე რა პატრიარქის ემოციური მიმართვა, რა თქმა უნდა, მეც გამიჩნდა ემოციური მოთხოვნილება, რომ მიმემართა კანონმდებლებისთვის და პრეზიდენტისთვის, რომლის უშუალო ფუნქცია არის სწორედ შეწყალება, რომ განეხილათ ისედაც ჩართული საპატრიარქოს როლის გაზრდა ამ პროცესში. აქ რა იყო გაუგებარი, ან ანტისახელმწიფოებრივი არ მესმის. ეს არის უბრალოდ მიზეზი. კიდევ ერთხელ გამოაშკარავდა და გავაშიშვლეთ ეს ადამიანები, რომლებიც თავს დაგვესხნენ ჩვენ ყველას. დაწყებული საპატრიარქოთი – მთავრობაზე აღარ ვსაუბრობ. მე უბრალოდ მაინტერესებს, ამდენი სიძულვილი და აგრესია საიდან დაუგროვდათ ამ ადამიანებს”, – აღნიშნა პრემიერმა.