ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა უკვე ოფიციალურად გადაინაცვლა არასამთავრობო სექტორში, გასულ კვირას, მის მიერ დაფუძნებული, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოქალაქის” პრეზენტაცია გაიმართა. ივანიშვილმა პრეზენტაციისას განაცხადა, რომ ის სამოქალაქო სექტორიდან გაუწევს ოპონირებას მთავრობასა და მის მუშაობას, ასევე განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჟურნალისტებისა და ექსპერტების გადამზადების საკითხს.
”თბილისი თაიმსის” მორიგი ბლიც-გამოკითხვა ”მოქალაქეს” ეხება. გამოკითხული ექსპერტები, ივანიშვილის არასამთავრობო ორგანიზაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე, სამომავლო მიზნებზე და სამოქმედო არეალზე საუბრობენ.
აკაკი ცომაია: ”დრო გვაჩვენებს იმას თუ რას მოუტანს ”მოქალაქის” დაფუძნება მოქალაქეებს, ამაზე წინასწარ პროგნოზების გაკეთება შეუძლებელია. რაც შეეხება ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების სტაჟირებას, ვფიქრობ გადამზადებას, სწავლებას საჭიროებს ყველა, ეს იდეა ცუდი არ არის, გარდა ამისა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ფული იხარჯება და ბევრი ორგანიზაცია ასეთ რამეს აკეთებს, კითხვები ჩნდება იმასთან მიმართებაში, თუ რა მიმართულებით უნდა გადამზადდეს, რა კომპეტენციები უნდა მიიღონ ამ სფეროს წარმომადგენლებმა, ვინ უნდა გადაამზადოს და ა.შ. რა თქმა უნდა ძნელად დასაჯერებელია თვითონ ის ფაქტი, რომ ივანიშვილი მის მიერვე ფორმირებულ მთავრობას გაუწევს ოპონირებას, უნდა დაველოდოთ თუ როგორ წარიმართება მოვლენები, ამ ეტაპზე კი ამის წარმოდგენა ძალიან რთულია. ივანიშვილი როგორც ქველმოქმედი და პოლიტიკური ფიგურა უკვე იხილა საზოგადოებამ, მე დიდი ენთუზიაზმი და მოლოდინები არ მაქვს იმასთან მიმართებაში თუ რამდენად წარმატებული იქნება ის, ამჯერად სამოქალაქო სექტორში. როგორც ქველმოქმედმა და პოლიტიკოსმა გარკკვეულ შედეგებს მიაღწია, მაგრამ როგორც მთავრობის წარმომადგენელს მე ვაკრიტიკებდი მას და ასევე დიდი მოლოდინები არ მაქვს სამოქალაქო სექტორში მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით.”
სანდრო თვალჭრელიძე: ”ჩემი აზრით, არასამთავრობო ორგანიზაცია ”მოქალაქის” დაფიუძნება მოქალაქეებს მოუტანს სამოქალაქო თვითშეგნებას. კარგი ინიციატივა ყოველთვის დროულია და ივანიშვილმაც დროულად დააფუძნა ეს ორგანიზაცია. ორგანიზაციის პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა ჟურნალისტებისა და ექსპერტების გადამზადების საკითხს, ვფიქრობ ქართველი ჟურნალისტები და ექსპერტები აუცილებლად საჭიროებენ გადამზადებას და დამატებით სწავლების კურს, რადგანაც ეს სფეროები ახლადჩამოყალიბებულია საქართველოში. მგონია, რომ სიტყვა ”ექსპერტი” გახუნდა საქართველოში, დღეს ყველა ექსპერტია და ანალიტიკოსია. რაც შეეხება მთავრობის ოპონირებას, ვფიქრობ ივანიშვილი უცილობლად იტყვის და გააკრიტიკებს მთავრობასა და მის მუშაობას თუ კი, რაიმე არ მოეწონება. ვფიქრობ ივანიშვილი დიდ როლს შეასრულებს სამოქალაქო სექტორში, რადგანაც მისი ”მოქალაქე” იქნება პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, რომელსაც ექნება საკუთარი ფინანსები და არ იქნება დამოკიდებული დონორების კეთილ ნებაზე.”
სოსო ცისკარიშვილი: ”ცალკე განყენებული არც ერთი სამოქალაქო სექტორის სუბიექტი არ შეიძლება რაიმე ხელშესახები გავლენის მქონე იყოს, ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა იქნება გადამწყვეტი გარღვევის საბაბი ქართულ ცნობიერებაში ოცნობაზე მეტია, უბრალოდ ივანიშვილი არის მაღალი ავტორიტეტის მქოდე საზოგადოებაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდში საზოგადოების დიდ ნაწილს ქონდა მოლოდინი იმისა, რომ მათი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, შესაძლოა ამ შემთხვევაშიც ანალოგიური იმედგაცრუების წინაშე დადგეს საზოგადოება, ამიტომ ასეთი მოლოდინები არ უნდა არსებობდეს, არასამთავრობო ორგანიზაცია არ ნიშნავს საქველმოქმედო ფონდს. ივანიშვილს კარგი მიმართულებები აქვს არჩეული, უპირველესყოვლისა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და მედია ბიზნესში უფრო დამაჯერებელი და ეფექტური შედეგების მიღწევა. ამ ორგანიზაციის დაარსება უდროო ნამდვილად არ იყო, შეიძლება დაგვიანებულიც კი იყო, მაგრამ მოხდა მაშინ როცა ეს მისმა დამფუძნებელმა ჩაიფიქრა, 2014 წელს საქართველო ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას, მიზნები ბევრია, მისაღწევი საშუალებები კი მწირი, ამიტომ ეფექტურად უნდა იმუშაოს ამ ორგანიზაციამ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რომ კარგი შედეგი მიიღოს. რაც შეეხება ჟურნალისტებისა და ანალიტიკოსების საკითხს, მიმაჩნია, რომ მუდმივ ფორმაში ყოფნა არ აწყენს არც ერთი სპეციალობის ადამიანს, კვალიფიკაციის ზრდაზე ფიქრი ნამდვილად უპრიანია და კვალიფიკაციის ამაღლება ნამდვილად შესაშური საქმეა. შეძლებს თუ არა, ივანიშვილი მთავრობის ოპონირებას მალევე გამოჩნდება, მართალია პრეზენტაციაზე ივანიშვილმა ჩამოთვალა რამდენიმე ისეთი ასპექტი მთავრობის მუშაობისა, რომელიც მისთვის ნაკლებადმისაღები იყო, თუმცა რაიმე კონკრეტულ კრიტიკას ადგილი არ ქონია, როდესაც ქება ჭარბობს კრიტიკას, ამას ოპონირება არ ქვია. მხოლოდ ივანიშვილზეა დამოკიდებული თუ რა როლი ექნება სამოქალაქო სექტორში, ამა თუ იმ სფეროში ლიდერობა მისი მახასიათებელია, ის ახალბედაა სამოქალაქო საზოგადოებაში, შინაგანი მუხტი დემოკრატიისა იქნება მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, თუ რამდენად დემოკრატიული იქნება ის სივრცის ფორმირებისას.”
ვაჟა შუბითიძე: ”ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ ვინ აფუძნებს არასამთავრობო ორგანიზაციას, ისეთი გავლენიანი ადამიანი როგორიც ბიძინა ივანიშვილია, ძალიან ბევრ იმედს აღუძრავს ადამიანებს, ირგვლივ უამრავი პრობლემაა და ხალხს გაუჩნდა იმედი, რომ ივანიშვილი ამ გზით შეეცდება ამ პრობლემების მოგვარებას. ყოველშემთხვევაში ამ ორგანიზაციის დაარსება ხელს შეუწყობს სამოქალაქო აქტივობის გაზრდასა და მთავრობის კონტროლს. მოგეხსნებათ ივანიშვილი თავდაპირველად ბიზნესში მოღვაწეობდა, შემდეგ პოლიტიკაში, პოლიტიკიდან წამოსვლის შემდეგ კი ამ სფეროში გადაწყვიტა ძალების მოსინჯვა, მივესალმები თუკი ის დააფინანსებს ისეთ ქართულ პროექტებს, რომლებსაც უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციები არ აფინანსებენ, თუ ის ამგვარად წარმართავს მისი ორგანიზაციის პოლიტიკას ძალიან დიდ ზეგავლენას მოახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე. რაც შეეხება ექსპერტებისა და ჟურნალისტების გადამზადების თემას, მიმაჩნია, რომ დღეს საქართველოში იმდენად დაბალია ჟურნალისტებისა და ექსპერტების ცოდნის დონე ისინი თავიდან მომზადებას საჭიროებენ. მე მინდა ”პროფესორთა ლიგის ”, რომლის თავმჯდომარეც გახლავართ, სახელით მივმართო ბიძინა ივანიშვილს, ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ ჟურნალისტებისა და ექსპერტებისათვის ტრენინგები პოლიტიკის, იმიჯოლოგიის, საზოგადოებასთან ურთიერთობის თუ სხვა განხრით, შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში. რაც შეეხება მთავრობის ოპონირებას, მიმაჩნია, რომ ივანიშვილი მთავრობაში ყოფნის პერიოდში ერიდებოდა მისივე მოყვანილი კადრების გაკრიტიკებას, სამოქალაქო სექტორში გადმონაცვლების შედეგ, როცა არანაირი კონიუქტურა არ არსებობს, უფრო დიდი საშუალება ექნება მას მთავრობის ოპონირებისა, მთავრობა მუდმივი ოპონირების ქვეშ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ამ პროცესისას არ უნდა იქნას დავიწყებული მთავრობის მუშაობის დადებითი მხარე. ვფიქრობ ის ფაქტი, რომ ივანიშვილის ჩამოყალიბებულია ეს მთავრობა, ხელს არ შეუშლის მას ამ საქმესი. ვფიქრობ ”მოქალაქეს” მნიშვნელოვანი ნიშა ექნება სამოქალაქო სექტორში.“
17.0.14
ნინა პირტახია