„თოი არტი“ არის ხელნაკეთი კარიკატურული თოჯინების საწარმო, ბათუმელი შეყვარებული წყვილის – მარეხ ტუღუშისა და შალვა კეთილაძის წამოწყება. ერთ დროს თითქმის ყველა ჩვენგანს უოცნებია, გაცოცხლებულიყო ის, რაც ფურცელზე გადაგვქონდა. ჩვენ იმაზეც გვიოცნებია, ეარსება ნივთს, რომელიც ჩვენი ან ჩვენი მეგობრის ვიზუალის ანალოგი იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ დღევანდელ რეალობაში ეს შესაძლებელია. „თბილისი თაიმსს“ სწორედ მარეხ ტუღუშს ესაუბრა.
„ადვილად არავის მიუღია ჩემი, როგორც ამბობენ, ”ჭრა-კერვაზე” გადასვლა. ოჯახმა და მეგობრებმა ძალიან სკეპტიკურად შეაფასეს და დღემდე ვერ ეგუებიან. მთავარია, საქმროს და მე გვჯეროდა, რომ გამოვიდოდა. რასაც უნდა აკეთებდე, სიყვარულით უნდა აკეთო შენი საქმე.
შაკოს იდეა – გაგვეცოცხლებინა ბავშვების ნახატები, 2018 წლის 23 ნოემბერს გაჩნდა. თუმცა, მოგვიანებით, კარიკატურული თოჯინების ხაზი გავაგრძელეთ.
ვქმნით ადამიანზე მიმსგავსებულ კარიკატურულ თოჯინებს. მომხმარებელი გზავნის ფოტოებს და თავიდან ბოლომდე მონაწილეობს თოჯინის ფორმირებაში: რა ეცვას, რა აქსესუარი, მიმიკა უნდა ქონდეს თოჯინას. ამით ძალიან ერთობიან. თუ ჩვეულებრივ სტრესულია საჩუქრის შერჩევის პროცესი, ჩვენთან ერთად სასიამოვნოდ გადაიქცევა ხოლმე“.
როგორი იყო „თოი არტის“ პირველი ნაბიჯები?
პირველი ნაბიჯები არ იყო ადვილი. ყველაზე ცუდი მაინც კეთილისმსურველთა, მაგრამ მაინც უპრაგონო კომენტარები იყო, ან უმუშევარი ხარო და სამსახურს ლიწინ-ლიწინით მთავაზობდნენ. მიწევდა მტკიცება, რომ მე იმას ვაკეთებ, რაც მომწონს.
გავრისკეთ, მაგრამ ვფიქრობ, როცა რაღაც გულით გინდა, მთავარია, შრომა არ მოაკლო 24/7 ზე ტვინი, გული, შეუჩერებელი ძიება, რა თქმა უნდა, ფინანსები და ყველაფერი გამოგივა.
შაკო მარკეტერია. კარგად ესმის პიარი და მარკეტინგი. ხედვაც კარგი აქვს, „თოი არტში“ შექმნილი თოჯინების ყველაზე მკაცრი შემფასებელია. ის რომ არა, ალბათ, ყოველ ახალ დაბრკოლებაზე დავხურავდი წარმოებას. იმდენად რთული აღმოჩნდა ყველაფერი ერთად: ტექნოლოგიის დახვეწა, მასალების ათვისება, წარმოების გამართვა, კადრების შერჩევა, მომხმარებელთან ურთიერთობა.
მხოლოდ საქართველოში საქმიანობთ?
აქ უკვეთენ თოჯინებს ქართველები და გზავნიან უცხოეთში, ჩვენს თოჯინებს აღმოაჩენთ თურქეთში, პოლონეთში, ამერიკაში, ავსტრალიაშიც კი.
გვქონდა შემთხვევა, როცა უცხოელები დაინტერესებულან არა მხოლოდ კონკრეტული შეკვეთით, არამედ საქმიანი შემოთავაზებითაც მოუმართავთ.
“მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ აუცილებელი გახადა დამხმარე ხელოვანებთან თანამშრომლობა. მათი პროფესიონალიზმი და ხედვა, საქმისადმი დამოკიდებულება მეიმედება და მიხარია თითოული მათგანის ასეთი შემართება. ჩვენ ერთად ვქმნით “თოი არტის” ისტორიას”.
რა წარმატებებისთვის მიგიღწევიათ?
ახლახან, ძალიან მნიშვნელოვან პროექტში მოვხვდით: ბრიტანული სეზონის, დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 – ის ფარგლებში, გაიმართა NESTA-ს სამდღიანი ვორკშოპი თემაზე „შემოქმედებითი მეწარმეობის პროგრამა“. ნესტას ტრენერი, მაღალკვალიფიციური სერვისის დიზაინერი და ინოვაციების კონსულტანტი Steven Leeს არაჩვეულებრივი სამდღიანი ბიზნესმოდელირება დამეხმარა იმის აბსოლუტურ გააზრებაში, რომ კარგ, სწორ გზაზე ვდგავართ. ქვეყნის მასშტაბით 150 აპლიკანტს შორის 23 შეირჩა და ამ 23 საოცარ ხელოვან მეწარმეთა შორის მოვხვდით. ასე ერთბაშად ვეზიარეთ ბრიტანულ ხარისხსა და გამოცდილებას.
ამას მოჰყვა ისევ ბრიტანული სეზონის ფარგლებში, პირველად საქართველოში შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი. მიხარია, რომ თოი არტი ასე ნელ-ნელა იდგამს ფეხს და ჩნდება შემოქმედებითი ინდუსტრიების რიგებში.
„ისე გამოვიდა, რომ უშუალოდ თოჯინის გარდა მომხმარებელს ჩუქნი პოზიტიურ ემოციას, სიცილს. მომხმარებელი ქმნის თავის ისტორიას ჩვენს თოჯინასთან ერთად.
ზოგჯერ მომხმარებელი კლონს ან აბსოლუტურ ”მეორე მეს” ელოდება და ისეთ სასაცილო დეტალს გამოეკიდებიან ხოლმე, თავიდანვე რატომ გადაწყვიტეს შეკვეთა, იმას ვეღარ ვხვდებით.
„თოი არტი“ გაძლევს საშუალებას, გაახარო, შექმნა შენი თოჯინა-ისტორია და აჩუქო პოზიტიური ემოცია“.
ავტორი: მარიამ ტიელიძე