ბაზარზე ახალი, განსხვავებული ქართული პროდუქცია-ჰუდები გამოჩნდა. TwoSix მთის სიყვარულით დაწყებული სტარტაპია, რომელიც ორმა ქართველმა მოსწავლემ სამი თვის წინ შექმნა. 17 წლის ჯუბა პატიაშვილმა და 14 წლის ანო ჭარელიშვილმა კომპანიის დაარსება მოახერხეს და ონლაინ მაღაზიაც გახსნეს. „თბილისი თაიმს“ ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯუბა პატიაშვილი ჰუდების შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.
თქვენს შესახებ რომ მომიყევთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ჰუდები?
– მე და ჩემს მეგობარს გვაერთიანებდა მთა და მთის სიყვარული, შემდეგ უკვე სრიალი და სულ ბოლოს გუდაური. ორივე კარგი მოთხილამურეები ვართ და სულ თავიდან ეს პროდუქტი გვინდოდა შეგვექმნა ჩვენთვის, რადგან ბაზარზე მსგავსი ხარისხიანი პროდუქცია არ არსებობდა. მას შემდეგ, რაც გავიაზრეთ, რომ საკმაოდ საინტერესო, კრეატიულ და განსხვავებულ საქმეს ვაკეთებდით, ჩვენი ასაკის მიუხედავად, გადავწყვიტეთ რეალურად დაგვეარსებინა კომპანია.
რამდენი ხანია რაც არსებობთ და როგორ შეხვდა მომხმარებელი ამ სიახლეს?
– TWOSIX LTD ოფიციალურად 26 ოქტომბრიდან მუშაობს, ანუ სულ რაღაც 3 თვე გავიდა. მიუხედავად იმისა ,რომ ცოტა ხანია გასული მას მერე რაც ბაზარზე ვართ, ჩვენი კომპანია, დიზაინები და პერსონაჟი WILLIAM საკმაოდ ცნობილი გახდა ხალხისთვის.ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა თავიდანვე დიდი ქართული კომპანიებისგან.
ჰუდების გარდა კიდევ რა სახის პროდუქციას ქმნით?
– საერთოდ დავიწყეთ მარტო უბრალო ჰუდებით და საინტერესო პრინტებით, მაგრამ ახლა უკვე სულ სხვა ეტაპზე გადავდივართ დიზაინერული ტანსაცმლის.
როგორია კონკურენცია და რითი გამოირჩევით სხვებისგან?
– ჯერჯერობით კონკურენტი ბაზარზე არ შეგვხვედრია რადგან მსგავსი რამ არავის აქვს. ვგულისხმობ HOODIE-ებს სხვადასხვა პრინტებით. ვფიქრობ, რომ ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხით და პასუხისმგებლობის დიდი გრძნობით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ საქმის სიყვარულით.
იმ სირთულეების შესახებ რომ მომიყევთ, რაც ბიზნესის დაწყებას ახლდა თან.
– საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, არასრულწლოვანს არ შეუძლია კომპანიის დაარსება და დირექტორობა. თუმცა, ძალიან დიდი შრომის შემდეგ შევძელით ნებართვის მოპოვება. საჭიროა ბევრი ხელმოწერა, მინდობილობები, გასაუბრებები და ძალიან ბევრი დრო. თვე-ნახევარი მხოლოდ ნებართვის მოპოვებას ვცდილობდით.
როგორია შექმნის პროცესი?
– ყველაფერი მზადდება საქართველოში და იკერება ხელით. მე და ჩემი პარტნიორი მივდივართ სხვადასხვა ნაჭრის მომწოდებლებთან და ვნახულობთ ახალ და განსხვავებულ ნაჭრებს. მიგვაქვს სამკერვალოში და ერთად ვადგენთ დიზაინს. შემდეგ ეს პროდუქტი იკერება , იბრენდება და იფუთება ნაჭრის ჩანთაში, რომლის გამოყენებაც შეგიძლიათ შეფუთვის გახსნის შემდეგ.. ამით ჩვენ ხაზი გვინდოდა გაგვესვა, რომ არ არის საჭირო ბევრი პოლიეთილენის პარკები და შეფუთვები, როდესაც შეგიძლია გამოიყენო ინტელექტი და გონება, შექმნა ის, რისი გამოყენებაც მომავალშიც შეიძლება.ძირითადად ვიყენებთ სპორტულ ბაიკას. ეს არის ყველაზე კარგი ნაჭერი იმისათვის რომ შექმნათ რბილი, თბილი და კომფორტული HOODIE.
ინდივიდუალური დიზაინებითაც თუ ქმნით ნივთებს?
– ინდივიდუალურ პრინტებს ვაკეთებთ. ნებისმიერ ილუსტრაციას ვაწყობთ ილუსტრატორში რომ შევქმნათ სამუშაო ფაილი და შემდეგ ყველზე მაღალი ხარისხით ვაბრენდავთ ჩვენს HOODIE-ებს.
სად შეიძლება შეძენა და როგორია ფასები?
– შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში, www.Twosix.ge , ასევე მაღაზია „გალერეა ქისა“-ში და მომავალში უკვე სხვა სპორტულ მაღაზიებშიც.
რაც შეეხება ფასებს, დაპრინტული ჰუდები 86 ლარი ღირს, დაუპრინტავი -76. ორივე შემთხვევაში შეფუთვის სახით მოჰყვება ნაჭრის ჩანთა. აღსანიშნავია ის, რომ ამ ეტაპზე გვაქვს ფასდაკლება და მომხმარებლებს დაპრინტულებიჰუდების შეძენა შეუძლიათ 76 ლარად, ხოლო დაუპრინტავის- 66 ლარად.
სამომავლო გეგმების შესახებ მოგვიყევით, რას გეგმავთ მომავალში?
– მომავალში ვცდებით ყველანაირ ჩარჩოებსა და საზღვრებს და ბევრ საინტერესო რამეს ვგეგმავთ. სულ მალე გვექნება ვიდეო რგოლი, რომლის მეშვეობითაც მყიდველი გაიგებს თუ როგორ კეთდება მათი საყვარელი პროდუქტი.
მარიამ ლეკიაშვილი







