ქართული მხარე, აფხაზეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, აგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან მჭიდრო, კოორდინირებულ საქმიანობას, რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
“აფხაზეთში შექმნილ ვითარებას ვაკვირდებოდით მთელი ამ ხნის განმავლობაში, გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო თანამეგობრობასთან. შიდა კლანური დაპირისპირება, რომელიც მიმდინარეობდა აფხაზეთში, დასრულდა იმით, რომ დე ფაქტო პრეზიდენტი გადადგა. ვაგრძელებთ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ძალიან მჭიდრო, კოორდინირებულ საქმიანობას, რათა არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია. კერძოდ, ჩვენი მთავარი წუხილი იქითკენ არის მიმართული, რომ იქ შექმნილი სიტუაცია არ შეეხოს ეთნიკურად ქართველებს, რომლებიც გალში და მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ამიტომ, საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ნებისმიერი არჩევნები, რომელიც აფხაზეთში გაიმართება, არაკანონიერია.
“არც ერთი ე.წ. ხელისუფლება, რომელიც იქ იქნება არჩეული თუ დანიშნული, არ იქნება აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ”, – დასძინა ზალკალიანმა.
02.06.14