ელჩი და კონსული, რომელიც დანიშვნიდან სამი თვის ვადაში შესაბამისი სახელმწიფოს მხრიდან თანხმობას ვერ მიიღებს, თანამდებობიდან იქნება გათავისუფლებული.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე წარუდგინა “დიპლომატიური სამსახურის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვით, საგარეო საქმეთა მინისტრი უფლებამოსილი ხდება, მთავრობას დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართოს, თუკი ის აგრემანის მისაღებად დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში, შესაბამისი სახელმწიფოსგან პასუხს არ მიიღებს.
იგივე მოხდება კონსულების შემთხვევაშიც – ეგზეკვატურის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნიდან სამი თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, მინისტრი უფლებამოსილი იქნება კონსული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.
როგორც აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საგარეო უწყება განმარტავს, პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც რომელიმე სახელმწიფო თანახმა არ არის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური თუ საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელად დანიშნული პირი იქნას მივლენილი. ასეთი შემთხვევების დროს, დიპლომატიურო პრაქტიკა ითვალისწინებს გაგზავნილ მოთხოვნაზე არა პირდაპირ უარს, არამედ პასუხის გაჭიანურებას, რაც შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში გაგრძელდეს, ან საერთოდ არც გამოიგზავნოს პასუხი.
“გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თანამდებობაზე დანიშვნის მომენტიდან სამუშაოდ მივლინებამდე დიპლომატიური თანამდებობის პირები იღებენ თანამდებობრივ სარგოს, თუმცა რეალურად არც უწევთ ფუნქციის განხორციელება, ან რაიმე სხვა სახის სამუშაოს შესრულება”, – აღნიშნული კანონპროექტს თანდართულ განმარტებით ბარათში.
12.02.14