ბოლო დროის განმავლობაში, ძალიან ბევრმა ქალმა გამოიტანა „სააშკარაოზე“, რომ შეუძლია, საკუთარი საქმე წარმატებით აკეთოს და ამისთვის მაქსიმალურად მოინდომოს. 26 წლის თამარ ბერიანიძეს საკუთარი საქმიანობის შერჩევასთან დაკავშირებული საინტერესო ისტორია აქვს. ამის შესახებ ის თავად მოგვიყვება.

რა ასაკში დაინტერესდი კერამიკით?

უცნაურად გახდა კერამიკა ჩემი საქმე. ბავშვობაში არ ვიცოდი ,რა მინდოდა, გამოვსულიყავი. ყოველთვის მშურდა იმ თანატოლების, ვინც თავდაჯერებულნი იყვნენ მომავალი პროფესიის დაგეგმვაში. სკოლა ისე დავამთავრე, გეზი რისკენ ამეღო, არ ვიცოდი. ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ არაა აუცილებელი, იცოდე, რა გინდა; თუმცა, უნდა ცდილობდე, იპოვო იგი და ეს არაა მხოლოდ სკოლის დამთავრების შემდგომ დასმული კითხვის პასუხი – რას აპირებ?

ინტუიციურად, გაუაზრებლად მოვხვდი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი დავამთავრე. იქ პირველად მქონდა შეხება თიხასთან. როცა დავამთავრე, მივხვდი, რომ ეს საკმარისი არ იყო და კიდევ გადავწყვიტე სწავლის გაგრძელება. არავის მოსწონდა ჩემი გადაწყვეტილება. ვერ ხვდებოდნენ ,რატომ უნდა ჩამებარებინა ხელახლა და დამეკარგა ოთხი წელი. თვითონაც ინტუიციურად მივდიოდი. არ ვიცოდი რატომ, მაგრამ რომ მინდოდა, ეს ცხადი იყო.
ამ გადმოსახედიდან ვხვდები, რომ სწორად მოვიქეცი . გაამართლა ჩემმა სპონტანურმა გადაწყვეტილებამ არა იმიტომ , რომ პროფესიულის დამთავრება არასაკმარისი იყო, პირიქით, მიმაჩნია, რომ პროფესიული კოლეჯი მოზარდს აძლევს მიმართულებას, თუ როგორ განვითარდეს და გააკეთოს სწორი არჩევანი. რთულია, როდესაც მოზარდს უწევს, მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდია ოჯახის როლი საკუთარი პროფესიის დაგეგმვაში და მათგან განსხვავებული საქმიანობის არჩევისას მხარდაჭერას ვერ გრძნობ.

ძირითადად, რას ამზადებ და რა მიზნით?

მიუხედავად იმისა, რომ კერამიკა მაინც უტილიტარული დანიშნულების ნივთად აღიქმება, ჩემი ნამუშევრები ყოველთვის ერთი კონკრეტული კონცეფციის გარშემო ერთიანდება და
გადმოსცემს დამოკიდებულებას ჩემთვის აქტუალურ საკითხებზე.

ამ მხრივ, რა წარმატებისთვის მიმიღწევია?

ჩემი ნამუშევრის პირველი გამოფენა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში შედგა, სადაც წარმოვადგინე „2002 სახლი”. ნამუშევარი შემდგომ პერიოდში გამოიფინა სასტუმრო სტამბაში, Oxygen_tbilisi No fair-ის ფარგლებში, ამჟამად, წარმოდგენილი ვარ ნამუშევრით „აბრა“ – საქართველოს გოეთეს ინსტიტუტისა და სახელოვნებო ორგანიზაცია „პროპაგანდას” ერთობლივ გამოფენაზე “shipwreck“.

როგორც ვიცი, საკუთარი საცხოვრებელი გარემოს დატოვება მოგიწია. ამის შესახებ რას მეტყვი?

ბავშვობის მნიშვნელოვანი პერიოდი გატარებული მაქვს ახალგორში და მიმაჩნია, რომ იმ გარემომ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაზე, წარმოსახვასა და ცხოვრებისეულ დამოკიდებულებებზე. 16 წლის ვიყავი, როდესაც ახალგორიდან წამოვედი. ნელ-ნელა გავიაზრე, რომ ჩემ გარშემო ყველაფერი იცვლებოდა და მათ შორის მეც არ ვიყავი გამონაკლისი. ბუნდოვანი იყო მომავალი, თუმცა, მალევე დავიწყე მუშაობა ჩემს პირველ სამსახურში სწავლასთან ერთად, საიდანაც დაიწყო ჩემი კარიერული ზრდის ეტაპები.

როგორ იმოქმედა ამ ფაქტმა იმაზე, რომ კერამიკისგან ნამუშევრები კვლავ დაგემზადებინა?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, კერამიკა გახდა ჩემი ფიქრების გადმოცემის საშუალება, ამიტომაც ნამუშევრები ჰყვება ჩემს დამოკიდებულებასა და გამოცდილებას მიღებულს იმ გარემოში, სადაც ყოველდღიურად მიწევს ცცხოვრება. მაგალითად, ჩემი პროექტი „აბრა“, უშუალოდ ეხება წეროვნის დევნილთა დასახლებაში შექმნილ სოციალურ პრობლემას. ის ვიზუალურად აღიქმება, როგორც ხელოვნების ნიმუში. ვეცადე, რომ არსებული პრობლემა დასახლებისა და ჩემი დამოკიდებულება თემის მიმართ გამეერთიანებინა და გადმომეცა თიხის დახმარებით.

რითაა განსხვავებული შენი ნამუშევრები სხვების მიერ დამზადებული კერამიკის ნამუშევრებისგან?

ჩემი ნამუშევრები ვიზუალურად წარმოაჩენენ ჩემ გარშემო არსებულ პრობლემებს – იქნება ეს სოციალური ფონი. პირადი განცდები თუ სხვა აქტუალური თემები.

გარდა ამ საქმიანობისა, ხელოვნების სხვა რომელიმე სფეროთი თუ ხარ დაინტერესებული?

ამ ყველაფრის პარალელურად, დაახლოებით, 7 წელია, ვმუშაობ სოციალურ საწარმოში „იკორთა“ – ვაკეთებ ტიხრულ მინანქარს და ვმუშაობ ვერცხლზე.

ავტორი: მარიამ ტიელიძე

Please follow and like us: