წლების წინ, საქართველოსთვის ცნობილი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ გახდა. თავიდანვე, ის მაყურებელმა აღიქვა, როგორც გამორჩეული. პროფესიონალმა მოცეკვავემ, ნელ-ნელა, საზოგადოების დიდი ნაწილის ყურადღება და ინტერესი დაიმსახურა. სულ ცოტა ხნის წინ კი, მან საკუთარი თავი მორიგ პროექტში გამოსცადა და გაიმარჯვა კიდეც. „თბილისი თაიმსი“ ოთო ფოლადაშვილის პერსონას გთავაზობთ.
შეიძლება ითქვას, რომ ცეკვა მან სრულიად შემთხვებით დაიწყო. ხუთი წლის იყო, როდესაც, მშობლებთან ერთად, მოსაცდელში ელოდებოდა ხოლმე თავის დას, რომელიც ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა. ერთხელაც, როდესაც გარეთ ლოდინი მობეზრდა, დედამისს უთხრა, რომ სურდა, შესულიყო ოთახში და ყველაფერი საკუთარი თვალით, პირისპირ ენახა. ამის შემდეგ, ნელ-ნელა, დაიწყო მისი კარიერა და ცეკვა მისი პროფესიული არჩევანი გახდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისთვის მოვლენები ძალიან წარმატებულად განვითარდა – ცეკვები მან უფროსი ასაკის ჯგუფში დაიწყო. სულ მალევე, ცეკვის პედაგოგები უკვე აღნიშნავდნენ, რომ ოთოს ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდიოდა.
„მე ვიყავი ის, ვინც ბოტასებით დაიწყო ცეკვა. მერე ჩატარდა ღია გაკვეთილი და გადმოცემით ვიცი, რომ, თურმე, ყველაზე კარგად მე ვცეკვავდი. მერე ისე მოხდა, რომ ჩემი და აღარ ცეკვავს და მე ამ სფეროს გავყევი“.
ყველაფრის კვალდაკვალ, ოთო არაერთი პრიზის მფლობელი გახდა. კავკასიის, საქართველოსა და თბილისის მასშტაბითმან მრავალჯერ დაიკავა პირველი ადგილი.
ხუთი წელი იქნება, რაც მას და მოცეკვავე ჯულიანა ბარგნარს ცეკვის საკუთარი სტუდია აქვთ და ჩემპიონებს აქტიურად ზრდიან.
„იმარჯვებენ ყველგან, სადაც კი მონაწილეობენ. კიდევ ბევრს უნდოდა ჩვენს სტუდიაში მოსვლა, თუმცა, სტუდიის ადგილ-მდებარეობიდან გამომდინარე, საბურთალოს ფილიალში სიარულს ზოგიერთი ვერ ახერხებდა. ახლა ვარკეთილში მეორე ფილიალიც გავხსენით, რომელიც კარგად მუშაობს. აქაც ძალიან კარგი ნაკადი მოვიდა. დავიწყეთ ახალი სასწავლო სეზონი და ვემზადებით მორიგი კონკურსებისთვის. ძალიან დაძაბულები ვართ, რადგან გვინდა,დაიხვეწონ და კარგი მოცეკვავეები გახდნენ, იყვნენ გამორჩეულები“.
გარდა ცეკვებისა, ამ ეტაპზე, რით ხარ დაკავებული?
ძალიან ბევრი ტურნირი გვაქვს საზღვარგარეთ. გარდა ამისა, მაგისტრატურაზე ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში – ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, რაც ცალკე დროსა და ენერგიას მოითხოვს.
მთელმა საქართველომ იცის, რომ ოთომ გაიმარჯვა პროექტში „ყველაზე ძლიერი“. პირველი სეზონი განსაკუთრებულად წარმატებული სწორედ მისთვის აღმოჩნდა.
თავდაპირველად, თუ გქონდა მოლოდინი, რომ სწორედ შენ იქნებოდი გამარჯვებული?
ზოგადად, მე სიახლეებს არ ვუშინდები და გამოწვევებზე უარს არ ვამბობ, მით უმეტეს, თუ ის ჩემთვის საინტერესოა. მივიჩნევ, რომ ვარ ექსტრემალი. მიზიდავს ყველაფერი, რაც ექსტრემსა და ადრენალის ეხება. მთელი ცხოვრებაა, ვვარჯიშობ, შესაბამისად, ყოველთვის ფორმაში ვარ. მაგრამ, ჩემს განვლილ ცხოვრებას რომ გადავავლე თვალი, აღმოვაჩინე, რომ ერთი ერთზე არასდროს არავის შევჯიბრებივარ – ძირითადად, მეწყვილესთან ერთად ვარ ხოლმე ან – ანსამბლში. ამიტომაც დამაინტერესა, რას ვიზამდი ამ პროექტში.
ჩემს ბავშვობაში იყო ბევრი მსგავსი პროექტი და სულ მინდოდა მონაწილეობის მიღება. რომ დამირეკეს და „ყველაზე ძლიერის“ შესახებ მითხრეს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეგიდით ჩატარდა, ისიც მითხრეს, რომ ფიზიკური და ფსიქოლოგიური შესაძლებლობების ზღვარზე მომიწევდა გავლა. აქ აღმოვაჩინე, რომ იმაზე კარგ ფორმაში ვყოფილვარ, ვიდრე ეს მე მეგონა. ფსიქოლოგიურადაც გაცილებით ძლიერი ვყოფილვარ. ფაქტის წინაშე რომ დავდექი, ბოლოს ისე გამოვიდა, რომ, საბოლოოდ, პროექტის გამარჯვებული გავხდი.
საკუთარ თავს რა თვისებებით დაახასიათებდი?
ძალიან მაინტერესებს ხოლმე ჰოროსკოპებთან დაკავშირებული რაღაცები, ვარ მორიელი. ვკითხულობდი, რა თვისებებით ხასიათდება ზოდიაქოს ეს ნიშანი. აღმოჩნდა, რომ შეესაბამება სიტყვა „ძლიერი“. პროექტი ამ დროს ახალი მოგებული მქონდა. პიდადად ჩემს თვისებებს რაც შეეხება, ვარ მიზანდასახული და მებრძოლი.
ავტორი: მარიამ ტიელიძე