„საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტით შეუძლია ისარგებლოს მხოლოდ მან, ვისაც არ აქვს კერძო დაზღვევა. საყოველთაო ჯანდაცვის ამოცანა არ არის, რომ ფული გადაუხადოს ყველას, მდიდარს და ღარიბს.ჯანდაცვის პაკეტი გამოსწორდება, გახდება სამართლიანი“. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემა „ღია ეთერში“ ისაუბრა.
„საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის ახალი ტალღა დაიწყო და ცვლილებები შევიდა. ამ სისტემამ არა მარტო გაამართლა, ეს იყო ერთადერთი სწორი გზა. ჯანდაცვა რამდენადაც ყველასთვის აქტუალურია, ამავე დროს ძალიან სპეციფიკური სისტემაა. პირველ ეტაპზე ჩვენი ამოცანა იყო ჯანდაცვის სამი საყრდენი, მიწვდომადობა, ხარისხი და ფასი, გვსურდა რაც შეიძლება სწრაფი ჩარევა განგვეხორციელებინა მიწვდომადობაზე. თუ ხარისხის და ფასის რეფორმაც არ გატარდა, მხოლოდ მიწვდომადობა ხშირად არ არის საკმარისი. ჩვენი მიმდინარე რეფორმები ზის იმ ლოგიკაში, რაც ზოგადად ჯანდაცვის სისტემის ლოგიკაა.
2013 წლიდან დღემდე მონაცემთა ბაზების სრული განახლება ვერ მოხერხდა. 500 ათასზე მეტი ადამიანი, რომელიც სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვით, არ უნდა სარგებლობდეს. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, რომელთაც აქვთ კერძო დაზღვევა არ სარგებლობენ საყოველთაო დაზღვევით, არც უსარგებლიათ და არც მომავალში ისარგებლებენ. ეს არის სწორედ ის კატეგორია, რომელთაც აქვთ მაღალი და საშუალო შემოსავალი. სოციალურად დაუცველებისთვის შეთავაზებულია ორჯერ უფრო დიდი სერვისების პაკეტი, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენისთვის. ეს არ არის წრფივი მოცვა განურჩევლად ყველაფრისა. გამიჯნულია ნახევარი მილიონი. დარჩენილ მოსახლეობაში სოციალურ დაუცველებზე, ბავშვებზე, პენსიონერებზე, სტუდენტებზე დარჩა უფრო მაღალი მოცვა. თუმცა საბაზო საჭიროებები დაფარულია ყველასთვის“.
დავით სერგეენკომ რეფორმის ფარგლებში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დასარეგისტრირებლად კლინიკების სელექტიურ შერჩევაზეც ისაუბრა.
„ნებისმიერი სახელმწიფო, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ მართოს, შექმნას ჯანდაცვის სისტემა, იყენებს ხარისხის და ხარჯეფექტურობის სამ მთავარ პირობას. ეს არის ნებართვების და ლიცენზიების პირობები, ხარისხის კონტროლის სისტემა, არჩევითი, სელექტიური კონტრაქტირება. არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს, რომელიც მარტო ჩვენ მოგვიტანს შედეგს, მაგალითად დაზოგავს საბიუჯეტო თანხებს, მაგრამ პრობლემას შეუქმნის ჩვენს მოსახლეობას.
მთავარი აქცენტებია: პირველადი ჯანდაცვის პრიორიტეტის გაზრდა, ხშირად მიმართავენ პირდაპირ სტაციონარებს, უნდა იყოს პირიქით. ამ პრობლემებს საწყის ეტაპზე ოჯახის ექიმი უნდა აგვარებდეს. მეორე არის ხარისხის კონტროლის სისტემის დაწესება, არჩევითი კონტრაქტირება ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. შემდეგი პრიორიტეტია ფასი, მეოთხე და მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რომ მოწყვლად ნაწილს ჰქონდეს მიწვდომადობა ამბულატორიულ, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე“.
მანანა ღოღობერიძე