სოციალურმა მუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს. ამის შესახებ სოციალური მუშაკების ნაწილმა განცხადება პრესკონფერენციაზე გააკეთა.
მათი ინფორმაციით, გაფიცვა დღეიდან შეწყდება. როგორც სოცმუშაკებმა განაცხადეს, მათ პროფესიული კავშირის შექმნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
“სოციალურმა მუშაკებმა კოლექტიური დავა სოციალური მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ წამოვიწყეთ 2019 წლის 8 თებერვალს. ჩვენი მოთხოვნები შეეხებოდა, როგორც სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, ასევე ბენეფიციარებისთვის მომსახურებების შექმნასა და გაუმჯობესებას. თვენახევრიანი მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ ვისარგებლეთ გაფიცვის კონსტიტუციური უფლებით და 25 მარტიდან გავიფიცეთ. გაფიცვიდან მხოლოდ მე-4 დღეს მოხდა შეხვედრა მინისტრსა და გაფიცულ სოციალურ მუშაკებს შორის. აღნიშნულ შეხვედრაზე ჩვენი მოთხოვნების მხოლოდ მცირე ნაწილზე მოხდა შეთანხმება, თუმცა, ამ შეთანხმების პირობები ამ ეტაპზე მხარეთა შორის არ არის დოკუმენტირებული და ხელმოწერილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის არ არის დაკმაყოფილებული ჩვენ მიერ წამოყენებული მოთხოვნების უმნიშვნელოვანესი ნაწილი”,- განაცხადეს სოციალურმა მუშაკებმა.
მათივე ინფორმაციით, შეთანხმება მოხდა შემდეგ საკითხებზე: სოციალური მუშაკის სამუშაო განიტვირთა ტექნიკური საქმიანობისგან, ასევე, სოციალური მომსახურების ცენტრებში გამოიყო 12 მანქანა და მაისის ბოლომდე იგეგმება კიდევ 18 მანქანის დამატება.
“ხოლო მაისის ბოლომდე დასრულდება მოლაპარაკებები ტაქსის კომპანიებთან, რათა საჭიროების შემთხვევაში მოხდეს სოციალური მუშაკების ტრანსპორტირება; 12 იურისტი დაემატება სოციალური მომსახურების ცენტრებს. გამარტივდა “ექსპერტიზის ბიუროსთან” ხელმოწერის პროცედურა; დაემატა 1 ფსიქოლოგი თბილისში; დაიგეგმა ინფრასტრუქტურისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით ტენდერის გამოცხადება. ამასთანავე 1-ელ აპრილს განცხადებით მივმართეთ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ასევე სოციალური საკითხებისა და ჯანდაცვის კომიტეტს და ვთხოვეთ პარლამენტს მისი საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებს შორის კოორდინაცია, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს სოციალური მუშაკებისა სამუშაო პირობების გაუმჯობესება. იმავე დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 15 აპრილს ჯანდაცვის კომიტეტში დაბარებული არიან ფინანსთა და სოციალური დაცვის მინისტრები სოციალური მუშაკების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად ფინანსების მობილიზების საკითხზე სამსჯელოდ”,- განაცხადა სოციალურმა მუშაკმა ზოია შეხოვცევამ.
როგორც სოციალურმა მუშაკმა თეა მაღრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმება ვერ მოხდა შემდეგ საკითხებზე: 1) არ შექმნილა მეურვეობისა და მზრუნველობის სისტემაში არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საბჭო მათ მიერ მოთხოვნილი შემადგენლობით, სადაც უნდა შევიდნენ, როგორც პრაქტიკოსი სოციალური მუშაკები, ასევე დარგის ექსპერტები და არასამთავრობო ორგანზიაციები. 2) არ მომხდარა სოციალური მუშაკების ხელფასის განაკვეთის ზრდის განხილვა. 3) საპროცესო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დაიგეგმა სხვა უწყებებთან მოლაპარაკებების წარმოება, ასევე უწყების შიგნით საკითზე მუშაობა, თუმცა, ჯერჯერობით საკითხი რჩება ღიად.
“მიუხედავად ამისა, ჩვენ ვწყვეტთ გაფიცვას და დღეიდან ვუბრუნდებით სამუშაო პროცესს და ველოდებით პარლამეტის მხრიდან საზედამხედველო ფუნქციის ჯეროვნად შესრულებას. ამასთანავე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან ჟღერდებოდა ინფორმაცია, რომ გაფიცვის პერიოდში ბენეფიციარების მომსახურება სოციალური მომსახურების სერვისცენტრებში შეუფერხებლად მიმდინარეობდა, სახალხო დამცველის მონიტორინგმაც ცხადყო, რომ რეაგირება ხდებოდა მხოლოდ ახალ განცხადებებზე. ჩვენ და ყველა ადამიანი, რომელიც იცნობს სოციალური მუშაობის და ბავშვზე ზრუნვის სპეციფიკას, იაზრებს, რომ სოციალური მუშაკის როლი ჩაუნაცვლებელია და სხვა სფეროს წარმომადგენლები ვერ შეასრულებენ სოციალური მუშაკის მოვალეობებს. ჩვენ გაფიცვის რეჟიმშიც ვაგრძელებდით სატელეფონო კონსულტირებას და ვგრძნობდით პასუხისმგებლობას ჩვენს მიმდინარე შემთხვევებზე, ბენეფიციარების ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და სიცოცხლეზე”, – განაცხადა მაღრაძემ.