დედაქალაქის მერიამ ფესტივალი „თბილისის ცის ქვეშ“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, წელს, ფესტივალი „ჰუალინგ პარკში“ გრანდიოზულად გაიხსნა.

„მრავალფეროვანი საბავშვო პროგრამის ფარგლებში, პატარებისთვის გაიმართა სხვადასხვა თამაში, შეჯიბრი და შოუ პროგრამა. ბავშვების განწყობაზე ზრუნავდნენ ანიმატორები, ზღაპრის გმირები და ილუზიონისტი. მსურველებს ბატუტზე თამაშის, საბავშვო კინოჩვენებაზე დასწრების და სახეზე მოხატვის საშუალება ჰქონდათ. ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო კონტაქტური ზოოპარკი. სტუმრების განწყობაზე დიჯეი და სხვადახვა მუსიკალური ბენდები ზრუნავდნენ, საღამო კი ჯგუფ Loudspeakers-ის კონცერტით დასრულდა.

ნებისმიერ მსურველს სპორტულ აქტივობაში ჩართვისა და პროფესიონალებისგან ინსტრუქტაჟის მიღების საშუალება ჰქონდა. მინი ჩემპიონატებში გამარჯვებულ მონაწილეებს კი სიმბოლურად, მედლები და თასები გადაეცათ. ღონისძიებაში, ასევე, ჩართული იყო პარა სპორტის ფედერაცია და პარა ფარიკაობის ჩემპიონატიც გაიმართა. ფესტივალის ტერიტორიაზე საგამოფენო სივრცეები და სტარტაპერების კუთხეები იყო წარმოდგენილი“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროექტი წელს დედაქალაქის მერიამ VTB ბანკთან ერთად დაიწყო და მის ფარგლებში, თბილისის უბნებში, ყოველკვირეულად, სხვადასხვა სახის კულტურული, სპორტული, საბავშვო და საგანმანათლებლო აქტივობა ჩატარდება. ღონისძიებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება და მასზე დასწრება თავისუფალი იქნება.

Please follow and like us: