საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ჟურნალისტების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრობლემის მოგვარებაში საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული.
უსუფაშვილის თქმით, რეგიონში და მეზობელ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა, რადგან პროვოკაციები თავიდან იქნას აცილებული.
,,მინდა გამოვეხმაურო ჟურნალისტების საკითხს, რომელიც გუშინ რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს და შემდეგ სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებს გადასცეს. საქართველოს მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაცია ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული, თუმცა რამე კონკრეტულის თქმა ამ დროისთვის არ შეიძლება. რაც მთავარია, განწყობა იმედიანია. როგორც ვიცით, დაკავებულები მუდმივი მონიტორინგის ქვეშ იმყოფებიან. ისინი ტელეფონითაც ესაუბრნენ ახლობლებს. ამასთან, მინდა კიდევ ერთხელ ყველას შევახსენო, რომ ურთულესი ვითარებაა მთლიანად რეგიონში და ეს ყველასგან მოითხოვს ყურადღებას და პასუხისმგებლობას. განსაკუთრებით ისეთ ტერიტორიებზე, სადაც პროვოკაციის შესაძლებლობებია. განსაკუთრებული სიფრთხილე გამოვიჩინოთ ამ დღეებში როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ყველამ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
TV3-ის ჟურნალისტი ბელა ზაქაიძე, ოპერატორი ვახო ლეკიაშვილი და ტელეკომპანიის ტექნიკური თანამშრომელი მიხეილ მიხოევი გუშინ სოფელ აძვში სიუჟეტის მოსამზადებლად იყვნენ ჩასული. ისინი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს. მოგვიანებით დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათ გუშინ ოჯახის წევრებთან საუბრის საშუალება მისცეს. ბელა ზაქაიძის თქმით, კარგად არიან და ჰპირდებიან, რომ დღეს გაათავისუფლებენ.
16.04.14