პანიკის საფუძველი არ არის, ჩვენ თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელმაც ინფლაციაზე ზეწოლა უნდა შეამციროს და ინფლაცია აუცილებლად შემცირდება, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში გაზრდილი ინფლაციის ფონზე ეროვნული ბაკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის მართებულობა და აქედან გამომდინარე გამოწვევები განიხილეს.

გადაცემის წამყვანმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს შეახსენა, რომ მიუხედავად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ორჯერ გამკაცრებისა და სავალუტო ბაზარზე ორჯერ განხორციელებული ინტერვენციებისა, ინფლაციაზე ზეწოლა არ მოხსნილა და როგორც უახლესი სტატისტიკა აჩვენებს, ფასები გარკვეულ პროდუქტებზე ორნიშნა ციფრითაც კია გაზრდილი.

გვენეტაძის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში ინფლაციაზე მნიშვნელოვანი ზეწოლა ეროვნული ვალუტის მოსალოდნელზე მეტად გაუფასურებამაც გამოიწვია, რაც ზაფხულში რუსეთის მიერ ორ ქვეყნას შორის ფრენების აკრძალვას მოჰყვა შედეგად.

„მოგეხსენებათ, რომ ზაფხულში რუსეთის მხრიდან ავიასანქციების დაწესებამ გააჩინა მოლოდინები, ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე სავალუტო შემოდინებები ფაქტობრივად შემცირდებოდა, რომ იქნებოდა ასეთი შემცირება. მოლოდინების მექანიზმი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამას შემდეგ ტურისტული შემოსავლების ფაქტობრივი შემცირებაც მოჰყვა: ივლისში -13 პროცენტით, აგვისტოში – 11 პროცენტით. აგვისტოს ბოლოს წლიურ მაჩვენებელს თუ ავიღებთ, (შემოსავლების) ზრდა ნული პროცენტია, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტორების რაოდენობა იზრდებოდა. როდესაც ეს დავინახეთ, ძალიან ცხადად ვთქვით, რომ (ეროვნული ვალუტის) ეფექტური გაცვლითი კურსის ასეთმა გაუფასურებამ, რომელმაც ბუნებრივი ტრენდიდან გადაუხვია, შეიძლება ინფლაციაზე გავლენა იქონიოს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყო (კურსის რყევა). ყოფილა პერიოდი, როდესაც კურსის გაუფასურებას ინფლაციისთვის პრობლემები არ შეუქმნია, მაგრამ ახლა, როგორც განვაცხადეთ, ამას ადგილი აქვს და ეს უკვე ქმნის პრობლემას“, – განაცხადა გვენეტაძემ.

თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი თვლის, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეროვნულ ბანკი საკმარის ბერკეტებს ფლობს იმისთვის, რომ ინფლაცია მართოს, იგი ამ ბერკეტებს იყენებს და შესაბამისად, ინფლაცია აუცილებლად შემცირდება.

„ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს. გამოვიყენეთ საპროცენტო 9რეფინასირების) განაკვეთი და ორჯერ გავზარდეთ 0.5 პროცენტით, ბოლო სხდომა რიგგარეშე იყო. ორჯერ გავყიდეთ სავალუტო რეზერვები და ორი დღის წინ 5 პროცენტით შევამცირეთ უცხოურ ვალუტაზე რეზერვების მოთხოვნა. საბანკო სექტორს ამ შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევა, რომ ეკონომიკას უცხოური ვალუტის მეტი ლიკვიდური სახსრები მიაწოდოს. ჩვენ თანმიმდევრულად ვიყენებთ ყველა იმ ბერკეტს, რომელმაც უნდა შეამციროს ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე ზეწოლის პირობები და ინფლაცია აუცილებლად შემცირდება“, – განმარტა გვენეტაძემ.

გადაცემის წამყვანმა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეახსენა, რომ უცხოურ ვალუტაში რეზერვის მოთხოვნის მაჩვენებელი კომერციულ ბანკებს გასულ წელს თავად ცენტრალურმა ბანკმა გაუზარდა. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო ეს გადაწყევტილება შეცდომა. გვენეტაძე თვლის, რომ უცხოურ ვალუტაში რეზერვების მოთხოვნის გამკაცრება ისეთივე სწორი ნაბიჯი იყო, როგორც მოცემულ ეტაპზე მისი შემცირება.

„თავის დროზე იმიტომ გავამკაცრეთ, რომ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის რისკები შეგვემცირებინა, რომელიც თავის მხრივ დოლარიზაციის მაღალი დონიდან გამომდინარეობდა. აქედან გამომდინარე, დღეს რომ ეს (უცხოური სავალუტო რეზერვები) არ გვქონოდა, მიწოდების შესაძლებლობაც არ გვექნებოდა, ისევე, როგორც არ გვექნებოდა ის (ეროვნული ბანკის) სავალუტო რეზერვები, რომელიც გავყიდეთ პირველ აგვისტოს და გასულ კვირას, რაც არ გვექნებოდა, რეზერვები მანამდე რომ არ დაგვეგროვებინა“, – ახსნა გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ე.წ. თარგეთირების რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, საშუალებას იძლევა, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები მოქნილად გამოიყენოს და შეამციროს ან გაზარდოს იმისდა მიხედვით, რა რისკებიც ქვეყნის წინაშე დგას.

„საგარეო შოკები ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ მთავარია, რამდენად შეიძლება გამკლავება. ჩვენ ამის ბერკეტები გვაქვს. შეუძლებელია შოკები ვიწინასწარმეტყველოთ, მაგრამ როცა ეს დადგება, გვაქვს საშუალება, რომ გავანეიტრალოთ და ამ პერიოდის გავლა გავაადვილოთ. პანიკის საფუძველი არ არის. ჩვენ აქტიურად ვმოქმედებთ, არის კოორდინაცია მთავრობასთან, რადგან ფინანსური სტაბილურობის საკითხები, ეკონომიკის საკითხები, ინფლაციის საკითხები საერთო საზრუნავია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს სწორი მაკროეკონომკური მიდგომა აუცილებლად შედეგებს გამოიღებს“, – განუცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „ბიზნესპარტნიორს“.

Please follow and like us: