“-20%” – ასე ჰქვია ღვინოს, რომელიც დღევანდელ ქართულ რეალობას სულ რაღაც ერთი წელია, ასახავს. იდეა საოკუპაციო ხაზთან გაჩნდა და, სულ მალე, გახორციელდა კიდეც. სამომავლოდ, რეალიზების მასშტაბების გაზრდა და ღვინის უცხო ქვეყნებში გატანა იგეგმება. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს ნიკა მარკოზაშვილი პასუხობს.
საიდან გაჩნდა იდეა, რომ ღვინო ფორმატით გეწარმოებინათ?
ოჯახში, ტრადიციულად, ვაწარმოებთ ღვინოს – პაპაჩემი, მამაჩემი და, ახლა უკვე, მე. ეს ღვინო პირადი მოხმარებისთვის იყო გამიზნული. შემდეგ უკვე, გამიჩნდა სურვილი, რომ ის ბოთლებში ჩამომესხა და, პირველ ყოვლისა, გამიზნული ყოფილიყო სტუმრებისთვის – ისევ პირადი მოხმარებისთვის, მაგრამ, უკვე, ბოთლებში ჩამოსხმული. ვფიქრობდი, რა შეიძლებოდა, დამერქმია ღვინისთვის. გამომდინარე იქედან, რომ წარმოშობით საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლიდან, დიციდან ვარ, გადავწყვიტეთ, ღვინოს რქმეოდა “-20%”, რომელიც, რეალურად, იმ მიზანს, იმ წარმოშობასა და იმ შეტყობინებას ასახავდა, რასაც საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია ჰქვია.
როგორი გამოხმაურება მოჰყვა იდეას?
ეს იდეა 2018 წელს გაჩნდა. პირველი პარტია საცდელად ჩამოვასხი, რამაც, დაახლოებით, 100 ბოთლი შეადგინა. ეტიკეტი, თავდაპირველად, ცოტა სხვანაირი იყო. შემდეგ, ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა – მოეწონათ იდეა და დაინტერესდნენ, სად შეეძლოთ, შეეძინათ. ამის პარალელურად, უკვე გაჩნდა იდეა, რომ ადამიანებისთვის, ვისთვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვანია (ტურისტები, საქართველოს მოქალაქეები), მიგვეწოდებინა პროდუქტი, რომელიც იქნებოდა კარგი ხარისხის ღვინო – ტრადიციული მეთოდით დაყენებული. პლუს, იქნებოდა იმ შეტყობინების მატარებელი, რასაც ტერიტორიების ოკუპაცია ჰქვია.
ძალიან ბევრმა ტურისტმა არ იცის საქართველოს შესახებ. მივიჩნიეთ, რომ ამ მეთოდით მივაწვდიდით ინფორმაციას ოკუპაციის შესახებ. შემდეგ უკვე, გავაკეთეთ ბრენდინგი – შევქმენით ახალი ლოგო, ახალი ეტიკეტი, რომელიც შესაბამის ინფორმაციებს მოიცავს.
რა უახლოესი გეგმები გაქვთ?
უახლოეს მომავალში, გამოვა “გორული მწვანისა” და “ჩინებულის” მიქსი. სავარაუდოდ, გაზაფხულიდან, რამდენიმე მაღაზიაში გაიყიდება ეს ღვინო. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაოდენობა არის შეზღუდული და ღვინო იქნება კონკრეტულად ამ სოფლის ყურძნის მარცვლებისგან დამზადებული.
დღესდღეობით, რა მოცულობის ღვინოს აწარმოებთ?
ამ ეტაპზე, ჩემი წარმოების მოცულობა არ არის, მაინცდამაინც, დიდი. მაგრამ ამ სოფლის მიმდებარედ სხვა ფერმერებიც, გლეხებიც აწარმოებენ ამ სახეობის ყურძენს, აქვთ ვენახები. სამომავლოდ, ვაპირებ, რომ უკვე ამ ადამიანებისგანაც შევისყიდო ეს ყურძენი და დავამზადო გაცილებით მეტი მოცულობის ღვინო. ის იქნება, კომერციულად, მეტ-ნაკლებად, მომგებიანი და, ამასთან ერთად, შესაბამის ფერმერებს გარკვეულ შემოსავალს მაინც გაუჩენს. ამ შემთხვევაში, დიდ რაოდენობაზე არ არის საუბარი, მაგრამ მცირეოდენით მაინც იქნება მათთვის შემოსავალი. მთავარი იდეა კი ის არის, რომ ეს ღვინო მოხვდება, პირველ ყოვლისა, საქართველოში და, უფრო მეტად, მას ის ადამიანები იყიდიან, რომლებიც მიდიან საზღვარგარეთ და აკეთებენ პრეზენტაციას საკუთარი ქვეყნის წარსადგენად. ამისთვის ეს ღვინო ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
თუ გეგმავთ, რომ საქართველოს ფარგლებს გაცდეთ?
დიახ, ვგეგმავ. დაინტერესება იყო ლვოვიდან – რამდენიმე ბოთლი მე გავატანე ერთ-ერთ უკრაინელს. იქ ადგილობრივ სომელიეს გაასინჯეს და იდეა ძალიან მოეწონათ. კიდევ მთხოვეს, რომ, დამატებით, რამდენიმე ეგზემპლარი გამეგზავნა. სავარაუდოდ, სამომავლოდ, მათღანაც ვითანამშრომლებთ. პლუს კიდევ, დამიკავშირდნენ საფრანგეთიდან და მითხრეს, რომ იდეა არის ძალიან კარგი. მათაც მთხოვეს რამდენიმე საცდელი ბოთლის მიწოდება. ესეც სამომავლოდ არის დაგეგმილი იმიტომ, რომ, მეტ-ნაკლებად, ხარჯებთან არის დაკავშირებული. სამომავლოდ, იგეგმება ექსპორტი ამ ქვეყნებში და არამხოლოდ ამ ქვეყნებში.
უფრო მეტად, დაინტერესებულნი არიან ფიზიკური პირები, რომლებიც მიდიან საზღვარგარეთ და სურთ, იმ იდეის მატარებელი პროდუქცია წაიღონ, რომელიც მათი ქვეყნის რეალობას ასახავს.
ავტორი: მარიამ ტიელიძე