რა იცის საქართველოს მოსახლეობამ სპორტული განათლების შესახებ და რამდენად განვითარებულია სპორტი საქართველოში – ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, რომელშიც, ერთი შეხედვით, ადამიანები მიდრეკილნი არიან, რომ იცხოვრონ ცხოვრების ჯანსაღი წესით. თუმცა, ამ მხრივ, სიტუაცია იდეალური არ არის. იმისთვის, რომ ყოველმა ადამიანმა სწორად გაიაზროს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა, საჭიროა, ადრეული ასაკიდანვე გაუჩნდეს მას მოცემულობები, რომლებიც მისცემს მოტივაციას, აკონტროლოს დრო, საკუთარი გარეგნობა და ჯანმრთელობა.
სწორედ ამ საკითხების ირგვლივ, „თბილისი თაიმსის“ შეკითხვებს „განათლების სახლის“ დამფუძნებელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი პასუხობს.
რა დონეზეა სპორტული განათლება ჩვენს ქვეყანაში?
მდგომარეობა საგანგაშოა. საერთოდ, საქართველოში საზოგადოებას წაროდგენა არ აქვს სპორტული განათლების შესახებ. ეს არის სკოლამდელი და სკოლის აღზრდის პრობლემა, სადაც ფიზკულტურის პედაგოგები მიჩნეულნი არიან მეორეხარიხოვან ადამიანებად.სინამდვილეში, ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში ფიზიკური აღზრდის პედაგოგი არის ნომერი პირველი. პირველ ყოვლისა, სწორედ ეს უნდა გამოსწორდეს. ფიზიკური აღზრდის კულტურა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ ერი იქნება ჯანმრთელი, თუ ის იქნება ჯანსაღი, მაშინ ძალიან ბევრი სფერო მოწესრიგდება. მაგრამ ჩვენ საქმე გვაქვს მძიმე სიტუაციასთან, სადაც ადამიანებს ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ ფიზიკურ აქტივობებზე, სწორ კვებაზე. შედარებით გვიან პერიოდში, როდესაც „მოდაში“ შემოვა ხოლმე, მაშინ წყვეტენ ქალები და კაცები, საკუთარი სხეული აკონტროლონ. აქედან ჩანს, რომ მთლიანი საზოგადოების 90%-ს აქვს პრობლემა სპორტულ განათლებასთან მიმართებით. ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია უმძიმესია, რაც აისახება არა მხოლოდ გარეგნობაზე, არამედ – ჯანმრთელობაზე.
გარდა იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ცუდი ჰაერია, ამასთანავე, ცუდი ფიზიკური მდგომარეობა იწვევს უარავ დაავადებას. ფიზიკური ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ყოველდღიური აქტივობა – იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ დაავადებები.
ერთ მაგალითს მოგიყვანთ. თეატრმცოდნეა, ნოდარ გურაბანიძე, რომელთანაც მე ვმეგობრობ და მისგან რჩევებს ვიღებ ხოლმე. 89 წლის გახდა რამდენიმე დღის წინ. ეს კაცი ყოველ დილით ჩოგბურთს თამაშობს და შემდეგ ცურავს, მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. ძალიან ბევრ ახალგაზრდაზე უკეთ გამოიყურება. პრაქტიკულად, არც კი აქვს ჯანმრთელობის პრობლემა. მე მიმაჩნია, რომ, გარდა კარგი პედაგოგებისა და ტრენინგებისა, სკოლებში კარგი იქნებოდა ამ მიმართულებით საგანგებო საგანმანათლებლო ღონისძიებების მოწყობა.
ვის მიერ უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები?
ეს ხელისუფლების გასაკეთებლია. ამერიკაში გარეუბნები არის ტყეში. აქ ჩოგბურთის კორტები არის სრულიად უფასო. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ნებისმიერ დროს დაკავდეს ფიზიკური ვარჯიშებით მაშინ, როდესაც, მაგალითად, თბილისში მშობელმა რომ გადაწყვიტოს, ჩოგბურთზე შეიყვანოს საკუთარი შვილი, ეს დაუჯდება მას კატასტროფულად ძვირი. მთავრობისგან უნდა გადაიდგას აქტიური ნაბიჯები, რომ წრეები იყოს უფასო და ყველასთვის ხელმისაწვდომი.შესაძლოა, ბავშვები პროფესიონალები ვერ გახდნენ, მაგრამ მათ ჩამოუყალიბდებათ ჯანსაღი ცხოვრების კულტურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
რა შემთხვევაში არის შესაძლებელი, რომ ფიზიკური დატვირთვის მოცულობამ მოზარდზე უარყოფითად იმოქმედოს?
ზომიერება ყველაფერში აუცილებელია. ძალიან მძიმე ფიზიკური დატვირთვა, რა თქმა უნდა, არ შეიძლება. ამასაც თავისი ცოდნა, განათლება და კულტურა სჭირდება. არ შეიძლება დღეში ერთხელ ვარჯიში და ისიც ძალიან დატვირთული. ეს ყველაფერი უნდა იყო გეგმაზომიერი და კარგად უნდა გადავანაწილოთ. დილის გამამხნევებელი, მსუბუქი ვარჯიში ნებისმიერი ადამიანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი – ყოველდღიურად.
რა მიზეზებს გამოყოფდით, რაც საქართველოში ხელს უშლის სპორტის განვითარებას?
უპირველესად, ხელს უშლის ის, რომ არასწორად ვაფასებთ ფიზიკურ განათლებას და სპორტის მიმართ დამოკიდებულება არაჯანსაღია. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, ფინანსური თვალსაზრისით, სპორტი არ არის ხელმისაწვდომი. არ არის შესაბამისი ცოდნა და განათლება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა შვილებს ჩამოუყალიბონ ცხოვრების ჯანსაღი წესის კულტურა. ამასთან დაკავშირებით, მაგალითისთვის, საჭიროა საინფორმაციო აქტივობების მოწყობა, საჯარო ლექციების ორგანიზება და ა.შ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამაში აქტიურად უნდა იყოს ჩართული, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ მაინც დაფიქრდნენ ადამიანები საკუთარი ჯანმრთელობისა და შესახაბამისი განათლების შესახებ.
ავტორი: მარიამ ტიელიძე