რუსეთი 14 ოქტომბრიდან მოხსნის აკრძალვას ზოგიერთი ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის იმპორტზე, განაცხადეს საქართველოს და რუსეთის ხელისუფლებათა წარმომადგენლებმა.
ამ შეთანხმებას მხარეებმა 10 ოქტომბერს მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ მიაღწიეს, სადაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურაშვილი, ხოლო რუსეთს ვეტერინარული და ფიტოსანიტარული კონტროლის ფედერალური სამსახურის უფროსი სერგეი დანკვერტი წარმოადგენდნენ.
შეთანხმების თანახმად, რუსეთის ბაზარი გაიხსნება ქართული ციტრუსისთვის, ასევე მოიხსნება აკრძალვა ყურძენზე, ვაშლზე, მსხალზე, კომშსა და თხილზე.
ივნისიდან რუსეთმა ემბარგო მოხსნა ქართულ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე, ასევე მინერალურ წყლებსა და ჩაიზე.
14.10.13