შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა და 2018 წლის დანაშაულის სტატისტიკა გააცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს დანაშაულის ცალკეული მიმართულებების მიხედვით სისხლის სამართლის პოლიტიკის ცვლილების საკითხები. მინისტრის განცხადებით, სტატისტიკაზე დაყრდნობით შინაგან საქმეთა სამინსიტროში მიმდინარეობს ანალიზი, თუ რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ყველა მხარის მონაწილეობით.
როგორც გახარიამ განაცხადა, სტატისტიკური მონაცემებით, რამდენიმე მიმართულებით აშკარად არის დანაშაულის ზრდა, თუმცა მძიმე, ორგანიზებული დანაშაული სამინისტროს მიერ აბსოლუტურად კონტროლდება.
„განსაკუთრებით ეს გახლავთ ისეთი დანაშაულები, როგორიცაა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული – ქურდობა, არის ასევე ფიზიკური ზემოქმედების ნაწილში დანაშაულის ზრდა, ოჯახური ძალადობა. არის მსუბუქი დაჭრების ნაწილშიც ზრდა, თუმცა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მძიმე დანაშაული, ორგანიზებული დანაშაული აბსოლუტურად კონტროლდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და ამ მუხლებით ჩვენ გვაქვს იგივე მდგომარეობა ან შედარებით კლება. ზუსტად ახლა არის ის მომენტი, როცა სადაც ზრდა გვაქვს, ეს გახლავთ წვრილმანი, ყოფით ნიადაგზე სპონტანურად ჩადენილი დანაშაული. რა თქმა უნდა ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ეფექტურობის და ხარისხიანი მუშაობის ხარჯზე გვქონდეს წარმატებები. თითოეული ჩვენი მოქალაქე წყნარად, მშვიდად შრომობდეს, არჩენდეს თავის ოჯახს, ზრუნავდეს თავის წარმატებულ მომავალზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.