„ფემინიზმი იდეაა, რომელიც თანასწორობას მოითხოვს ყველა ველზე“,– ამბობს ჩემი რესპონდენტი. სოციალური და პოლიტიკური თანასწორობა ისაა, რაც მისი საქმიანობის მთავარ მიზანს წარმოადგენს. პასუხისმგებლობა სხვისი უფლებების დაცვის პროცესში და მოვალეობები რომლებსაც საკუთარი არჩევანი განსაზღვრავს – მოკლე მიმოხილვაა იმ საკითხებისა, რომელზეც იურისტი, უფლებადამცველი, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი საუბრობს. „თბილისი თაიმსი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც გაეცნობით, თუ როგორია აქტივისტი ქალის ცხოვრება საქართველოში.
საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ფემინისტი ქალები ებრძვიან კაცებს. როგორ ფიქრობთ, რა ფაქტორებმა გამოიწვია ამ მოსაზრების ჩამოყალიბება და ვინ არიან რეალურად ფემინისტი ქალები?
– ამგვარი ფორმულირება ცალსახად ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია. არასწორი გაგებაა არსებობს არა მარტო ფემინიზმის, არამედ თანასწორობის, რაც გამოწვეულია ინფორმაციის სიმწირით. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოში თანასწორობა პრიორიტეტი არ იყო. დღესდღეობით ბაღებსა და სკოლებში ბავშვებს ისევ არ აქვთ შესაძლებლობა, ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით.
ფემინიზმი აკადემიურად არ შემისწავლია, თუმცა როგორც აქტივისტი ქალი, საკუთარი გამოცდილებით მივედი ამ იდეამდე. ფემინიზმი ჩემთვის თანასწორობაა, მაგრამ ის არ შემოიფარგლება მხოლოდ გენდერის საკითხებით. ხშირად ფიქრობენ, რომ ფემინისტებს მხოლოდ ქალთა უფლებები ადარდებთ, რასაც მე არ ვეთანხმები. ისინი აქტიურები არიან თანასწორობის ყველა ველზე. ფემინიზმი ჩემთვის სოციალურ–პოლიტიკური თანასწორობისთვის ბრძოლაა.
ქალთა რომელი უფლება ირღვევა ყველაზე ხშირად დღეს და როგორ ფიქრობთ უთანასწორობას ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახსა და სამსახურში უწყობენ თუ არა თავად ქალები ხელს?
– ქალების განსხვავებული ჯგუფები არსებობს. მაგალითად, ქალები, რომლებსაც ჰქონდათ განათლების მიღების შესაძლებლობა და რომლებსაც ამის საშუალება არ მიეცათ, დასაქმებული ქალები, დიასახლისები, ტრანსგენდერი ქალები, რომლებსაც ამ ჯგუფს ხშირად არც კი მიაკუთვნებენ, შესაბამისად, პრობლემა მრავალფეროვანია თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო პრობლემა აწუხებს – დისკრიმინაცია. დისკრიმინაციის დაძლევა შესაძლებლობაა, რომ ყველა უფლება ყველა ქალისთვის დაცული იყოს სხვების თანასწორად.
ქალებს ხშირად ამუნათებენ იმის გამო, რომ ვერ გაუმკლავდა მოძალადეს, უარი ვერ თქვა ადრეულ ქორწინებაზე, ხმა ვერ ამოიღო, როდესაც გახდა ძალადობის მსხვერპლი და ეს არის არასწორი მიდგომა, რადგან უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება უსაფრთხოების მინიმალური განცდა. თუ ქალი არის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი დიდ კორპორაციაში, მისგან გმირობას ვერ დაველოდებით,რადგან კორპორაცია თავისი პატრიარქალური კულტურითა და ძალადობის გამყარებული ფორმებით, მას „გაჭყლეტს.“ ერთი ქალი ხშირად წინააღმდეგობას ვერ უწევს ორგანიზაციას და ეს მისი ბრალი არ არის, რადგან ის ერთია.
უთანასწორობის დასაძლევად ჩვენ ვითხოვთ კვოტირებას. ხშირად ამბობენ, რომ თანამდებობაზე მოსული ქალი იქცევა, როგორც კაცი. რთულია პატრიარქალურ სისტემას დაუპირისპირდე და თქვა, რომ დღეიდან ასე აღარ იქნება როდესაც ხარ ერთი. სახელმწიფომ ფემიციდის კანონმდებლობაზე თქვა უარი, სექსუალური შევიწროება არ შეიტანა ცვლილებებში, შესაბამისად, ქალებს გაუცრუვდათ იმედი, რომ არსებობს პოლიტიკური ნება.
როგორც ვიცი, გარდა თქვენი საქმიანობისა, პარალელურად თავადაც სწავლობთ. თუ შეგიძლიათ დეტალურად მესაუბროთ სწვლასა და ლექტორობის პერიოდზე, როგორი გამოცდილება მოგცათ ლექტორობის 4 წელმა და რას ნიშნავს თქვენთვის სტუდენტთან ურთიერთობა, რატომ აღარ ასწავლით ახლა?
– პირველი პროფესიით ვარ ფსიქოლოგი ბაკალავრი და მაგისტრატურა დავამთავრე. მეორე პროფესიით ოკუპაციური თერაპევტი, რომელიც სამედიცინო მიმართულებაა, ბაკალავრი და მაგისტრატურა დავამთავრე ევროპის ქვეყნებში და ამის შემდეგ 4 წლის განმავლობაში ლექციებს ვკითხულობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თუმცა შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ კიდევ მჭირდებოდა განვითარება და ჩავაბარე სამართალმცოდნეობაზე. ამჟამად თავად ვარ სამართალმცოდნეობის მაგისტრატურის სტუდენტი.
სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციურ თერაპიაში ვასწავლიდი სხვადასხვა საგანს. სტუდენტებთან ურთიერთობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი პასუხისმგებლობა იყო. სამწუხაროდ, სტუდენტებს ჰქონდათ შეზღუდული შესაძლებლობა, რომ წაიკითხონ ქართულად ნათარგმნი ლიტერატურა, ან მოიძიონ თანამედროვე ლიტერატურა ან პრაქტიკული კვლევები, თუნდაც გავიდნენ ველზე და თავად იმუშავონ. მე არ მინდოდა ვყოფილიყავი ლექტორი და თუნდაც გარემო ობიექტური ფაქტორების გამო ვერ მიმეცა სათანადო ცოდნა. სწორედ მაღალი პასუხისმგებლობის გამო უარი ვთქვი ლექტორობაზე.
თქვენს ოჯახზე რომ მესაუბროთ თუ შეიძლება. როგორია ანა არგანაშვილი, როგორც დედა; შვილების აღზრდის პროცესში გაქვთ თუ არა პრინციპები ჩამოყალიბებული, რა ფაქტორები არის ყველაზე მნიშვნელოვანი მათთან ურთიერთობის პროცესში?
– იყო მშობელი ძალიან რთულია. ჩემთვის ბავშვთა უფლებები ახლო თემაა. როდესაც საჯაროდ ამ უფლებებზე საუბრობ, ბუნებრივია, რომ ოჯახში საწინააღმდეგოდ არ უნდა მოიქცე, ამიტომ დედობა ძალიან დიდი გამოწვევაა. ორი შვილი მყავს 15 და 8 წლის, მათ იციან, რომ ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ვმუშაობ. ჩვენ შორის არის ურთიერთსწავლება. ბავშვები მასწავლიან როგორი მშობელი უნდა ვიყო და მეც ვცდილობ, რაღაცები ვასწავლო.
ხშირად აღნიშნავენ, რომ ყოველი წარმატებული მამაკაცის უკან დგას მზრუნველი ქალი, რომლიც ეხმარებოდა მას სირთულეების დაძლევაში. თქვენ თუ ემხრობით ამ მოსაზრებას და თუ შეგიძლიათ, რომ მითხრათ ვინ დგას ძლიერი ქალის უკან?
– საქართველოში, როგორც წესი, წარმატებულ კაცებს იცნობენ და ალბათ, ამიტომ დაიბადა ეს აზრი. მე ასე ვიტყოდი – ყველა წარმატებული ადამიანის გვერდზე (და არა უკან) დგას მეორე, მესამე ან რამდენიმე ადამიანი. სოციალური მხარდამჭერი წრე მუდამ გვაძლიერებს. 1998 წლიდან დღემდე სტუდენტი ვარ და ჩემი მეუღლე ამ დროის განმავლობაში ჩემ გვერდზე დგას, მე მის გვერდით. შესაბამისად, ქალის ან მამაკაცის გამოყოფა არ მგონია სწორი. ჩვენ ზოგადად ვდგავართ ერთმანეთის გვერდით.
საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გაქვთ. შეგიძლიათ მითხრათ როგორ ახერხებთ განტვირთვას, თავისუფალ დროს როგორ ისვენებთ?
– რთული კითხვაა. თავისუფალი დრო ფაქტობრივად არ მაქვს, რადგან ის თავისუფალი დრო რაც უნდა მქონოდა, გადავწყვიტე, რომ დამეხარჯა ჩემს სწავლაზე. სამი ბაკალავრიატი მაქვს დამთავრებული და მესამე მაგისტრატურას ვამთავრებ, მაგრამ ჩემი არჩევანია და არ ვწუწუნებ.
მაინტერესებს ხართ თუ არა გურმანი და რამდენად გიყვართ ქართული ტრადიციული სამზარულო, რამდენად ხშირად ამზადებთ თავად და საკუთარი საფირმო კერძი თუ გაქვთ?
– გურმანი არ ვარ, შაბათ–კვირას მარტივად მოსამზადებელ კერძს ვაკეთებ ხოლმე. დიდი დრო არ მაქვს ვიფიქრო რას შევჭამ, ჩემთვის მისაღებია საჭმელი, რომელიც საშუალებას მომცემს გავაგრძელო მუშაობა და სწავლა. ჩემი მეუღლე ჩემზე ბევრად კარგად ამზადებს. დღეს დილით სკოლაში წასაღებად ჩემმა შვილმაც მოამზადა და ძალიან მიხარია.
საყვარელი წიგნი თუ გაქვთ, ან ნაწარმოები, რომელმაც გავლენა იქონია შემდგომში თქვენზე?
– ჩემი საყვარელი წიგნია „ნუ მოკლავ ჯაფარას“ ხშირად შვილებთან ურთიერთობის დროს რაღაცებს სწორედ ამ წიგნიდან ვუყვები ხოლმე, ამიტომ ზუსტად ვიცი ეს ჩემი საყვარელი წიგნია. მქონია დილემურ გადაწყვეტილებებს შორის არჩევანის გაკეთების დროს კრიზისი – გავაკეთო საჯარო განცხადება თუ არ გავაკეთო, დავუპირისპირდე ვინმეს, თუ არ დავუპირისპირდე და ამ წიგნში პასუხები მიპოვნია.
როგორ ფიქრობთ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი? წარუმატებლობის დროს გზის გაგრძელების საშუალებას რა გაძლევთ?
– ბრძოლას უალტერნატივოდ აქვს აზრი. წარმატების საკუთარი დეფინიცია მაქვს, სტაბილურობა მიყვარს, ამიტომ ერთჯერად დიდი აფეთქებები არ მომწონს, რადგან ადამიანს უჭირს თავი დაიხსნას ხანგრძლივი ემოციებისაგან. როდესაც წარმატებას ვაღწევ, ვფირობ, კიდევ რა არის გასაკეთებელი, ასეა წარუმატებლობის დროს. კიდევ ერთი მეთოდი არის ის, რომ ვიხსენებ ჩვენი ორგანიზაცია ვის დახმარებია და ვისი უფლებები დაგვიცავს.
2 დღის წინ გავიგეთ, რომ მარნეულის ერთ–ერთ სოფელში ელვინი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი, რომელსაც ძალიან უნდოდა ბაღში, ვერ მიდიოდა და ჩვენი დახმარებით მივიდა. ეს ყველაფერი იმდენად მავსებს, რომ ძალიან ძლიერი ძალებიც რომ ჩემ წინააღმდეგ იყოს, რაც ხშირად ხდება, უმნიშვნელო ხდება იმ ერთი ბავშვის წინაშე.
მე მაქვს ისეთი პროფესია, რომ არ უნდა შემაქონ და არც მაქვს ამის მოლოდინი. აქტივისტის პროფესია არის ის, რომ მიიღოს პირველი დარტყმა. ადამიანები ხშირად მთხოვენ, ვთქვა ის, რისი ხმამაღლა გაჟღერებაც მათ არ შეუძლიათ. ეს ადვილი ნამდვილად არ არის, ხშირად ნეგატიური კონტექსტის კომენტარები მოდის ხოლმე ერთდროულად ჩვენი საქმიანობის მიმართ, ან გვეუბნებიან რომ რაღაც არ გამოვა, თუმცა კონკრეტული ისტორიები, ამ ყველაფერს ფარავს.
საკუთარ თავს, როგორც პერსონას, რა კითხვას დაუსვამდით?
– ხშირად ვეკითხები ჩემ თავს სად მინდა ვიყო 10 წლის შემდეგ?
სად გინდათ?
– ისევ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ადვოკატობა მომწონს, მინდა, რომ უფრო დიდი ცოდნა მივიღო, ვიყო ადვოკატი და ადამიანის უფლებები დავიცვა სასამართლოში.
ნანუკა მაღლაკელიძე