ავტომფლობელებისა და მძღოლებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო გახდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების დროს, სხვის ავტომობილს ან ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, ზარალს სადაზღვევო კომპანია აანაზღაურებს.
სადაზღვევოსთვის გადასახდელი ყოველთვიური თანხის ოდენობა ავტომობილის კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება. მძღოლები, რომლებიც მესამე პირის დაზღვევაზე უარს იტყვიან, დაჯარიმდებიან.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა. ინიციატორი მთავრობა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურია.
კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევის ფასები იქნება:
– მოტოციკლისათვის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია – 75 – 110 ლარი;
– მსუბუქი ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს, ხოლო დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს არ აღემატება – 100 – 150 ლარი;
– ავტობუსისათვის, რომლის დასასხდომი ადგილების (გარდა მძღოლის ადგილისა) რაოდენობა 8-ს აღემატება – 160 – 240 ლარი
– სატვირთო ავტომობილისათვის, რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა 3 500 კგ-ს აღემატება – 210 – 310 ლარი;
– მისაბმელისათვის – 50 – 75 ლარი;
– სასოფლო-სამეურნეო მანქანისათვის, სპეციალიზებული თვითმავალი მანქანისათვის – 60- 90 ლარი.
კანონით ასევე განისაზღვრება ჯარიმებიც, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე გადაადგილებისთვის მძღოლს დაეკისრება:
მოტოციკლის, მსუბუქი ავტომობილის, სასოფლო–სამეურნეო და სპეციალიზებული თვითმავალი მანქანის ან მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაზღვევის არ არსებობის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდება.
ავტობუსის (რომლის დასასხდომი ადგილების რაოდენობა 8-ს აღემატება) ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომლის ნებადართული მაქსიმალური მასა აღემატება 3 500 კგ-ს) მძღოლის მიერ სამართალდარღვევა კი, 200-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს.
ამასთან, მძღოლს ჯარიმასთან ერთად, სავალდებულო დაზღვევის შესაძენად 72-საათიანი ვადა მიეცემა და თუ ამ ვადაში მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობა კვლავ დაუზღვეველი იქნება, ის მეორედ დაჯარიმდება.