თბილისის მასშტაბით დაავადებული ხე-მცენარეების მკურნალობა წელს ფიტოსანიტარიაში არსებული უახლოესი მეთოდების გამოყენებითა და დარგის უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციებით იგეგემება.
გარემოსდამცველი ნატა ფერაძის კითხვას თემაზე, თუ როდის და რა სქემით იგეგემება დედაქალაქში მცენარეების მკურნალობა, მერის მოადგილე მაია ბითაძემ თბილისის მერიაში გამართული ვიდეოდიალოგის მიმდინარეობისას უპასუხა.
მაია ბითაძის განმარტებით, მიმდინარე წელს მცენარეების შეწამვლის სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე დასრულებულია და გამარჯვებული დღე დღეზე გამოვლინდება.
„ფიტოსანიტარიის მიმართულებით დედაქალაქში ბევრი პრობლემა დაგვხვდა. მიდგომები ფიტოსანიტარიაში მედიცინის მსგავსად ვითარდება. როგორც აღმოჩნდა, მცენარეების მკურნალობის კუთხითადრე გამოყენებული მეთოდები მოძველებულია და ნაკლებ ეფექტს იძლევა. წელს კი მცენარეების მკურნალობას ახალი მეთოდებით დავიწყებთ. გეგმიური შეწამვლის სამუშაოები გასულ წელსაც მიმდინარეობდა. მეორე გამოწვევა დაგვხვდა, ასევე, წიწვოვან მცენარეებთან, ე. წ. შავ ფიჭვებთან დაკავშირებით. სოკოვანი დაავადების გარდა მათ, დამატებით, აღმოაჩნდათ სხვა დაავადებაც, ე. წ. ტამიკუსი, რომელიც არ ექვემდებარება განკურნებას. ჩვენ ამ მიმართულებითაც წელს მასშტაბური ღონისძიებები გვაქვს დაგეგმილი. პარტნიორები კი არიან ჩვენი უცხოელი ექსპერტები, რომლებთან თანამშრომლობასაც, ვფიქრობთ, მომავალში უფრო ინტენსიურად განვახორცილებთ და ფიტოსანიტარიის მიმართულებას თბილისში თანამედროვე რელსებზე დავაყენებთ“, – განაცხადა მაია ბითაძემ.